Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კით უიტმორი: საქართველოში პროგრესს განმტკიცება სჭირდება


ევროსაბჭოს რეგიონებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების კონგრესის ახალმა პრეზიდენტმა კით უიტმორმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება იმ „პროგრესის განმტკიცება, რასაც დემოკრატიის მშენებლობის პროცესში მიაღწია“. კონგრესზე სიტყვით გამოვიდა თბილისის მერი გიგი უგულავა. ევროსაბჭოს რეგიონების პარლამენტარებმა მიიღეს რეზოლუცია და შესაბამისი რეკომენდაცია საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის საფუძველზე.

ევროსაბჭოს რეგიონებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების კონგრესის ახალი პრეზიდენტის კით უითმორის თქმით, მას საქართველოსთან როგორც რეგიონალური, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებლად ყოფნის დიდი ხნის ისტორია აკავშირებს. როგორც ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის ახალი პრეზიდენტი ამბობს, იგი დამკვირვებლად იყო აჭარაში ასლან აბაშიძის დროს, როდესაც ის აჭარის ავტონომიის თავმჯდომარედ აირჩიეს. „თუმცა სიტყვას „აირჩიეს“ მე ფრთხილად ვხმარობ, რადგან ის იყო ერთადერთი კანდიდატი და ევროსაბჭოს შეფასებით, მაშინ ეს არ ყოფილა დემოკრატიული არჩევნები“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში კით უიტმორმა. მისი თქმით, საქართველომ მაისის მუნიციპალური არჩევნებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა დემოკრატიის სფეროში, თუმცა არსებობს ხარვეზები, რომლებიც გამოსწორებას მოითხოვს.

„ვფიქრობ, საარჩევნო უბნების თანამშრომელთა არასაკმარისი კვალიფიკაციის პრობლემა ჯერაც მოუგვარებელია. ასევე პრობლემად რჩება საარჩევნო სიების საკითხი. გარდა ამისა, საქართველოშიც და ბევრ სხვა ქვეყანაშიც ფეხმოკიდებულია ე.წ. „ოჯახური კენჭისყრის“ პრაქტიკა, როცა მთელი ოჯახი ერთად მიდის ხმის მისაცემად. ევროპის საბჭოს ეს პრაქტიკა არ მოსწონს, რადგან კენჭისყრა მკაცრად ინდივიდუალური და საიდუმლო უნდა იყოს. ჩემი აზრით, როცა არჩევნები იმართება, მის მოსამზადებლად და კენჭისყრის პროცესის ჩასატარებლად ქვეყანამ ადეკვატური სახსრები უნდა გაიღოს. ასე რომ, საქართველოში ბოლო ხანს გამართულ არჩევნებშიც იყო საკითხები, რომლებიც მოგვარებას მოითხოვს“.

მაისის მუნიციპალური არჩევნების დროს საქართველოში გამოვლენილი ხარვეზები უფრო დეტალურად არის აღწერილი რეზოლუციაში, რომელიც კონგრესის დამკვირვებელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა გიუნტერ კრუგმა მოამზადა.
ძირითადად საუბარია „ხმების დათვლის პროცესის გაჭიანურებაზე, ამომრჩეველთა მობილიზაციის საეჭვო პრაქტიკასა და ადმინისტრაციული რესურსით ბოროტად სარგებლობაზე”. როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა პარტია „მრეწველებიდან“ გიორგი ტყემალაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, რეზოლუციის შენიშვნები სამართლიანია და მათი აღმოფხვრაც მომავალში არ უნდა იყოს რთული, თუკი შესაბამისი პოლიტიკური ნება იარსებებს.

ევროსაბჭოს რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების კონგრესმა მიიღო რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს აღმოფხვრას არსებული პროცედურული და საკანონმდებლო ხარვეზები, განახორციელოს გრძელვადიანი პროგრამები საარჩევნო კომისიის წევრთა სწავლისათვის, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. რეკომენდაცია ასევე ავალდებულებს საქართველოს ხელისუფლებას დაუშვას საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, გაძლიერდეს საინფორმაციო კამპანია, რათა თავიდან იქნეს აცილებული საარჩევნო პროცესის დროს ფინანსური, ტექნიკური და საკადრო ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა.

ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის მონიტორინგი ჯგუფის ამ შენიშვნებზე თბილისის მერმა, გიგი უგულავამ, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დოკუმენტში ჩამოთვლილი რეკომენდაციების გათვალისწინება დაწყებულია და ის ლოგიკურ დაბოლოებამდე მივა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად კონსტრუქციული თანამშრომლობის შემდეგ. გიგი უგულავამ ასევე ისაუბრა იმაზეც, თუ რამდენად გამჭვირვალედ იხარჯება თბილისის ბიუჯეტი, რა დაუჯდა ქალაქის ბიუჯეტს პომპეზური თბილისობის დღესასწაული და არის თუ არა მოსალოდნელი ტოტალური შემცირება მერიის სტრუქტურებში. თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან, ექსკლუზიურ ინტერვიუს რადიო თავისუფლება ხუთშაბათს შემოგთავაზებთ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG