Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილები დაზიანებული ავეჯის შეცვლას ითხოვენ


ერთ-ერთი კოტეჯი კარალეთის დევნილთა დასახლებაში
ერთ-ერთი კოტეჯი კარალეთის დევნილთა დასახლებაში
თვეზე მეტია დევნილთა დასახლებებში კოტეჯების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. დევნილებს გარეთ აქვთ გატანილი ავეჯი და სხვა საოჯახო ნივთები, რომლებსაც წვიმა და ნესტი აზიანებს.

კარალეთის დევნილთა დასახლება დაახლოებით ორი წლის წინათ ნაჩქარევად და უხარისხოდ აშენდა. იძულებით გადაადგილებული პირები კოტეჯებში ზამთარში შეასახლეს, მაშინ კედლები და იატაკი ჯერ ისევ სველი იყო. სამშენებლო ხარვეზებმა თავი მალე იჩინა. ზოგიერთ დევნილს ჯანმრთელობის მდგომარეობაც კი გაუუარესდა.

კარალეთის კოტეჯები სამშენებლო კომპანია ბლოკ-ჯორჯიამ ააშენა. ამ კომპანიას ხელშეკრულების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში აღმოჩენილი ხარვეზები უნდა გამოესწორებინა. მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო ნაკლი ბევრად ადრე გამოვლინდა, ბლოკ-ჯორჯიასთვის მისი გამოსწორება არავის მოუთხოვია. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კი ამ ზაფხულს კოტეჯების აღდგენისთვის ახალი ტენდერი გამოაცხადა. სულ 6 მილიონი ლარია გამოყოფილი. კარალეთის კოტეჯების სარემონტო სამუშაოებს კომპანია დაგი ახორციელებს. ტენდერის პირობებით ყველა სამუშაო ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა კოტეჯების მდგომარეობისა და დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების შესახებ მონიტორინგი ჩაატარეს და უამრავი დარღვევა გამოავლინეს. იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს არამიზნობრივ ხარჯვას, რადგან სახელმწიფოს ხარვეზების გამოსწორება ბლოკ-ჯორჯიასთვის უნდა მოეთხოვა და სარემონტოდ დამატებითი ფინანსები აღარ უნდა გამოეყო.

დევნილები ვარაუდობენ, რომ აღდგენითი სამუშაოები ზამთრამდე ვერ დასრულდება. თითოეული კოტეჯის აღდგენას ორ კვირაზე მეტი სჭირდება, ზოგგან კი მშენებლები თვეზე მეტხანსაც მუშაობენ, რადგან იქვე გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება ხდება. იძულებით გადაადგილებულ პირებს კი ისედაც უხარისხოდ გაკეთებული ავეჯი გარეთ უწყვიათ. წვიმა საოჯახო ნივთებს აზიანებს, ამიტომ დევნილები ხელისუფლებას ახალ ავეჯს სთხოვენ.
XS
SM
MD
LG