Accessibility links

მალაიზიაში დაკავებული ქართველების მარშრუტი ცნობილია


ნარკოტიკები

ნარკოტიკები

საგარეო საქმეთა სამინისტრომ მალაიზიაში 26 ოქტომბერს ნარკოტიკების აღმოჩენის ფაქტზე დაკავებული ორი ქართველი ქალის შესახებ რამდენიმე დაზუსტებული ინფორმაცია გაახმაურა - მათ შორის, დაკავებულების ადგილსამყოფლისა და იმ მარშრუტის შესახებ, რომლითაც ისინი მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში მოხვდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის გიორგი ტაბატაძის განცხადებით, ცნობილი გახდა მალაიზიაში დაკავებული ქართველი ქალების ვინაობა და ის მარშრუტი, რომლითაც ისინი მალაიზიაში ჩაფრინდნენ. თუმცა ამ ეტაპზე ორი ქართველის ვინაობას გიორგი ტაბატაძე, დაკავებულებისა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ასახელებს:

”მათი ვინაობის გამხელისგან თავს შევიკავებ, თუმცა ჩვენთვის ცნობილია მათი ვინაობა; ასევე ცნობილია, რომელ კუნძულზე იმყოფებიან დაკავებულები; ეს არის კუნძულები ბორნეო და პენანგი, და მარშრუტი, რომლითაც ჩავიდნენ მალაიზიაში - ეს არის სტამბული-მაროკო-კამერუნი და მალაიზია”.

შეგახსენებთ, რომ ერთი ქართველი ქალი საბაჟო კონტროლის გავლისას კუალა-ლუმპურის აეროპორტში დააკავეს. მის ბარგში მოთავსებული სურათის ჩარჩოში ნარკოტიკული ნივთიერება - მეტამფეტამინის ჯგუფის პრეპატარი - აღმოაჩინეს. მეორე ქართველი კი სასტუმროში დააპატიმრეს. მასაც იგივე ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინეს - ჯამში, 5 კილოგრამზე მეტი.

საგარეო უწყების წარმომადგენელი გიორგი ტაბატაძე, დაკავებულების მონათხრობზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ მათ ნარკოტიკული ნივთიერების შესახებ არაფერი იცოდნენ და ბარგი სხვა პირმა გადასცა კამერუნში.

რაც შეეხება დაკავებულების დაცვისა და მათი ექსტრადიციის საკითხებს, ეს ყველაფერი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. პირველ ეტაპზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, უკრაინაში მალაიზიის საელჩოს მეშვეობით, ცდილობს ვითარებაში დეტალურად გაერკვეს. საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, შესაძლოა საქმეში სხვა მეგობარი ქვეყნების საელჩოებიც ჩაერთონ.

ასევე ცნობილია, რომ დაკავებულ ქართველ ქალებს მომავალი კვირის ოთხშაბათს ან ხუთშაბათს გაასამართლებენ. თუ დამტკიცდა, რომ მათთან ნარკოტიკი შემთხვევით მოხვდა, შესაძლებელია შედარებით მსუბუქი სასჯელი მიუსაჯონ.

”ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულია სიკვდილით დასჯა, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევები. თუკი დადასტურდა, რომ ისინი იყვნენ მხოლოდ გადამზიდავები, მაშინ შესაძლებელია მათ მიმართ შედარებით მსუბუქი სასჯელის ზომა იყოს გამოყენებული. ანუ მთავარია, რომ მათ არ დაუდასტურდეთ ამ ნარკოტიკების შეგნებულად გადატანის ფაქტი”, - განაცხადა გიორგი ტაბატაძემ.

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი ჯემალ ჯანაშია, რომელიც წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი იყო, რადიო თავისუფლებასთან საუბარში არ გამორიცხავს, რომ ნარკოტიკები მალაიზიაში საქართველოდან მოხვედრილიყო და ამ მოსაზრებას რამდენიმე არგუმენტით ამყარებს. იგი ასევე იხსენებს საქართველოში ზაფხულში აღმოჩენილი ნარკოტიკების დიდ პარტიას, რომელიც ჯართთან ერთად შემოდიოდა:

”ეს რაზე მეტყველებს - რომ საქართველო საერთაშორისო ნარკობიზნესის რუკაზე ჩამოყალიბდა როგორც სატრანზიტო სივრცე. აქ რა მომენტია: პირველი, ეს არის უმოკლესი გზა ევროპიდან აზიაში და, პირიქით, და ასევე ნაკლებად კონტროლირებადი. როდესაც ფოთის პორტში დიდი ხნის განმავლობაში შემოდიოდა ჯართში დამალული ნარკოტიკები, და ის დიდი ხნის განმავლობაში აღმოჩენილი არ იყო ეს ნიშნავს, რომ პროფესიონალური დონე, შესაბამისი სამსახურები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ნარკოტიკის აღმოჩენის სხვადასხვა თანამედროვე საშუალება ჯერ არ გაგვაჩნია... ამიტომ ნარკომაფია ასეთ სივრცეებს ყოველთვის ეძებს და, ალბათ, საქართველო ასეთ რუკაზე ერთ-ერთი ჩამოყალიბებული ქვეყანაა”.

ჯემალ ჯანაშია, საკუთარ პრაქტიკაზე დაყრდნობით, ასევე აცხადებს, რომ შესაძლოა, მალაიზიაში ქართველი ქალების დაკავება ნარკოტრეფიკის ახალი მარშრუტის გაკვალვის წარუმატებელი მცდელობის ნაწილი იყოს. ჯემალ ჯანაშიას განცხადებით, დასაწყისში ასეთი გზის შერჩევისას, როგორც წესი, ქალებს იყენებენ.
XS
SM
MD
LG