Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონთა კონგრესი მაისის თვითმმართველობის არჩევნებს ორნაირად აფასებს


სტრასბურგში 26 ოქტომბერს გაიხსნა ევროსაბჭოს რეგიონების და ადგილობრივი ხელისუფლებების კონგრესი, რომლის დღის წესრიგში სხვა საკითხებთან ერთად შეტანილია მონიტორინგის ჯგუფის რეზოლუცია და რეკომენდაციები საქართველოში მაისში ჩატარებული მუნიციპალური არჩევნების თაობაზე.

რეზოლუციის ტექსტისა და რეკომენდაციების ავტორია კონგრესის მომხსენებელი, გიუნტერ კრუგი, რომელიც მაისში საქართველოში ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებზე მყოფ დამკვირვებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

“მუნიციპალურმა არჩევნებმა საქართველოში აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიის სფეროში. კამპანია იყო კონკურენტუნარიანი და საჭირბოროტო საკითხებს ეძღვნებოდა. არჩევნების ადმინისტრაციული ასპექტების გაუმჯობესებამ პროფესიული და გამჭვირვალე პროცესი უზრუნველყო, განსაკუთრებით არჩევნების პროცესში”, - ნათქვამია რეზოლუციაში.

ამასთან, ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის დელეგაციის რეზოლუციაში აღნიშნულია ის ნაკლოვანებები, რითაც საქართველოში მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხასიათდებოდა. ძირითადად საუბარია იურიდიულ და პროცედურულ ხარვეზებზე, რამაც შესაძლოა ”ამომრჩეველთა ნდობა და მიღწეული პროგრესი შეარყიოს”. რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია „ხმების დათვლის პროცესის გაჭიანურება, ამომრჩეველთა მობილიზაციის საეჭვო პრაქტიკა და მათზე კონტროლი”.

ევროსაბჭოს რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების კონგრესს მომზადებული აქვს რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, აღმოფხვრას არსებული პროცედურული და საკანონმდებლო ხარვეზები. განახორციელოს პროგრამები საარჩევნო კომისიის წევრების სწავლისათვის; ასევე - გადახედოს იურიდიულ ნორმებს და გააძლიეროს საინფორმაციო კამპანია, რაც შესაძლებლობას იძლევა, თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება.

რეკომენდაციის პროექტის ტექსტში ასევე ნახსენებია ვენეციის კომისიის რეკომენდაციაც, რომელიც მოუწოდებს საქართველოს, დაუშვას დამოუკიდებელი კანდიდატები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპები კონსტიტუციის ტექსტში შეიტანოს. როგორც რეკომენდაციის ავტორები განმარტავენ, ეს საჭიროა იმის გამო, რომ „საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ხელისუფლება აპირებს გააუქმოს „ორგანული კანონების“ კატეგორია, რომელსაც იერარქიაში უფრო მაღალი პოზიცია უკავია, ვიდრე უბრალო კანონებს“.

რეგიონთა კონგრესი ასევე საჭიროდ მიიჩნევს, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გაძლიერდეს პოლიტიკური დიალოგი მთავრობასა და ოპოზიციას შორის. რეზოლუციის და რეკომენდაციის პროექტს კენჭს 27 ოქტომბერს უყრიან. იმავე დღეს ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის სხდომაზე სიტყვით გამოვა თბილისის მერი გიგი უგულავა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG