Accessibility links

logo-print
დღევანდელი პრესა აქტიურად ეხმაურება საქართველოს პარლამენტის სპიკერის ინიციატივას მედიამფლობელთა ვინაობის გამჭვირვალობის შესახებ. ”მედიაში მთავრობის ანტიოფშორული ნების დაჯერება უჭირთ” - ეს ”რეზონანსის” სათაურია. ავტორი წერს, რომ ”ოპოზიცია და თავად მედია ამ საკითხს მნიშვნელოვნად, მაგრამ არასაკმარისად მიიჩნევს და ცვლილებების გატარებას უფრო ფართო მიმართულებით ითხოვს. ხელისუფლებას ფართო რეფორმაზე საუბარიც კი არ სურს.” „რეზონანსში” ტელეკომპანია ”მაესტროს” გენერალურ დირექტორ კახა ბექაურთან ინტერვიუ ქვეყნდება: ”...ფარსს უნდა დაანებონ თავი და პირდაპირ თქვან, ვის ეკუთვნის ნაციონალური არხები. არ სჭირდება ამას კანონპროექტების შემუშავება და დროის კარგვა. ახლა კი არ უნდა დაიწყონ ფიქრი იმაზე, ოფშორული ზონიდან რომელ არარეალურ ადამიანზე და თოჯინაზე გადააფორმონ ეს არხები, არამედ თქვან პირდაპირ: ”რუსთავი 2” არის ამის და ”იმედი” - იმის”.

”24 საათის” სტატიაში, სათაურით ”გამჭვირვალე მედიაბიზნესი”, წაიკითხავთ: ”იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილი ”24 საათთან” საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი, განსაკუთრებით - 2008 წლიდან, მედიის თავისუფლების საკითხებზე სერიოზულად მუშაობს. მისი თქმით, ამის მიზანია საქართველოში პროფესიული მედიის განვითარება და ამ სფეროში საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი როლისთვის ხელშეწყობა.” ამავე გაზეთისთვის დეპუტატ გოკა გაბაშვილს უთქვამს, რომ ”საქართველოს მედიის შესახებ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კანონმდებლობა აქვს”.

”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი არაერთ კითხვას სვამს: ”რატომ გადაწყვიტა საქართველოს მთავრობამ სრულიად მოულოდნელად სამაუწყებლო სივრცის გამჭვირვალობაზე ალაპარაკება? რა ინტერესები დგას ამის უკან? მართლა არის თუ არა ჩვენი ხელისუფლება დემოკრატიისთვის მზად? ეს კითხვები იმთავითვე გაჩნდა, თუმცა, ვინაიდან კანონპროექტის დეტალები ჯერ არ ხმაურდება, წინასწარ ამაზე ლაპარაკი შეუძლებელია.” ”საქართველოს რესპუბლიკის” სტატიის სათაურია - ”1:0 - საზოგადოების სასარგებლოდ. პოლიტიკური ნება თუ იძულება?”.

”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში რესპუბლიკელი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს: ”ეს იქნება კიდევ ერთი შირმა საქართველოს ვითომ დემოკრატიულობის. კიდევ ერთი ნაბიჯი დემოკრატიისკენ - აი, ასე გაყიდის საქართველო ამ იდეას და ასე იყიდის დასავლეთიც.”

”ვერსიის” მთავარი სტატია დღეს დეპუტატების საზღვარგარეთ მივლინებებს ეხება. ავტორი წერს, რომ ვერ შეძლო ცალკეულ ვიზიტებზე დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციის მიღება, თუმცა ის კი გაიგო - ვინ, სად და რამდენჯერ იყო ჩასული: ”მაშ ასე, ”ვერსიის” პირველი ”ათეული”, ანუ ნომინაცია - ”ვინ რამდენჯერ გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი” 2010 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრის ჩათვლით, ასე გამოიყურება: ”ათეულის” ლიდერია პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომელმაც საქართველოს საზღვარი 20-ჯერ გადაკვეთა; მეორე ადგილზეა დავით დარჩიაშვილი, რომელმაც საზღვარი 14-ჯერ გადაკვეთა; მესამე ადგილზეა გიორგი კანდელაკი, საზღვარი 13-ჯერ გადაკვეთა; მეოთხე ადგილს, 10-10 ვიზიტით, პაატა დავითაია და აკაკი მინაშვილი იყოფენ; მეხუთე ადგილზეა პეტრე ცისკარიშვილი, რომელმაც ქვეყნის საზღვარი 9-ჯერ გადაკვეთა” და ა.შ. დეპუტატების უცხოეთში მივლინებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ”ვერსიის” ავტორმა სცადა, რომელიც წერს, რომ ”თუ საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტი არ ხარ, არავითარი შანსი არ გაქვს უფრო დეტალური და კონკრეტული ინფორმაცია მიიღო” სამივლინებო თანხების ხარჯვაზე.
XS
SM
MD
LG