Accessibility links

logo-print

ერთწლიანი პაუზის შემდეგ ერგნეთის შეხვედრები განახლდა


ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ერგნეთში

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ერგნეთში

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა ხუმრობით დაიწყო. რუსულ და ქართულ საგუშაგოებს შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწყობილ კარავში ოსურმა დელეგაციამ დაჯდომა მოისურვა ჩრდილოეთის მხარეს, სადაც ეუთოს ემბლემა იყო გამოსახული. მერაბ ჩიგოევსა და ბოლათ ნურგალიევს შორის საუბარი სწორედ ამ საკითხზე გაიმართა.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ერგნეთში ერთწლიანი პაუზის შემდეგ განახლდა. ბოლო შეხვედრა გასული წლის 22 ოქტომბერს გაიმართა, ამის შემდეგ ოსურმა მხარემ შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ვიდრე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხი არ გაირკვეოდა. ჟენევის დისკუსიის ბოლო რაუნდზე, მხარეები ერგნეთის შეხვედრების განახლებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ჰანს იორგ ჰაბერის ინიციატივით გაიმართა. ქართული მხრიდან მას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ესწრებოდა. ოსურ მხარეს დე ფაქტო რესპუბლიკის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე მერაბ ჩიგოევი წარმოადგენდა. შეხვედრას რუსეთის სასაზღვრო ძალების და ეუთოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ორსაათიან შეხვედრაზე მხარეებმა 11 საკითხზე იმსჯელეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჰანს იორგ ჰაბერი, უშედეგო მოლაპარაკების მიუხედავად, დიალოგის განახლებით კმაყოფილი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ბოლათ ნურგალიევი შეხვედრას პოზიტიურს უწოდებს. მისი თქმით, მხარეები ცხელი ხაზის მეშვეობით გააგრძელებენ ურთიერთობას და ნებისმიერ ინციდენტზე რეაგირებას ერთობლივად მოახდენენ.

შეხვედრა სროლისა და აფეთქების ხმის ფონზე მიმდინარეობდა. როგორც გაირკვა, ცხინვალის შემოგარენში რუსი ეგრეთ წოდებული მესაზღვრეები წვრთნებს ატარებდნენ. შეხვედრის ბოლოს შოთა უტიაშვილმა ქართული მხარის მიერ წამოჭრილ საკითხებზე ისაუბრა - სარწყავი წყლის პრობლემა, ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება, საქონლის გახშირებული ქურდობა და მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება. თავის მხრივ ოსურმა მხარემ ახალგორისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება და ქართველი სამართალდამცავების მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთვისთვის რუსეთის მოქალაქის ძუკაევის გათავისუფლება მოითხოვა. მას სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. უტიაშვილის თქმით, კონკრეტული შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, მაგრამ პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობა გაგრძელდება.

ერგნეთში შემდეგი შეხვედრა 10 დეკემბერს გაიმართება. მხარეები წამოჭრილი საკითხების შესახებ დამატებით ინფორმაციას წარმოადგენენ და მსჯელობას ახალ საკითხებზეც დაიწყებენ. მანამდე კი ორივე მხარის სამართალდამცავები, ინციდენტების შემთხვევაში, ინფორმაციას ცხელი ხაზის მეშვეობით გაცვლიან.
XS
SM
MD
LG