Accessibility links

ტერორიზმთან ბრძოლისას გაეროს უშიშროების საბჭო ადამიანის უფლებებს საფრთხეს უქმნის


მარტინ შეინინი

მარტინ შეინინი

გაეროს უშიშროების საბჭო, თავისი ანტიტერორისტული დადგენილებებით, საკუთარ უფლება-ვალდებულებებს აჭარბებს, - ასეთია დასკვნა ფინელი სპეციალისტისა, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლაში ადამიანის უფლებების დაცვის თემაზე მუშაობს და რომელსაც ამ მხრივ კვლევის ჩატარება გაერომ შეუკვეთა. დამოუკიდებელი ექსპერტის, პროფესორ მარტინ შეინინის დასკვნებს არ დაეთანხმა საბჭოს ორი წევრი, აშშ და რუსეთი. სხვა მუდმივ წევრებს მიაჩნიათ, რომ ანტიტერორიზმის საკითხებში გაერომ თავისი მიდგომა უნდა შეცვალოს.

მარტინ შეინინს უშიშროების საბჭომ სთხოვა გამოეკვლია, თუ როგორ მიდის უფლებების დაცვისათვის ხელშეწყობა და მისი მხარდაჭერა ტერორიზმთან ბრძოლისას. შეინინი საერთაშორისო სამართლის პროფესორია და გაეროში მას ტერორიზმთან ბრძოლის დროს ადამიანის უფლებების დაცვის მეთვალყურეობა ევალება. თავისი ანგარიში შეინინმა 26 ოქტომბერს გამოაქვეყნა. გაეროს შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ შეშფოთებას, უმთავრესად, ტერორიზმთან ბრძოლისას სხვადასხვა ზომის თვითნებური გამოყენება იწვევს, რაც გაეროს მთავარ მიზანს - ადამიანის უფლებების დაცვას - საფრთხეს უქმნის.

თავისი ანგარიშისთვის მკვლევარმა გააანალიზა უშიშროების საბჭოს მიერ ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით მიღებული ორი მთავარი რეზოლუცია. პირველია რეზოლუცია - 1373, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ მიიღეს. ეს რეზოლუცია საყურადღებოა იმ მხრივ, რომ მის დასამტკიცებლად საბჭოს სამი წუთი დასჭირდა და ამ შეხვედრის ჩანაწერი არ მოიპოვება. ეს რეზოლუცია აწესებს ზღუდეებს ტერორისტული ჯგუფების მოძრაობის, ორგანიზებისა და დაფინანსებისთვის ხელის შესაშლელად. მეორე რეზოლუცია, რომელიც შეინინმა განიხილა, რეგისტრირებულია ნომრით - 1267, და მიღებულია უფრო ადრე, 1999 წელს. ის მიმართულია თალიბანისა და ალ-ყაიდის წევრებისა და მომხრეთა წინააღმდეგ, უწესებს მათ მოგზაურობის შეზღუდვას, უყინავს მათ საბანკო ანგარიშებს და მათთვის იარაღის მიწოდებას კრძალავს. ამ სიაში დღესდღეობით 400 გვარი და ორგანიზაციაა შეტანილი. მათ შორის არიან პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებმაც პროტესტი გამოთქვეს იმის გამო, რომ სიაში თვითნებურად შეიყვანეს.

შეინინის დასკვნა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამართლიანობის დაცვას ამგვარი სიების შედგენისას, მით უფრო, რომ შესაბამის პირებს არა აქვთ საშუალება პროტესტი გამოთქვან. ავღანეთის მთავრობა შეეცადა ამ რეზოლუციის გაუქმებას ან, სულ მცირე, სიის გადახედვის საკითხის გატანას მაინც. ქაბულში მიაჩნიათ, რომ მასში შეყვანილი არიან გავლენიანი პირები თუ ორგანიზაციები, რომლებსაც, სავარაუდოდ, თალიბანთან კავშირი აქვთ. მათი სიიდან ამოღება შერიგების პროცესს გააიოლებდა, მიაჩნია კარზაის მთავრობას.

რეზოლუცია, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ დამტკიცდა, - როგორც ითქვა, ის ძალიან სწრაფად იქნა მიღებული, - მარტინ შეინინის აზრით, კვლავაც უქმნის საფრთხეს ადამიანის უფლებების დაცვასა და საერთაშორისო სამართალს. ის რეკომენდაციას აძლევს უშიშროების საბჭოს, უარი თქვას ასეთი ოფიციალური შავი სიების შექმნაზე:

„საუკეთესო გზა იქნებოდა, უშიშროების საბჭოს შეეწყვიტა ორგანიზაციებისა და კერძო პირების სიების შედგენა. არ ვამბობ, ეს ერთადერთი შესაძლებლობაა-მეთქი. ეს რადიკალური წინადადებაა და თვით უშიშროების საბჭოში, ზოგიერთი, მუდმივი წევრის ჩათვლით, ეწინააღმდეგება მას“.

აშშ და რუსეთი, გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთიდან ორი მუდმივი წევრი, კატეგორიულად არ ეთანხმება შეინინის კვლევის დასკვნებს. ეს ორივე ქვეყანა დაკავებულია ტერორიზმის საკითხით, ორივეგან ხდება ასეთი აქტები და მოსკოვიცა და ვაშინგტონიც ტერორიზმს თავისებური გზებით ებრძვიან. არცთუ ისე ხშირი შემთხვევაა, როცა აშშ და რუსეთი ერთად არიან რაიმეს წინააღმდეგ. საერთაშორისო სამართლის პროფესორის შეინინის მტკიცებით, არ არის სწორი, იურიდიული ძალის მქონე ვალდებულება დაეკისროს ვინმეს იმ ქმედებისთვის, რომელიც ჯერ არ ჩადენილა, რადგან ტერორიზმის საყოველთაოდ აღიარებული გაგება შემუშავებული არ არის.

როცა გაეროს უშიშროების საბჭო ტერორიზმის საწინააღმდეგო ზომებს იღებს ხოლმე, ამას გაეროს ქარტიის მეშვიდე თავის შესაბამისად აკეთებს. ეს თავი საბჭოს ანიჭებს უფლებამოსილებას, მსოფლიოში მშვიდობა დაიცვას. შეინინს მიაჩნია, რომ უშიშროების საბჭოს ეს უფლებამოსილება ბუნდოვანი და ფართოა:

„კიდევ რამდენ წელიწადს უნდა ვიცხოვროთ ახლანდელი წესებით, რომ უშიშროების საბჭო, როცა ტერორიზმს ებრძვის, მეშვიდე თავით ხელმძღვანელობს? რატომ არ შეიძლება, ის ტერორიზმის საწინააღმდეგო ზომებთან დაკავშირებული მრავალშრიანი საერთაშორისო ხელშეკრულებების სუბიექტი გახდეს? რაც ახლა ხელთ გვაქვს მეშვიდე თავის უფლებამოსილების სახით, ვერ იქნება მარადიული და უშიშროების საბჭოს წევრებმა ადრე თუ გვიან მისი გადასინჯვის ნება უნდა გამოავლინონ“.

უშიშროების საბჭოს ჰქონდა მცდელობა რეფორმირებისკენ გადაედგა ნაბიჯი და ზოგიერთი სუბიექტი სიებიდან ამოიღო, რასაც შეინინი აღიარებს. მაგრამ ის, თავისი ანგარიშის თანახმად, მიიჩნევს, რომ აუცილებელია იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, - მათთვის დაწესებული სანქციების მიმართ, რომლებიც დიპლომატების მიერ იქნა შემუშავებული, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილება, - სამართლებრივი გზით პროტესტის გამოთქმის საშუალება მიეცეთ.მათ დღემდე ასეთი შესაძლებლობა არა აქვთ.

საერთაშორისო სამართლის ფინელ პროფესორს, მარტინ შეინინს, მიაჩნია, რომ ტერორიზმთან ბრძოლის ზომების შესამუშავებლად უკეთესი გზა არსებობს. მისი თქმით, ეს იქნებოდა ერთი რეზოლუცია, რომელიც დღემდე არსებულ ყველა რეზოლუციას შეცვლიდა, მაგრამ შემუშავდებოდა მეშვიდე თავის სამართლებრივი გავლენის გარეშე და ადამიანის უფლებების დაცვის გათვალისწინებით.
XS
SM
MD
LG