Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სამიტზე სამომავლო საფინანსო კრიზისის თავიდან აცილების წესებს დაადგენენ


ევროკავშირის ორდღიან სამიტზე, რომელიც ხუთშაბათს და პარასკევს იმართება ბრიუსელში, წევრი ქვეყნები შეიმუშავებენ გეგმას იმისათვის, რომ მომავალში აღარ მოხდეს ისეთი საფინანსო კრიზისი, როგორიც თავს დაატყდა საბერძნეთს. გეგმის პროექტი საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც სხვა წევრებთან კონსულტაციების გარეშე შეიქმნა, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია.

ხუთშაბათს გახსნილი სამიტის მთავარი თემაა უნდა შეიცვალოს თუ არა ლისაბონის ხელშეკრულება. გერმანია და საფრანგეთი მასში ცვლილებების შეტანით ფიქრობენ კრიზისისგან დაიცვან საერთო-ევროპული ვალუტა - ევრო. თუმცა პარიზისა და ბერლინის ასეთ მიდგომას - ანტიკრიზისული გადაწყვეტილებები სხვა წევრებთან შეუთანხმებლად შეიმუშაონ - კმაყოფილება არ მოჰყოლია. ამგვარად, პროექტი განხილვის გარეშე იქნა წარდგენილი. თავდაპირველად ქვეყნების ჯგუფმა, რომელშიც შვეცია, ფინეთი, ნიდერლანდი და ლუქსემბურგი შედიან, წამოაყენეს წინადადება, შექმნილიყო მექანიზმი, რომელიც ავტომატურად იგულისხმებდა სასჯელს ქვეყნისთვის, რომელიც მკაცრად დაწესებულ საბიუჯეტო დეფიციტს გადალახავდა. ამ აზრს ეთანხმებოდა ევროკომისია და, თავდაპირველად, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. შემდგომ, ორმხრივი მოლაპარაკების დროს, როცა მერკელი პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის დოვილში შეხვდა, მან პოზიცია შეცვალა და მიემხრო სარკოზის თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც, ქვეყნების ჯგუფმა უნდა განსაზღვროს, დასაჯონ თუ არა ის, ვინც საფინანსო ვალდებულება არ შეასრულა. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება სანქციების შესახებ პოლიტიკურ არენაზე რჩება და არა ევროკომისიის ხელში. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა გერმანია-საფრანგეთის მიდგომა შეაფასა როგორც მთელი ამ საკითხის „გაფუჭება“. ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ჟან კლოდ ტრიშემ მიიჩნია, რომ კრიზისის თავიდან აცილებისა და ევროზონის დასაცავად ეს გეგმა სუსტია. მაგრამ ანგელა მერკელი მტკიცედ დადგა. მან ოთხშაბათს თავისი ქვეყნის პარლამენტს ასე განუცხადა:

„მართალია, გერმანია-საფრანგეთის შეთანხმება ყველაფერი არ არის ევროპისთვის, მაგრამ ისიც მართალია, რომ გერმანია-საფრანგეთის შეთანხმების გარეშე ბევრი რამ არ გამოვა“.

პროექტის შესავალში მერკელი და სარკოზი გამოთქვამენ სრულ რწმენას ამ გეგმის მიმართ, რომელიც ევროკავშირის პრეზიდენტის, ჰერმან ფონ რუმპეს ანგარიშს ეფუძნება. მათი აზრით, ასეთი მიდგომა გაზრდის საფინანსო დისციპლინას, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ გამძლეობას, გააღრმავებს კოორდინაციას და კრიზისის მოგვარების ჩარჩოსაც შექმნის. ერთ-ერთი პუნქტი იქ არის ასევე ევროპის კავშირში ხმის უფლების ჩამორთმევა იმ წევრისთვის, რომელიც სავალუტო კავშირის პრინციპებს დაარღვევს. „როიტერმა“ გაავრცელა ერთ-ერთი ფრანგული წყაროს აზრი, რომ ეს უფრო მტკივნეული იქნება, ვიდრე ავტომატურად დასჯა ქვეყნებისა, რომელთაც ისედაც საფინანსო სირთულეები აქვთ.

მთავარი პრობლემა მერკელი-სარკოზის გეგმის განხორციელებაში ხმის ჩამორთმევის საკითხია, რადგან მის გასატანად ლისაბონის ხელშეკრულების შეცვლა იქნება საჭირო. ამ დოკუმენტის შემუშავებას წლები დასჭირდა და ბოლოს, როგორც იქნა, მიღებულ იქნა შარშან. მასში ცვლილების შეტანას 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. ევროპის კავშირის იუსტიციის კომისარმა ვივიენ რიდინგმა ეს იდეა სრულიად ილუზორულად შეაფასა. კრიტიკის მიუხედავად, მერკელს მიაჩნია, რომ მისი და სარკოზის კურსი სწორია:

„სრულიად უეჭველი და აშკარაა, რომ ამის მიღწევა შესაძლებელი გახდება მხოლოდ ევროპული შეთანხმებების შეცვლით“.

ევროს სტაბილურობის მილიარდიან ფონდს, რომელიც ევროს სიმყარის შესანარჩუნებლად და ევროზონის სუსტი ქვეყნების დასაცავად შეიქმნა, ვადა 2013 წელს გასდის, ამიტომაა, რომ მერკელს და სარკოზის სურთ, კრიზისის დაძლევის ცხადი გეგმა მანამდე იქნეს დამტკიცებული. ცხადია, ლისაბონის ხელშეკრულების შეცვლა მეტისმეტად გაძნელდება, რადგან გამოცდილება აჩვენებს, რომ ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება.
XS
SM
MD
LG