Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IRI-ის გამოკვლევა მმართველი პარტიის ლიდერობას გამოკვეთს


28 ოქტომბერს სატელევიზიო არხებით გავრცელდა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ განხორციელებული და უშუალოდ ამერიკული ორგანიზაცია გელაპის (Gallup) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები. თუმცა გამოკვლევის საჯარო ვერსია ჯერჯერობით არც ერთ ამ საერთაშორისო ორგანიზაციას არ გამოუქვეყნებია და, შესაბამისად, ის ვერც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ხელმისაწვდომი. საქართველოს ტელეარხების მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით კი, აშკარად ლიდერობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და პრეზიდენტი სააკაშვილი.

საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული მონაცემები გვატყობინებს, რომ გამოკითხულთა 56% მზად არის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი, ხოლო 29%-ს ასეთი პერსპექტივა არ მოსწონს. აქვეა შეკითხვა, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის რეიტინგის განსაზღვრას ემსახურება და ირკვევა, რომ მის მიმართ დადებითად არის განწყობილი 77%, უარყოფითად კი - 18%.

შეკითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, საპარლამენტო არჩევნები შემდეგ კვირას რომ გაიმართოს, გამოკითხული 1500 ადამიანიდან 42% პასუხობს, რომ ასეთ პარტიად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ეგულება; 11% ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას დაუჭერდა მხარს, ლეიბორისტულ პარტიას 4% მისცემდა ხმას, ხოლო ირაკლი ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებს“ 1% მიემხრობოდა.

უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას რაც შეეხება, ამ პრობლემის გადაწყვეტას გამოკითხულთა 51% მიხეილ სააკაშვილს ანდობს, 7% - გიორგი თარგამაძეს, 5% - შალვა ნათელაშვილს, ხოლო 2% - ირაკლი ალასანიას. დაახლოებით ასეთივეა შედეგი, როდესაც საქმე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ეხება, თუმცა ამ სეგმენტში 3%-იანი შედეგით ირაკლი ოქრუაშვილი იჩენს თავს.

მეტ-ნაკლები განსხვავებებით, შედეგი დაახლოებით ერთნაირია ყველა იმ შეკითხვასთან მიმართებით, რომელიც პოლიტიკური პარტიებისა თუ ცალკეული პოლიტიკოსებისადმი ნდობისა და მათი რეიტინგის დადგენას ისახავს მიზნად: ლიდერობს მმართველი პარტია, რომელსაც, მნიშვნელოვანი სხვაობით, მაგრამ თითქმის ერთნაირი თანმიმდევრობით, მიჰყვებიან ქრისტიან-დემოკრატები, ლეიბორისტები და თავისუფალი დემოკრატები.

პარტიათა და პოლიტიკოსთა რეიტინგები გამოკვლევის სწორედ იმ სეგმენტს წარმოადგენს, რომელიც, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის გიორგი თარგამაძის თქმით, გარკვეული წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, პოლიტიკურ პარტიებს არ უნდა გაეხმაურებინათ მანამ, ვიდრე გამოკვლევის საჯარო ვერსია არ გამოქვეყნდებოდა... თუმცა მონაცემები გარკვეული გზებით მაინც გახმაურდა და თარგამაძეს ეჭვი აქვს, რომ ინფორმაციამ შედეგებით ყველაზე კმაყოფილი პარტიის გზებით გაჟონა.

ყველაზე კმაყოფილი კი, წესით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უნდა იყოს. უმრავლესობის წარმომადგენლის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის თქმით, გამოკვლევის შედეგები მისი გუნდის სწორ გზაზე სვლის ნიშანია. იქვე კონკრეტდება, რომ ეს გზა ”მიმართულია ქვეყანაში დასაქმების პრობლემისა და სოციალური საკითხების მოგვარებისკენ, ეკონომიკის გაძლიერებისკენ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ”.

რაც შეეხება ქრისტიან-დემოკრატების კმაყოფილებას, მართალია, პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე უკეთეს შედეგს ისურვებდა, მაგრამ გამოკვლევის მაჩვენებლები მისთვის სავსებით მისაღებია:

”...პოზიტიურია ის, რომ ჩვენი რეიტინგული მაჩვენებლები, ნდობა და მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან („ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა“ თუ მისი ლიდერების მიმართ) სტაბილურად იზრდება... ეს არ არის ნახტომისებური ზრდა, მაგრამ ამგვარ ზრდაზე ჩვენ არც არასოდეს ვყოფილვართ ორიენტირებული...”

დამახასიათებელი ყაიდით გამოირჩევა ლეიბორისტული პარტიის რეაქცია IRI-ისა და გელაპის გამოკვლევის მიმართაც. პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სიბრაზეს ვერ მალავს და, საერთო ანგარიშით, მე-3 ადგილზე გასვლის მიუხედავად, გამოკვლევას სრულ უნდობლობას უცხადებს:

”გელაპის კი არა, ეს არის გველეშაპის კვლევა... ეს არ არის რეიტინგი, ეს არის უზნეობის კოდექსი”.

კომენტარს აკეთებს გამოკვლევის მიხედვით, უხეშად რომ ვთქვათ, მე-4 ადგილზე გასული “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანიაც, თუმცა ეს კომენტარი არა 28 ოქტომბერს გახმაურებულ რეიტინგებს, არამედ კვლევის სულ სხვა პროცესს უკავშირდება:

”80% ჩვენი მოსახლეობის არის პრაქტიკულად ჯანდაცვის გარეშე დარჩენილი, 55%-ზე მეტი ჩვენი მოსახლეობის არის უმუშევარი... სოციალური დახმარება თითქმის შეწყვეტილია და საკუთარი ხალხის მიმართ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას მოხსნილი აქვს. ეს არის ის კვლევები, რომლებსაც მე ვატარებ ხალხთან შეხვედრის დროს და, აი ამის გამოსწორება გვინდა”.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 28 ოქტომბერს გახმაურებული გამოკვლევის დამკვეთ და შემსრულებელ საერთაშორისო ორგანიზაციებს საჯარო ინფორმაცია ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებიათ. უფრო მეტის თქმა კი, ალბათ, სწორედ გამოქვეყნების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG