Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალაიზიაში დაკავებულ ორ ქართველს სიკვდილით დასჯა ემუქრება


მალაიზიაში დაკავებული ორი ახალგაზრდა ქალი, მალაიზიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რომელსაც ისინი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებენ, საქართველოს მოქალაქეა. საქართველოში ამ დრომდე მათი ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს, asiaonenews- ის მიერ 27 ოქტომბერს გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ორი ახალგაზრდა ქალი ორშაბათს, მალაიზიაში ჩაფრენის დღესვე, დააკავეს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. მათ ბრალად ედებათ ნარკოტიკებით ვაჭრობა. საქართველოდან დეტალების გარკვევას საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობს.

მალაიზიაში დაკავებული ორი ქართველი ქალის შესახებ ჩვენთვის მხოლოდ მათი ასაკია ცნობილი. ერთი მათგანი 26-ის, ხოლო მეორე 37 წლისაა. როგორც სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტო - მათ შორის, asiaonenews - იტყობინება, ერთ-ერთი მათგანი კუალა ლუმპურის აეროპორტში დააკავეს. მას სურათის ხის ჩარჩოში შენახულიჰქონდა მეტამფეტამინის ჯგუფის პრეპარატი, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერებაა. ამავე დღეს სასტუმროს ნომერში დააკავეს მეორე ქალი, რომელსაც ამავე ტიპის ნარკოტიკული ნივთიერება ჰქონდა შენახული. სულ, მალაიზიურმა ანტინარკოტიკულმა პოლიციამ 28 კოლოფი მეტამფეტამინი ამოიღო, რომელიც 5 კილოგრამამდე იწონიდა. მათი ღირებულება, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, 406 ათასიდან 700 ათას დოლარამდე მერყეობს.

ჯერჯერობით უცნობია, საიდან მოხვდა ორი ქართველი ქალი მალაიზიაში. საერთაშორისო საინფორმაციო წყაროების მიხედვით, ერთ-ერთი მათგანი კუალა ლუმპურიდან ქალაქ კოტა კინაბალუში გაფრენას აპირებდა. სწორედ იქ აღმოაჩინეს აეროპორტში მისი ბარგის საბაჟო პუნქტზე კონტროლისას ნარკოტიკები.

სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროს გური მენაბდიშვილის განცხადებით, მეტამფეტამინის ჯგუფის პრეპარატების გაყიდვა-მოხმარება საქართველოში აკრძალულია და ისინი ნარკოტიკულ ნივთიერებათა ნუსხაშია შეტანილი. მეტამფეტამინის ჯგუფის პრეპარატებისგან კუსტარული წესით მიიღება სხვადასხვა ფორმის ნარკოტიკული ნივთიერება:

” არსებობს, როგორც მოსაწევი საშუალებები, მეტამფეტამინის სახით, რომელსაც ე.წ ყინულს უწოდებენ, არსებობს აბების სახით, არსებობს კაფსულების სახით და არის ასევე მათი ინტრავენული მოხმარებაც. ჩვენთან ფართოდ გავრცელებული ფორმაა კუსტარულად დამზადებული სტიმულატორი. ეს გახლავთ ე.წ ჯეფი, რომლის დასამზადებლადაც კალიუმის პერმანგანატი, ანუ ე.წ მარგანცოვკა, გამოიყენება.”

გური მენაბდიშვილი ამბობს, რომ საქართველოში ამ ნარკოტიკის მომხმარებლები არიან, თუმცა არ არის ცნობილი, რა არალეგალური გზით მოიპოვებენ ისინი პრეპარატს.

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი ჯემალ ჯანაშია, რომელიც წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი იყო, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ვარაუდობს, რომ მალაიზიაში ორი ქართველი ქალის დაკავება ე.წ ნარკოტრეფიკის ქსელს უნდა უკავშირდებოდეს და არ შიძლება ერთჯერადი შემთხვევა იყოს:

” როდესაც ასეთი ტრასის აწყობას იწყებენ, ხშირად იყენებენ ქალებს, როგორც ნაკლებად თვალში საცემ, ნაკლებად გასაკონტროლებელ ობიექტებს. ამავე დროს, ისეთ ქვეყანას იყენებენ, სადაც საბაჟო გამშვები პუნქტები და საზღვრები ნაკლებად დაცულია ან არ არის დაცული.”

ჯემალ ჯანაშიას ვარაუდით, მცირე რაოდენობით ნარკოტიკების დაკავება - მისი განცხადებით, 5 კილოგრამი ცოტაა - უნდა უკავშირდებოდეს სწორედ ნარკოტრეფიკისთვის ნიადაგის მომზადებას.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ საიდან სად გადაადგილდებოდნენ დაკავებული ქართველი ქალები. ჯემალ ჯანაშიას ინფორმაციით, მეტამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერებების დამზადება უფრო დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ხდება:

”გამოძიება შეისწავლის მათ მარშრუტს. შეიძლება ისინი მალაიზიაში დააკავეს, მაგრამ იქ მოხვდნენ სხვა სივრციდან - შეიძლება მოხვდნენ იაპონიიდან, კორეიდან, განვითარებული ქვეყნებიდან. საერთოდ, ქიმიური ნარკოტიკები, მეტამფეტამინები, დამახასიათებელია განვითარებული ქვეყნებისათვის. განსაკუთრებით ევროპის შუაგულში, ჰოლანდიასა და პოლონეთში ხდება მათი დამზადება დიდი რაოდენობით, თუმცა აფრიკის ქვეყნებშიც ხდება.”

ცნობილია, რომ მალაიზიაში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულების ექსტრადიციის საკითხი გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მიერთებულია ორ ევროპულ კონვენციასთან, რომელიც სასჯელის მოხდისა და ექსტრადიციის საკითხებს არეგულირებს, არსებობს ორი ხელისშემშლელი ფაქტორი:
პირველი: მალაიზიაში დაკავებული ქართველები სამშობლოში ძებნილები არ არიან, რომ მათი ექსტრადირება მოხდეს და, მეორე, ევროპული კონვენცია ექსტრადიციის შესახებ ადგენს შემდეგ წესს: დაკავების ქვეყანაში ბრალის წაყენების, გასამართლებისა და განაჩენის გამოტანის შემდეგ მსჯავრდებულს შეუძლია მოითხოვოს სასჯელის მოხდა სამშობლოში, თუმცა სასჯელი სამშობლოშიც ისეთივე უნდა იყოს, როგორიც იმ ქვეყანაში მიესაჯა, სადაც დააკავეს. საქართველოში კი სიკვდილით დასჯა გაუქმებულია.

აქედან გამომდინარე, საქმეში დიპლომატიური გზებია ჩართული და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს, თუმცა ამ დრომდე სამინისტრო კონკრეტულ ინფორმაციას არ ავრცელებს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG