Accessibility links

logo-print
20 დღეა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინ აფხაზეთიდან დევნილთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილენი დედაქალაქსა და ქალაქ ზუგდიდში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ. სამინისტრო, თავის მხრივ, მათ განსახლებას აბაშის, ხობის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ზუგდიდისა და გურჯაანის სოფლებში სთავაზობს. საუბარია 12 კოლექტიურ ობიექტზე, სადაც დევნილებს ბინები საკუთრებაში გადაეცემათ. დღეს საპროტესტო აქციის მონაწილე დევნილებს ამის შესახებ წერილობითი განმარტება სამინისტროსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებმა ინდივიდუალურად გადასცეს. განსახლებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებმა 5 დღის ვადაში უნდა მიიღონ.

აქციის მონაწილეები სამინისტროს შეთავაზებას, შეიძლება ითქვას, უარყოფითად და უნდობლობით შეხვდნენ. ისინი არ აპირებენ თავიანთ მოთხოვნებზე უარის თქმას და აქციის გაგრძელების ახალი გეგმაც შემუშავებული აქვთ. ამ გეგმას ისინი წინასწარ არ ამხელენ. ის კი, რაზეც დაუფარავად საუბრობენ, შემდეგი არგუმენტებია:

”მე, მაგალითად, აქა მაქვს მისამართი, აქა ვარ ჩაწერილი და აქედან ფეხს არსად არ გავადგამ. მე იქ ბინა რომ მომცენ, მარტო ბინა ხომ არ არის, მუშაობა ხომ მინდა, საჭმელი ხომ მინდა, საიდან მოვიტანო საჭმლის ფული? იქ სამუშაო არ არის. მთელი ხობი, სენაკი, ზუგდიდი დაცლილია. ადგილობრივები ყველა აქ მუშაობს; აქ, თბილისში, არიან ჩამოსულები და მე წავიდე იქით?”

”მე პირადად ბათუმში ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი რომ შემთავაზონ, არ შემიძლია იქ წასვლა, იმიტომ რომ შვილი სწავლობს აქ. როგორ წავიყვანო, მარტო ვერ დავტოვებ”.

”არა, არ წავალ, იქ რა მინდა? აქ დავრჩები, ან ქალაქ ზუგდიდში თუ მომცემენ, წავალ”.

განსახლებისთვის სხვა ალტერნატიული ფართების შეთავაზება ამ ეტაპისთვის სამინისტროს მხრიდან შეუძლებელია, გვითხრა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა ვალერი კოპალეიშვილმა.

”ადამიანებს თუ უნდათ, დღესვე გადაწყვიტონ თავიანთი პრობლემები, ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები, და არა ერთი, არამედ რამდენიმე, და შეუძლიათ ეს არჩევანი გააკეთონ. თუ ვინმეს ეს არჩევანი არ მოსწონს, შესაძლებელია სხვა არჩევანი მიიღოს. გეგმა არ ავალდებულებს, გინდა თუ არა, დღეს მიიღონ გადაწყვეტილება. შეუძლიათ სხვა ალტერნატივა აირჩიონ, მაგრამ დღეს, ამწუთში, მათ რა საჭიროებებიც აქვთ, სრულიად დამაკმაყოფილებელია. ეს არის საერთაშორისო სტანდარტებით ახლად რეაბილიტირებული ფართები სხვადასხვა ადგილას. არ არის ერთი ადგილი და მათ შესაძლებლობა ექნებათ იქ დაიწყონ ცხოვრება”.
XS
SM
MD
LG