Accessibility links

logo-print

ავღანეთის საკითხთან მიმართებით ნატო და რუსეთი თანამშრომლობას აღრმავებენ


ნატო-რუსეთის საბჭოს ლოგო

ნატო-რუსეთის საბჭოს ლოგო

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი იმედს გამოთქვამს, რომ ავღანეთში თალიბანის და ალ-ყაიდის წინააღმდეგ მიმდინარე ომთან მიმართებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და რუსეთი თანამშრომლობას გააღრმავებენ. რასმუსენის თქმით, ამ თანამშრომლობას მნიშვნელოვანი ბიძგი მიეცემა მომავალ თვეში ლისაბონში დანიშნულ ალიანსის სამიტზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევიც დაესწრება.

ნატოს ხელმძღვანელის ანდერს ფოგ რასმუსენის თანახმად, ლისაბონში დანიშნული ალიანსის სამიტით „ნატოსა და რუსეთის ურთიერთობა თავიდან დაიწყება.“

გაზეთ „ფაინენშლ ტაიმსისთვის“ 26 ოქტომბერს მიცემულ ინტერვიუში რასმუსენი აცხადებს, რომ 19-20 ნოემბერს ლისაბონში დანიშნული ალიანსის სამიტი „ნამდვილად“ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ორი მხარის თანამშრომლობისთვის, რაც კი 2002 წლის - ანუ ნატო-რუსეთის საბჭოს დაარსების - შემდეგ მომხდარა.

მისი თქმით, რუსეთი და აშშ უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებას რუსეთის მიერ ავღანეთისთვის დაახლოებით 20 რუსული ვერტმფრენის მიწოდების შესახებ, რომლებსაც ავღანეთის უშიშროების ძალები გამოიყენებენ. ვერტმფრენების გარდა, თანამშრომლობის კიდევ სხვა ფორმებზე ლისაბონში ისაუბრებენ.

ბრიტანეთში გამომავალ ყოველდღიურ გაზეთ „გარდიანში“ დაბეჭდილი ცნობის თანახმად, ნატოსა და რუსეთის სამომავლო თანამშრომლობამ შეიძლება ისეთი საკითხები მოიცვას, როგორიცაა რუსეთის ძალების მიერ ავღანელი მფრინავებისთვის წვრთნების ჩატარება, რუსეთის მხრიდან შესაძლო დახმარება ავღანეთის ეროვნული უშიშროების ძალების წვრთნაში, თანამშრომლობის გაღრმავება ნარკოტიკებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ნატოს ძალებისთვის სატრანზიტო გზების გაუმჯობესება.

დღესდღეობით რუსეთი ნატოს თავისი ტერიტორიის სატრანზიტოდ გამოყენების საშუალებას მხოლოდ გარკვეული ტიპის გადაზიდვებისთვის აძლევს და ზოგიერთი სახის შეიარაღებას შეზღუდვას უწესებს. ნატოს კი ამ შეზღუდვის მოხსნა სურს.

ავღანეთში ომს 9 წლის განმავლობაში - 1979 წლიდან 1988 წლამდე - აწარმოებდა საბჭოთა კავშირი. ომმა 14,000-ზე მეტი ჯარისკაცის დაღუპვა და საბჭოთა კავშირისთვის სამარცხვინო მარცხი მოიტანა.

ამ გამოცდილების გათვალისწინებით, რუსეთი ავღანეთის შიგნით საომარ მოქმედებებში უშუალოდ ჩართვას აღარ აპირებს. ბრიუსელში ნატოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარის ავღანეთის ტერიტორიაზე შესვლის საკითხი არც კი განიხილება. როგორც იუწყებიან, ავღანეთთან მიმართებით რუსეთის ყველა სახის ქმედება ამ ქვეყნის ტერიტორიის გარეთ განვითარდება.

რუსეთის თავდაცვის მინისტრ ანატოლი სერდიუკოვის მიერ ახლახან გაკეთებული განცხადების თანახმად, მოსკოვს ავღანეთში დასავლეთის დახმარება მართლაც სურს. ავღანეთიდან ალიანსისა და კოალიციების ძალების გასვლა შუა აზიის სტრატეგიულ სიტუაციას წარმოუდგენელი მასშტაბით შეცვლისო, - განაცხადა მან.

რას ნიშნავს ნატოსა და რუსეთის ეს დაახლოება უფრო ზოგად კონტექსტში? ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ცივი ომის მემკვიდრეობის დაძლევა და რეალური თანამშრომლობის გაღრმავება ხელსაყრელი ფაქტორია გლობალური უსაფრთხოების ინტერესებისთვის. „ჩემი აზრით, აშშ-ს, ევროპასა და რუსეთს დღეს ბევრად მეტი საერთო აქვთ, ვიდრე ზოგჯერ მზად ვართ ვაღიაროთ. უკვე რამდენიმე წელია ვამტკიცებ, რომ აშშ-მა და რუსეთმა ბევრად უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ერთგვარი ალიანსის ფორმითაც კი. საერთო პრობლემა ბევრად მეტი გვაქვს, ვიდრე განმასხვავებელი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თომას ნიკოლსმა, აშშ-ის საზღვაო სახედრო კოლეჯის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების პროფესორმა, რომელიც ამჟამად ჰარვარდის უნივერსიტეტის უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობს. „ აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ცივი ომის პერიოდში მე ერთ-ერთ ყველაზე უკომპრომისო ანტისაბჭოთა "ქორად" და კრიტიკოსად მიცნობდნენ. მტკიცედ მწამს იდეოლოგიების ძალის და მძულდა საბჭოთა იდეოლოგია, რომელიც ჩვენ შორის გამყოფის ფუნქციას ასრულებდა“, - დასძინა მან.

თუმცა, ბევრის აზრით, ცივი ომის მემკვიდრეობის დაძლევაზე საუბარი ნაადრევია, ვინაიდან ამისათვის, უწინარესად, რუსეთი არ არის მზად. ამასთან, რუსეთი და დასავლეთის ქვეყნები რიგი საკითხების ირგვლივ კვლავაც ვერ თანხმდებიან - მათ შორის, 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე და ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებისთვის ლიმიტების დაწესებაზე.

ახლაც ავღანეთის საკითხთან მიმართებით თანამშრომლობაზე დათანხმებას რუსეთის მხრიდან ნატოსათვის სანაცვლო პირობების წაყენება შეიძლება მოჰყვეს. რუსეთში გამომავალი გაზეთი „კომერსანტი“ 27 ოქტომბერს იუწყება, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ნატოსაგან უკვე მოითხოვა იმის გარანტია, რომ ალიანსი თავისი ახალი წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მნიშვნელოვან საჯარისო კონტინგენტს არ განათავსებს. საუბარია სახელმწიფოებზე, რომლებიც ნატოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეუერთდნენ. „კომერსანტის“ თანახმად, მოსკოვმა ნატოს ამ საკითხზე შეთანხმების დეტალური პროექტიც წარუდგინა, რომელსაც ნოემბრის დასაწყისში ანდერს ფოგ რასმუსენის მოსკოვში ვიზიტისას განიხილავენ.

ამ საკითხთან მიმართებით ნატოს ჯერჯერობით ოფიციალური რეაგირება არ მოუხდენია.

ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, კონკრეტულად რა გავლენას მოახდენს ავღანეთში ნატოსა და რუსეთის თანამშრომლობის გაღრმავება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების - მათ შორის, საქართველოს - გარშემო არსებულ გეოსტრატეგიულ ვითარებაზე. უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი თომას ნიკოლსი აღიარებს, რომ რუსეთი კვლავაც განიცდის იმპერიული მემკვიდრეობის გავლენას, თუმცა ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ დღევანდელ, გლობალურ მსოფლიოში მას ამ ამბიციების სრულად გამოვლენის საშუალება არ მიეცემა:

„რუსეთს ყოველთვის ექნება ნაციონალიზმთან, მესიანიზმთან, დიდი სახელმწიფოს ამბიციებთან დაკავშირებული პრობლემები. ეს დიდი სახელმწიფოების ერთ-ერთი მახასიათებელია. თუმცა ამას საერთაშორისო სისტემაში როგორღაც მოევლება“, - ამბობს ნიკოლსი და განაგრძობს: „დავესესხები ჰენრი კისინჯერს, რომელიც ამბობს, რომ დღეს მსოფლიოს ძლიერი ქვეყნები - მათ შორის, რუსეთი - პროგრესისა და თანამშრომლობის ერთსა და იმავე სისტემაზე არიან დამოკიდებული ისე, როგორც არასდროს. რუსეთს უკიდეგანო შესაძლებლობები არა აქვს. ის ვერ გამორთავს ყველა მობილურ ტელეფონსა და ტელევიზორს, ვერ გააუქმებს ყველა ავიარეისს, თავის ნაბიჯებს საიდუმლოდ ვეღარ შეინახავს. მაგალითად, როცა ის საქართველოში აკეთებს რაღაცას, მსოფლიო ამის შესახებ ინფორმაციას მყისიერად იღებს.“

ლისაბონის სამიტზე ნატოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის სხვა შესაძლო ფორმებზეც ისაუბრებენ - მათ შორის, ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის აგებაზე, რომელმაც ირანის მსგავსი ქვეყნებიდან პოტენციური თავდასხმა უნდა მოიგერიოს.
XS
SM
MD
LG