Accessibility links

logo-print

მცირე მეწარმეები დიდი მღელვარებით იმუქრებიან


მცირე მეწარმეების საპროტესტი აქცია პარლამენტის წინ

მცირე მეწარმეების საპროტესტი აქცია პარლამენტის წინ

26 ოქტომბერს პარლამენტის წინ შეკრებილმა მცირე მეწარმეებმა გადასახადების შემცირება და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობა მოითხოვეს. აქციის ორგანიზატორთა შორის იყვნენ ხალხისა და კონსერვატიული პარტიის ლიდერები. აქციის მონაწილეთა თქმით, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მცირე მეწარმეების დაკავება და დაჯარიმება, პარლამენტმა კი უნდა მიიღოს კანონი ფიქსირებული გადასახადის დაწესებისა და დამატებული ღირებულების 5%-მდე შემცირების შესახებ.

„თავისუფლება ვაჭრობას“ - ასეთი წარწერა აქვს ტრანსპარანტს, რომლითაც ინდივიდუალური მეწარმე ლილი გეწაძე პარლამენტის წინ მივიდა. 60 წელს მიტანებული ქალბატონი ამბობს, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში გადასახადების ადმინისტრირების წესი ისე შეიცვალა და გამკაცრდა, რომ მცირე მეწარმეთა დიდი ნაწილი გაკოტრების ზღვარზე იმყოფება.

ლილი გეწაძე: „ვვაჭრობ „პასაჟში“, აღებული მაქვს პროკრედიტბანკიდან ვალი, რომელსაც ვეღარ ვიხდი: 18 პროცენტი - ერთი გადასახადი, 8 პროცენტი - მეორე“.

ლილი გეწაძის მიერ ნახსენები 8 და 18 პროცენტიანი გადასახადი ბევრ მცირე მეწარმეს აწევს მძიმე ტვირთად. 18 პროცენტი დამატებული ღირებულების გადასახადია, საქონლის ღირებულების 8 პროცენტს კი თურქეთში მხოლოდ იმის გამო იხდიან, რომ შემოსავლების სამსახური სასაქონლო ზედნადებს ითხოვს. პასუხად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი, გიორგი ცხაკაია, ამბობს, რომ ამგვარი მოთხოვნა კანონითაა განპირობებული.

თუმცა პარლამენტის წინ გამართული აქციის მონაწილენი ამბობენ, რომ გადასახადების შემცირების გარეშე ბიზნესის გადარჩენა გაუჭირდებათ. კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი, მეწარმეებს მოუწოდებს გაერთიანდნენ და საკუთარი უფლებები აქტიურად დაიცვან:

„უნდა შეწყდეს წვრილი მეწარმეების დევნა, რაც ხორციელდება სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, საბაჟოზე ხელოვნური ბარიერის შექმნით, საგადასახადო სისტემის შეგნებული გაუმართაობით. ეს მიზნად ისახავს არა ბიუჯეტის შევსებას, არამედ მათ გაკოტრებას, რათა გამოთავისუფლებული ადგილი ოლიგარქიულმა კომპანიებმა დაიკავონ. ეს რომ არ მოხდეს, უნდა შემცირდეს დღგ 18-დან 5 პროცენტამდე, დაწესდეს ფიქსირებული გადასახადი და ციხიდან გამოუშვან უკანონოდ დაპატიმრებული წვრილი მეწარმეები“.

აპირებს თუ არა ხელისუფლება 26 ოქტომბერს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნების შესრულებას, ანუ უნდა ჰქონდეთ თუ არა მცირე მეწარმეებს უახლოეს მომავალში დაბეგვრისა და გადასახადების ადმინისტრირების სისტემის შეცვლის იმედი? - რადიო თავისუფლების მიერ დასმულ ამ შეკითხვას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა ასე უპასუხა:

„პარლამენტმა მიიღო საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომელიც ამოქმედდება ახალი წლიდან. მის მიხედვით, თუ 30 ათასი ლარია წლიური ბრუნვა, საერთოდ გადასახადისაგან განთავისუფლდება მეწარმე; თუ აქვს 100 ათას ლარამდე ბრუნვა, ის გადაიხდის ფიქსირებულ, მხოლოდ ბრუნვაზე მიბმულ, გადასახადს. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია აქვს მოწესრიგებული, მხოლოდ 3 პროცენტი უნდა გადაიხადოს, თუ არადა, მაქსიმუმ - 5 პროცენტი“.

ხელისუფლებისა და მცირე ბიზნესის ურთირთობას ისიც ართულებს, რომ მეწარმეების დიდ ნაწილს არა აქვს იმის სათანადო ცოდნა, თუ როდის და რამდენი უნდა გადაიხადოს, რაც დამატებით დაჯარიმებასა და საურავების დარიცხვას იწვევს. ვითარების შეცვლის მიზნით, აქციის მონაწილეები შემოსავლების სამსახურისგან გადასახადების მკაფიო გაწერასაც მოითხოვენ, თუმცა საკუთარი უფლებების დასაცავად მაინც გაერთიანებასა და საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG