Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამნისტია უბილეთოებისათვის


საქართველოს პარლამენტი უბილეთოდ მგზავრობის გამო დაჯარიმებული მოქალაქეებისათვის ამნისტიის გამოცხადებას აპირებს. კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სასჯელისგან ის მგზავრები გათავისუფლდებიან, რომლებმაც 2010 წლის 1 აგვისტომდე საზოგადოებრივი ტრასპორტით უბილეთოდ იმგზავრეს და ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული კანონდარღვევა ჩაიდინეს. რამდენად ხშირად მზავრობენ თბილისელები უბილეთოდ და რატომ აპირებს პარლამენტი ამნისტიის გამოცხადებას?

თბილისში სამუშაო დღის განმავლობაში, რომელიც დილის შვიდის ნახევრიდან ღამის 12 საათამდე გრძელდება, შვიდასამდე ავტობუსი მოძრაობს, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის სტანდარტული ღირებულება კი 40 თეთრია, თუმცა, 2009 წელს დადგენილი წესების შესაბამისად, მგზავრი ბილეთს მძღოლისგან აღარ ყიდულობს. ავტობუსში სპეციალურად დამონტაჟებულია აპარატი, რომელიც ბილეთს სპეციალური პლასტიკური ბარათის გატარების ან ხურდის ჩაყრის შედეგად იძლევა.

მგზავრების დიდი ნაწილი ასეც იქცევა, თუმცა არც ისე მცირეა უბილეთო მგზავრთა რაოდენობა. ოფიციალური მონაცემებით, 2010 წლის განმავლობაში თბილისის სატრანსპორტო კომპანიის კონტროლიორებმა უბილეთოდ მგზავრობისათვის 70 ათასი ჯარიმა გამოწერეს. საინტერესოა, რას ფიქრობენ თბილისელები უბილეთო მგზავრების შესახებ:

„უნდა გადაიხადონ! აბა, როგორ უნდათ! 20 თეთრია და იმასაც არ იხდი? ხარჯია, ბენზინია, მძღოლს ხელფასი უნდა... თუ არ შევიდა ეს ფული, საიდან გადაიხადონ? ტყუილად ლანძღავენ კონტროლიორებს“, - უთხრა თავისუფლებას 74 წლის ჯანიკო გურგენიძემ.

კონტროლიორებს მართლაც ლანძღავენ, უფრო ხშირად კი ეურჩებიან და წინააღმდეგობას უწევენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თამაზ რობაქიძემ განუცხადა, თუმცა, მისივე თქმით, ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევა იშვიათია, პატრულის ჩარევა კი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ხდება საჭირო.

დღის განმავლობაში კონტროლიორები საშუალოდ 500-მდე სჯარიმო ოქმს ადგენენ და უბილეთო მგზავრებს ხუთ-ხუთი ლარით აჯარიმებენ, თანხის გადაუხდებლობის შემთხვევაში კი ერთი თვის თავზე ჯარიმას, საურავის სახით, 50 ლარი ემატება. კანონით გათვალისწინებული ეს სანქციები არაერთმა უბილეთო მგზავრმა გამოსცადა, თუმცა სულ ახლახან თბილისის მერია ინიციატივით გამოვიდა და, როგორც მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი ვასილ აბულაძე ამბობს, პარლამენტს 2010 წლის 1 აგვისტომდე დაჯარიმებული დაახლოებით 28 ათასამდე მოქალაქის ჯარიმისგან გათავისუფლების წინადადებით მიმართა. მერიის ამ ინიციატივას მხარს უჭერს როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე მთავრობა, რომლის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის თქმით, ამნისტია ერთჯერადი და განსაკუთრებული ღონისძიებაა:

„ვიმედოვნებ, რომ თითოეული მოქალაქე კარგად გააცნობიერებს იმას, რომ როდესაც ვმგზავრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ვალდებულები ვართ, გადავიხადოთ შესაბამისი საფასური“.

თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ვერ ანაზღაურებს გაწეულ ხარჯებს და, შესაბამისად, მგზავრობის საფასურის გადახდას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მერიაში იმასაც ამბობენ, რომ დაჯარიმებულთა რიცხვის ზრდა ბილეთის აღების წესისა და დასჯის პროცედურის უცოდინრობამაც განაპირობა და რომ, შესაბამისად, საჭიროა ამ მიმართულებით ეფექტიანი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG