Accessibility links

მედია გამჭვირვალე, ინფორმაცია კი სანდო და ხელმისაწვდომი რომ იყოს…


ჟურნალისტები და მედიის ექსპერტები სახალხო დამცველს კანონპროექტს აცნობენ

ჟურნალისტები და მედიის ექსპერტები სახალხო დამცველს კანონპროექტს აცნობენ

საქართველოში მოქმედი რედაქტორების, ჟურნალისტებისა და მედიის ექსპერტებისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა შეიმუშავა კანონპროექტთა პაკეტი, რომლის დანიშნულება საჯარო ინფორმაციის მიღებასა და მაუწყებელთა საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაა. 27 ოქტომბერს საინიციატივო ჯგუფმა კანონებში შესატანი ცვლილებები სახალხო დამცველს გააცნო. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მედია მეტად გამჭვირვალე, ინფორმაცია კი სანდო და ხელმისაწვდომი იყოს?

საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული ცვლილებები რვა ძირითად მიმართულებად შეიძლება დაიყოს. ჯგუფის წევრისა და გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის თქმით, მედიის გამჭვირვალობასა, დამოუკიდებლობასა და ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს, რისთვისაც, მისი თქმით, მისაღებია ისეთი კანონები, რომლებიც არსებულ ვითარებას თვისებრივად შეცვლიან:

ლაშა ტუღუში, გაზეთ რეზონანსის რედაქტორი
„ძირითადი საკითხებია: საკუთრების გამჭვირვალობა, „ოფშორების“ პრობლემა... საკუთრების კონცენტრაციის თემა, რომელიც ძალიან აქტუალურია; ლიცენზიების გაცემის მექანიზმია გადასაფასებელი; უნდა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი... თუმცა ყველაზე დიდი პროლემაა საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელზედაც ასევე კანონპროექტები მომზადდა და, ბოლოს, მართლმსაჯულება უნდა იყოს სწრაფი და ხელმისაწვდომი“.

ლაშა ტუღუშის თქმით, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, დღევანდელი ვითარებისგან განსხვავებით, საზოგადოებას ეცოდინება, თუ ვინ ფლობს ამა თუ იმ მედიასაშუალებას და ვინ აფინანსებს მას. ლიცენზიების გაცემის მექანიზმიდან გამოირიცხება მედიაზე ზეწოლის საშუალება, გამარტივდება საჯარო ინფორმაციის მიღებისა და სასამართლოში გასაჩივრების პროცედურა, რომელიც ბაჟის სავალდებულო გადახდითაა დამძიმებული. გარდა ამისა, როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრი ნინო დანელია ამბობს, სახელმწიფო ორგანოები დაკარგავენ საეთერო დროის ირიბად შესყიდვისა თუ სხვა გზით გამოყენების საშუალებას, რაც კანონებში არსებული ხარვეზებითაა შესაძლებელი:

„ვცდილობთ, დავფაროთ კანონში არსებული „ხვრელები“ და მივცეთ მედიას გამართული მუშაობის საშუალება. თავის დროზე გვქონდა მედიის მართლაც კარგი კანონი არა მარტო პოსტაბჭოთა სივრცეში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბითაც, მაგრამ ბოლო 7-მა წელიწადმა დაგვანახვა, რომ ამ კანონში არის ისეთი „ხვრელები“, რომლებიც პრაქტიკულად იძლევა საშუალებას გვერდი ავუაროთ კანონს და მოვიქცეთ ისე, რომ მედია იყოს მონოპოლიზებული, მედია იყოს დამოკიდებული და მიბმული ხელისუფლებასთან“, - უთხრა ნინო დანელიამ რადიო თავისუფლებას.

ნინო დანელიასა და საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრების მიერ მომზადებულ კანონთა პროექტს სახალხო დამცველიც გაეცნო. გიორგი ტუღუშის თქმით, ცვლილება მნიშვნელოვნად წაადგება როგორც მედიას, ასევე მთლიანად საზოგადოებას:

„იმ შემთხვევაში, თუ გაზიარებული იქნება ეს კანონპროექტები და ზოგადად ამ პაკეტის სულისკვეთება, მკვეთრად გაიზრდება ნდობა მედიის მიმართ, რადგანაც მასში არის არაერთი ინიციატივა და საჭირო ცვლილება, მათ შორის ისეთი, რომელიც უკავშირდება მედიასაშუალებების მფლობელთა გამჭვირვალობას და გახსნას ამ ინფორმაციისა. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ინიციატივა უკვე გახმაურდა პარლამენტში“.

ინიციატივა, რომლის შესახებაც გიორგი ტუღუში ლაპარაკობდა, პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის. დავით ბაქრაძემ 26 ოქტომბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაავალა შეიმუშაოს კანონპროექტი, რომელიც მედიამფლობელთა ვინაობის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. საინიციატივო ჯგუფის წევრებიც მომზადებული კანონპროექტის დეპუტატებისთვის გაცნობას აპირებენ. ლაშა ტუღუშის თქმით, პირველი შეხვედრა უახლოეს მომავალში ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრებთან გამართება.
XS
SM
MD
LG