Accessibility links

logo-print
სახალხო დამცველის აპარატი პერიოდულად პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევაზე განცხადებები კეთდება საქართველოს პარლამენტშიც. ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებათა ადმინისტრაციები ხშირ შემთხვევაში პატივს არ სცემენ ადვოკატთან შეხვედრის კონფიდენციალობას. სად და რა ფორმით ირღვევა პატიმართა უფლებები?

სახალხო დამცველს რამდენიმე დღის წინ საჩივრით მიმართეს ადვოკატებმა, რომლებიც მიუთითებდნენ გლდანის მერვე დაწესებულების საკარანტინე განყოფილებაში პატიმართა უფლებების დარღვევასა და დაწესებულებაში დამცველების დაშვებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. საჩივარში აღწერილი ფაქტების დადასტურების შემდეგ, სახალხო დამცველმა მიმართვა გაუგზავნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს და უმოკლეს ხანში პრობლემებზე ადეკვატური რეაგირება მოსთხოვა, თუმცა, როგორც 29 ოქტომბერს მერვე დაწესებულების წინ გამართული საპროტესტო აქციიდან გაირკვა, ამით ვითარება დიდად არ შეცვლილა. ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის ზაზა ხატიაშვილის თქმით, ადვოკატები საათებისა და დღეების განმავლობაში ვერ ახერხებენ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პატიმრებთან შეხვედრას.

„ჩვენ, ადვოკატთა კორპუსი, ვაპირებთ, მთელ მსოფლიოს დავანახვოთ, რა ხდება საქართველოში ადვოკატებთან მიმართებაში, თუ როგორ დევნის სააკაშვილის რეჟიმი ადვოკატთა კორპუსს, თუ როგორ ტანჯვა-წამებით უხდება ადვოკატთა კორპუსს უფლებამოსილების განხორციელება. ვაპირებთ, მივმართოთ ევროპის ადვოკატთა ასოციაციას, რომელიც ამ საქმეს 26 ნოემბერს პლენარულ სხდომაზე განიხილავს“, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

გაირკვა, რომ ადვოკატები თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფებს ესაუბრებიან ადმინისტრაციული კორპუსის ერთ-ერთ სართულზე განთავსებულ საგამოძიებო ოთახებში, რომელთა რაოდენობა 22-ია. ამასთან, ოთახის კარი ღია რჩება და დერეფანში დაწესებულების თანამშრომელი პატრულირებს. შესაბამისად, ადვოკატისა და კლიენტის შეხვედრისას კონფიდენციალობის დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის გაგი მოსიაშვილის თქმით, პატიმრობის შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ეწინააღმდეგება.

„ვიზუალური კონტროლი შეიძლება, მაგრამ მიყურადება - არა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გაგი მოსიაშვილმა.

თუმცა ირკვევა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა უფლებები უფრო უხეში ფორმებითაც ირღვევა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ მოუწია რეაგირება ქსნის დაწესებულებაში აგვისტოსა და საქტემბერში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე:

„იყო პატიმრების ცემის ფაქტები... ჩვენი ჩარევის შემდეგ დაიწყო გამოძიება, თუმცა ჩვენ მაინც ვაგრძელებთ სერიოზულ მონიტორინგს და თითქმის ყოველ კვირა ვამოწმებთ ქსნის დაწესებულებას“.

სახალხო დამცველის საქმიანობით კმაყოფილნი არიან პატიმართა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა მათი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სახალხო დამცველამდე ძალადობის ყველა ფაქტი ვერ აღწევს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის უჩა ნანუაშვილის თქმით, განსაკუთრებით გახშირდა ზეწოლა იმ პატიმრებზე, რომლებსაც საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აქვთ შეტანილი.

„საუბარია იმაზე, რომ აპლიკანტებმა სტრასბურგში გაგზავნილი საჩივარი უკან გამოიტანონ. ზეწოლა მიდის პატიმრებზე, მათი ოჯახის წევრებზე... ასეთია ათეულობით ფაქტი და ბოლო თვეების განმავლობაში ეს სტატისტიკა იზრდება, თუმცა, გასაგები მიზეზის გამო, თვითონ აპლიკანტები ამ საკითხზე ვერ საუბრობენ“, - უთხრა უჩა ნანუაშვილმა რადიო თავისუფლებას.

სამაგიეროდ, ამის შესახებ საუბრობენ მესამე სექტორისა და პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები. დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ მიმდინარე სასესიო კვირაში, პლენარულ სხდომაზე, პატიმართა უფლებების მზარდი დარღვევების გამო შეშფოთება გამოთქვა და კოლეგებს მონიტორინგის სპეციალური ჯგუფის შექმნისკენ მოუწოდა, თუმცა უმრავლესობამ ოპონენტის შეშფოთება არ გაიზიარა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ეკა ხერხეულიძემ კი განმარტა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ვითარების კონტროლს მონიტორინგის მოქმედი ჯგუფი თავს ართმევს:

„ყველა ნაკლოვანების შესახებ ვართ ინფორმირებული, მაგრამ ვერ გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, თითქოს პატიმართა წამების ახალი ტალღა დაიწყო. არ შეიძლება საზოგადოების დაძაბვა უსაფუძვლოდ!“
XS
SM
MD
LG