Accessibility links

2009 წლის 9 ოქტომბერს ამერიკული რაკეტა „კენტავრი“ დამიზნებით ჩამოვარდა მთვარის სამხრეთ პოლუსის კრატერში, რეგიონში, რომელიც მილიარდობით წლების მანძილზე სიბნელეში იმყოფება. რაკეტის აფეთქების შედეგად ამოფრქვეულ მასალას აანალიზებდა როგორც ზონდი, რომელიც რაკეტას რამდენიმე წუთის დაგვიანებით მისდევდა, ასევე მთვარის ორბიტული საკვლევი აპარატი. პროექტის შედეგად მოპოვებულ მასალებს აქვეყნებს ჟურნალი „საიენსი“.

გამოკვლევის მთავარი დასკვნა ისაა, რომ მთვარის პოლუსებზე, მარადბნელ რეგიონებში, მართლაც მოიპოვება წყალი. ამას ადრეც ვარაუდობდნენ მეცნიერები. ახლა კი მკვლევრები ექსპერიმენტის საფუძველზე ასკვნიან, რომ კრატერში ზედაპირის სიახლოვეს მდებარე მატერიის 5,6 %-ს წყლის ყინული შეადგენს.

პროვიდენსის ბრაუნის უნივერსიტეტის ჯგუფმა პიტერ შულცის ხელმძღვანელობით აჩვენა, რომ რაკეტამ 25-30 მეტრის სიგანისა და ორ მეტრამდე სიღრმის კრატერი წარმოქმნა მთვარის ზედაპირზე. კოსმოსში ამოიფრქვა 4000-დან 6000 კილოგრამამდე ქვები, მტვერი და ორთქლი. ეს მასა თითქმის ვერტიკალურად ავიდა ზევით, დაახლოებით 800 მეტრის სიმაღლეზე. ეს ნაწილობრივ საკმარისი იყო იმისთვის, რომ ის მზის სინათლეში მოხვედრილიყო და გაზომვითი სამუშაოების ჩატარება გამხდარიყო შესაძლებელი.

წყლის გარდა ამფორქვეულ მასაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს მთელი რიგი სხვა ქიმიური ელემენტები და ნივთიერებები: მოლეკულური წყალბადი, ნახშირწყალბადი, მსუბუქი გოგირდნაერთები, ნახშირჟანგი და ნახშირორჟანგი, კალციუმი, ტყვია და მაგნიუმი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მრავალი ამ ნივთიერებათაგანი მთვარეზე მილიარდობით წლის განმავლობაში იქნა ჩატანილი კომეტების, ასტეროიდებისა და მეტეოროიდების ჩამოვარდნით. ისინი მზის სხივების, მზის ქარისა და მიკრომეტეორიტების მეშვეობით მთვარის ზედაპირის რეგოლითიდან პოლუსებისკენ გადაადგილდა. შემდეგ მათ მარადბნელ, ცივ რეგიონებში მოიყარეს თავი.
XS
SM
MD
LG