Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიანი ყარაბაღის საკითხზე პრეზიდენტებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა


სერჟ სარქსიანის, დმიტრი მედვედევისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა ასტრახანში
სერჟ სარქსიანის, დმიტრი მედვედევისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა ასტრახანში
რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ოთხშაბათს რუსეთის ქალაქ ასტრახანში აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების - ილჰამ ალიევისა და სერჟ სარქისიანის - შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის გზების ძიება იყო.

იმედი მაქვს, აზერბაიჯანი და სომხეთი სამშვიდობო შეთანხმების პრინციპებზე მოლაპარაკებას დეკემბრის დასაწყისისთვის შეძლებენო, განაცხადა მედვედევმა მოლაპარაკების დასრულების შემდეგ.

შეხვედრის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მისი გამართვის მიზეზს კი ჩვენი კოლეგა, რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის დირექტორი ჰრაირ თამრაზიანი ასე აღწერს:

„ამ სამიტს მე სასწრაფო, გადაუდებელ შეხვედრას ვუწოდებდი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა დანიშნა, ვინაიდან კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება ძალიან დაძაბულია. თითქმის ყოველ კვირაში ორივე მხარე სნაიპერების ან სპეციალური დანაყოფების მიერ თავიანთი ჯარისკაცების მოკვლის შესახებ აცხადებს. ორივე მხარე სულ უფრო მეტს ლაპარაკობს მოწინააღმდეგის მიერ "დაუკონკრეტებელი ზომების" გატარების შესაძლებლობაზე“.

მართლაც, ანალოგიური ბრალდება ოთხშაბათის შეხვედრამდე ერთი დღით ადრეც გამოითქვა: სომხეთმა აზერბაიჯანის სამხედრო ძალებს მთიანი ყარაბაღის რეგიონში 20 წლის სომეხი ჯარისკაცის მკვლელობაში დასდო ბრალი, რაც, მისი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების შეფერხებას ისახავდა მიზნად. ეს განცხადება, თავის მხრივ, ზოგადად დაძაბულ ფონზე გაკეთდა. სამშვიდობო მოლაპარაკებების შეჩერების პარალელურად, მიმდინარე წელს საზავო ხაზის გასწვრივ გახშირებულია შეტაკებები. მარტო გასულ თვეში 8 ჯარისკაცი იქნა მოკლული. სულ კი მიმდინარე წელი ორივე მხარის 20 დაღუპულ ჯარისკაცს ითვლის.

ამას თან ერთვის სომხეთისა და აზერბაიჯანის შიგნით დაძაბულობის მატებაც, რისი ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია აზერბაიჯანის მიერ თავდაცვის ბიუჯეტის მუდმივი ზრდა. მოცემულ ეტაპზე ამ ქვეყანაში თავდაცვის სფეროს დაფინანსება 2.5 მილიარდ დოლარს უტოლდება და მომავალ წელს შეიძლება კიდევ გაიზარდოს. ეს მაშინ, როცა სომხეთის სახელმწიფოს მთლიანი ბიუჯეტი დაახლოებით 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის დირექტორი, ქენან ალიევი, ამბობს:

„1994 წელს ზავის გამოცხადების შემდეგ აზერბაიჯანში უცვლელია განწყობა, რომ ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ტერიტორიას აუცილებლად დავიბრუნებთ. პოლიტიკოსები ყოველთვის იყენებენ ამ განწყობას. ვფიქრობ, მთავრობა მშვიდობის იდეის ხელშეწყობისთვის საკმარისს არ აკეთებს“, - ამბობს ქენან ალიევი და დასძენს: „აზერბაიჯანითავდაცვის ბიუჯეტს სულ უფრო მეტად ზრდის, რაც მოწმობს, რომ მთავრობა არასოდეს გამორიცხავს ამ კონფლიქტის სამხედრო ძალით გადაჭრის შესაძლებლობას. ბიუჯეტი ახლა 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, მომავალ წელს კი 3 მილიარდს გადააჭარბებს. პრეზიდენტ ალიევის განცხადებით, ეს სომხეთის მთელ ბიუჯეტს აღემატება. აზერბაიჯანმა ეს ტაქტიკა აირჩია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რაც საქართველოში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში - მოხდა, ბაქოში ბევრს ესმის, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი არ არის. რეგიონში არსებული კონფლიქტების უკან ძირითადად რუსეთი დგას და სწორედ მას მიეცემა ბოლო სიტყვის თქმის საშუალება ამგვარ შეიარაღებულ კონფლიქტში“.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სრულად მოგვარებას ახლო მომავალში არავინ ელის. თუმცა, როგორც ოთხშაბათის შეხვედრის შემდეგ დმიტრი მედვედევმა განაცხადა, სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების „მთავარ პრინციპებზე“ შეჯერება შეიძლება დეკემბრის დასაწყისში ასტანაში დანიშნულ ეუთის სამიტამდე მოხდეს.

ვითარებას, ცხადია, ისიც ართულებს, რომ რუსეთის მხრიდან ამ კონფლიქტში შუამავლის როლის შესრულება თავად წარმოადგენს კომპლექსურ საკითხს. „ბაქოში ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ რუსეთს ამ კონფლიქტის მოგვარება სათავისოდ ხელსაყრელი პირობებით სურს და ამან შესაძლოა რუსეთის ე.წ. მშვიდობის დამცველების დაბრუნებაც მოიცვას მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. ამას კი ბაქო დადებითად არ შეხვდება“, -ამბობს ქენან ალიევი. - „ამასთან, ამ კონფლიქტის მოგვარების სანაცვლოდ რუსეთმა შესაძლოა სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც უფრო მეტი მხარდაჭერა სთხოვოს მოსკოვის მიერ საქართველოსთან მიმართებით გატარებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით“.

ოთხშაბათის შეხვედრის დასრულების შემდეგ დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლებიც მთიანი ყარაბაღის ირგვლივ ერთმანეთთან ოფიციალურად კვლავ საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან, პატიმართა გაცვლაზეც შეთანხმდენ.
XS
SM
MD
LG