Accessibility links

logo-print

რას მოასწავებს ჩეჩნეთის პრეზიდენტის მორიგი ბრალდებები


ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება და იქვე კიდევ ერთხელ ადანაშაულებს საქართველოს ჩეჩნეთში მოქმედი ექსტრემისტული ძალების მხარდაჭერაში. რატომ გააქტიურდა და რა სცენარით მოქმედებს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური საქართველოს წინააღმდეგ?

ბრალდებების პირველი ტალღა ჩეჩნეთიდან საქართველოს მისამართით 22 ოქტომბერს წამოვიდა - მაშინ, როცა პრეზიდენტმა კადიროვმა თბილისი ჩეჩენი ექსტრემისტების შეიარაღებაში, საბრძოლო მომზადებასა და ფინანსურ დახმარებაში დაადანაშაულა. იმავე განცხადებაში საქართველო თითქმის ერთადერთ ადგილად დასახელდა, რომელიც ჩეჩენ მეამბოხეებს მფარველობს. კადიროვის პირველი ბრალდებები გახმაურდა 3 დღეში, ჩეჩნეთის პარლამენტში განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 17 კი დაიჭრა და რამაც, ანალიტიკოსების აზრით, თავად კადიროვის უძლეველობასთან დაკავშირებული მითი დაანგრია.

თბილისმა ჩეჩნეთის მეთაურის ბრალდებებში ახალი და მოულოდნელი ვერაფერი დაინახა. პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის მიერ 26 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში კადიროვის ”აბსურდული” ბრალდებები ”საკუთარი პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობად” არის შეფასებული:

”ეს არ არის პირველი შემთხვევა და პერიოდულად, როდესაც ჩრდილო კავკასიაში მდგომარეობა იძაბება (და რეგიონში საკმაოდ ხშირად არის ასეთი რთული ვითარება), მაშინ ბრალდებების ადრესატი სწორედ საქართველო ხდება...”

ბრალდებების ადრესატი საქართველო მართლაც არაერთხელ გამხდარა. ასე იყო, მაგალითად, ამ წლის მარტშიც, როდესაც მოსკოვში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებთან მიმართებით, საქართველოსა და ჩრდილოკავკასიელი ტერორისტების კავშირის თემა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა წამოსწია. ხოლო საქართველოს ალ-ყაიდასთან კავშირს შეეხებოდა ბრალდება, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა გასული წლის ოქტომბერში გაახმაურა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 26 ოქტომბრის განცხადებას ჩეჩნეთის მეთაური სწრაფად გამოეხმაურა. როგორც რამზან კადიროვმა ჟურნალისტებს 27 ოქტომბერს უთხრა, ჩეჩნეთი ყველაზე რთულ პრობლემებსაც შესანიშნავად ართმევს თავს და მას საზოგადოების ყურადღების გარეშე მტრებზე გადატანა სულაც არ სჭირდება. ამასთან, მისი კომენტარის ერთ-ერთი ფრაგმენტი საქართველოს დადანაშაულების ახალ მცდელობას ეთმობა:

”ჩვენ გვაშფოთებდა და გვაშფოთებს ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც ისეთი შემთხვევების კვლავაც არსებობას მოწმობს, როცა ჩეჩნეთში საქართველოდან შემოდის იარაღი და საბრძოლო მასალები... და ასევე მის ტერიტორიაზე მზადდებიან ბოევიკები”.

რამზან კადიროვი საქართველოსა და ჩეჩენი ექსტრემისტების კავშირის თემას თბილისის მიერ ჩრდილოკავკასიელებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების კონტექსტში განიხილავს და გახსნილ საზღვრებს ბოევიკების თავისუფალი გადაადგილების შანსად მიიჩნევს.

კადიროვის ბრალდებების ახალი ტალღისთვის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღარ უპასუხია და პრაქტიკულად არც სხვა ოფიციალური კომენტარები გაკეთებულა.

და მაინც, რატომ გააქტიურდა ასე თვალშისაცემად რამზან კადიროვი საქართველოსთან მიმართებით და მოქმედებს თუ არა ის კრემლის სცენარის მიხედვით?

მაგალითად, პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე კადიროვის გააქტიურებაში მაინც უფრო თავის გამოჩენის სურვილს ხედავს, თუმცა ჩეჩნეთის პრეზიდენტის პირადი ინიციატივა რუსეთის პრემიერ-მინისტრის ინტერესებიდან გამომდინარეობს:

”კადიროვი უჭერს მხარს ერთმნიშვნელოვნად პუტინს და რუსეთში მოახლოებული არჩევნების წინ კადიროვიც გააქტიურებულია, რომ მაქსიმალურად ისეთი რაღაცები ილაპარაკოს, რაც პუტინს აამებს, ანდა, ყოველ შემთხვევაში, რაც მას მიაჩნია, რომ აამებს პუტინს... თორემ ყველასთვის ცნობილია, რომ ათასჯერ შემოწმდა ჩვენი ტერიტორია ევროპელი დამკვირვებლების მიერ და დადასტურდა, რომ აქ არანაირი ბოევიკები არ არიან და, მით უმეტეს, იარაღის ექსპორტზე საუბარი - ეს აბსოლუტური სისულელეა...”

კადიროვის გააქტიურებას ძირითადად ასევე პირადი ინიციატივით გააქტიურებად მიიჩნევს პოლიტოლოგი ვასილ ჭყოიძე. თუმცა, მისი აზრით, ჩეჩნეთის ავტორიტეტდაკარგულ პრეზიდენტს ამჟამად მხოლოდ ”საკუთარი ტყავის გადარჩენის” მიზანი ამოძრავებს.
XS
SM
MD
LG