Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავისუფლება, რომელიც უსაფრთხოებამ ჩააჩოჩა


პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო თავისუფლების ქარტია, დოკუმენტი, რომელიც ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ ინიცირებულია და რომელიც სამი ნაწილისგან შედგება. ერთი ნაწილი საბჭოთა სიმბოლიკას ებრძვის, მეორე ნაწილი ლუსტრაციის პროცესებს არეგულირებს, მესამე კი, „პატრიოტის აქტის“ სახელით, სამართალდამცავი ორგანოებისთვის გარკვეულ პირობებში გაზრდილ უფლებებს მოიცავს. „პატრიოტის“ ქართული აქტი 2001 წლის11 სექტემბრის შემდეგ მიღებული ამერიკული „პატრიოტის აქტის“ კვალზე დგას და გაძლიერებული სახელმწიფო, კონტროლის გზით, ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

საქართველოს პარლამენტმა დაიწყო პატრიოტის აქტის განხილვა, აქტისა, რომელიც ამერიკაში რეაქციის სახით მიიღეს და მალევე გააპროტესტეს - პიროვნულ თავისუფლებას შეეხო და იმიტომ. ზღვარი აქ ძნელი დასადგენი აღმოჩნდა. გაჩნდა სასამართლო საქმეები, სადაც ადვოკატებს უჭირდათ საკუთარი კლიენტების დაცვა, რადგან მათ ურთიერთობებში სახელმწიფო ჩაერია. სახელმწიფო ჩაერია უნივერსიტეტში პროფესორებისა და ახალბედა მეცნიერების ურთიერთობებშიც, რამაც, სხვადასხვა მონაცემით, მუსლიმური ქვეყნებიდან გონითი პოტენციალის დინების კლება გამოიწვია. აი შედარებით ახალი მაგალითი „ნიუ იორკ ტაიმსის“ ამა წლის თებერვლის სტატიიდან:

”რალფ ფერტიგს, 79 წლის სამოქალაქო უფლებათა იურისტს (დავამატებ, ამერიკელ იურისტს), სურს, დაეხმაროს აჯანყებულ ქურთულ ჯგუფს თურქეთში, მოძებნოს პრობლემის მოგვარების მშვიდობიანი გზები, მაგრამ ეშინია გასამართლებისა კანონით, რომელიც მას ტერორისტებად მიჩნეულ ჯგუფებთან ურთიერთობას უკრძალავს”.

ამ შემთხვევის განხილვით „ტაიმსი“ განავრცობს თემას და ნათელი ხდება, რომ ტერორიზმთან ბრძოლა ამერიკელი მოქალაქეების თავისუფლებასთან იკვეთება. რალფ ფერტიგი სტატიაში ამბობს, რომ მდგომარეობა უარესია, ვიდრე გენერალ მაკარტურის დროინდელ ამერიკაში იყო (იმ პერიოდის აკრძალვებს მაკარტურიაზმად მოიხსნიებენ):

„არასდროს ყოფილა კომუნისტების დახმარება ან მათი იდეოლოგიის გაზიარება არალეგალური. კი, შესაძლოა დაგეკარგა სამსახური, დაგეკარგა მეგობრები, შესაძლოა გარიყულიყავი, მაგრამ შენ იქნებოდი თავისუფალი. დღეს იგივე პიროვნება ციხეში მოხვდება“.

თუმცა რალფ ფერტიგი არ ჩერდება - „პატრიოტის აქტს“ სასამართლოში უპირისპირდება და მისი ანტიკონსტიტუციურობის დამტკიცებას ცდილობს.

ფორუმები სავსეა საკითხზე მსჯელობით - მოქალაქეები თავიანთ პოზიციას გამოხატავენ: ქვეყნის უსაფრთხოება, ბევრი ამერიკელის აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ ინდივიდის თავისუფლებაზე გადის.

საქართველოში ნახევრად ცარიელი პარლამენტი შეფარულ საპრეზიდენტო ინიციატივას განიხილავს. ინიციატივას ოფიციალურად ფრაქცია ”ძლიერი საქართველოსთვის” წარადგენს. ტექსტი? ანუ რას მოიცავს „პატრიოტის აქტის“ ქართული ვერსია? პროექტის ოფიციალურ ავტორთან ორდღიანი სატელეფონო კომუნიკაციის მცდელობის მიუხედავად, დოკუმენტი ვერ მოვიძიე. არც ინტერნეტში დევს რამე, პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი საძიებო სიტყვაზე მხოლოდ გია თორთლაძის მცირე სურათს და ერთაბზაციან განმარტებას მთავაზობს. მოქალაქეების უმეტესობას პროექტზე საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს.

რადიო თავისუფლება: პატრიოტთა აქტზე ან თავისუფლების ქარტიაზე გაგიგიათ რამე?
მოქალაქე: რაღაცა ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ სახელწოდება კარგ შთაბეჭდილებას ახდენს.

ქართულ ინტერნეტსივრცეშიც მოქალაქემ გადაწყვიტა, ალბათ, რომ კარგად ისმის და ფორუმზე გახსნა ”ტოპიკი” ამ თემაზე, თუმცა დისკუსია ამ ფორუმზე ორი კომენტარით შემოიფარგლა...

პარლამენტი კი განხილვას ნახევრად ცარიელ დარბაზში განაგრძობს, უფრო სწორად, იწყებს - კანონპროექტი პირველი მოსმენით გადის.

დავით დარჩიაშვილი: ეს კანონი საჭიროა ბევრი რამისთვის. საჭიროა იმისთვის, რომ რაღაც საკითხები დასახვეწია და ეს კანონი ამას ცდილობს, მაგრამ საჭიროა აგრეთვე აღმზრდელობითი საქმიანობისათვის, იმის გაგებინებისათვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს, თუ საიდან მოვდივართ და რა არის საფრთხე.

აღმზრდელობით პროცესში ჩართვის მსურველ მოქალაქეს, დღეის მდგომარეობით, პარლამენტში ნაცნობ-მეგობრების ან სხვა ხვრელების ცოდნის გარეშე ძალიან გაუჭირდება იმაზე მეტის გაგება, ვიდრე პოლიტიკოსთა რიტორიკა მოიცავს. იქნებ არც მოეთხოვება? იქნებ, უბრალოდ, კანონს დაადგენენ და როცა მის ძალას მოქალაქე საკუთარ თავზე გამოცდის, განათლდება და აღიზრდება?

ცოტა მეტი უნდა ითქვას თავად საკანონმდებლო პაკეტზე. პატრიოტის აქტი შემადგენელი ნაწილია თავისუფლების ქარტიისა, რომელიც, როგორც საპარლამენტო მოსმენებიდან ირკვევა, პატრიოტის აქტის გარდა, ორ სხვა რამეს მოიცავს. ერთია - ლუსტრაციის კანონი და მეორე - საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვა. სახელები, მართლაც, ისმის. ყველაზე სმენადი ქარტიის შემადგენელი აქტი - „პატრიოტი“ - სამართალდამცავ ორგანოებს, სახელმწიფოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უფლებებს უძლიერებს.

პავლე კუბლაშვილი:
ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, მის სულისკვეთებასთან და მის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ ამ დარბაზში მყოფნი ერთიანი ვართ. და, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მას მხარდაჭერა ექნება ისევე, როგორც ყველა იმ მიმართულებას, რომელიც ამ კანონპროექტში არის წარმოდგენილი, მეც პიროვნულად და ჩემი კოლეგებიც, ალბათ, მხარს დავუჭერთ.

პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალულ კანონპროექტში განსხვავებულია შესრულების ფორმების მიმართ მიდგომები, აღსრულების პროცესში მოსალოდნელი პრობლემების მიმართ დამოკიდებულება, მაგრამ, მიზანი, როგორც ირკვევა, ერთია. პარლამენტართა გამოსვლებში ხშირად ისმის გამოთქმა „კეთილშობილური მიზანი“. „კეთილშობილური მიზნის“ ფუნდამენტში კი ჩადებულია მტრის იდეოლოგია, რომელიც სამ სხვადასხვა დროშია გაწერილი. როგორც შესავალში ითქვა, კანონპროექტი სამი ნაწილისგან შედგება. ლუსტრაცია წარსულია - მათი გაშიფვრა, ვინც წარსულშია დამნაშავე, და ამ ადამიანებისთვის გარკვეული თანამდებობრივი და სხვა აკრძალვების დადგენა. სიმბოლიკა აწმყოა, აწმყოა, რომელსაც არ სურს წარსულის იერსახის რაიმე ნიშანი ჰქონდეს და გულდასმით იწმენდს სახეს სპირტიანი ბამბით, რომ ფერ-უმარილი მოიშოროს. პატრიოტის აქტი კი მომავალია, მომავალი, როცა ვერავინ ვერ გაბედავს ბოროტ და არაპატრიოტულ ძალებთან თანამშრომლობას.

„ტაიმსის“ სტატიას და ბატონ ფერტიგს დავუბრუნდეთ, რომელიც დასაწყისში ვახსენეთ. ფერტიგი, „ტაიმსის“ თქმით, გაოცებულია მთავრობის მიდგომით:

რალფ ფერტიგი: ძალადობა, ტერორიზმი? კატეგორიულად ვგმობ… ჩემი მისია არის კონფლიქტურ ჯგუფებთან ვიმუშაო იმისათვის, რომ მიაგნონ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზას. მე მინდა, ვცადო ისინი დავარწმუნო პროტესტის არაძალისმიერი მეთოდების, მაჰათმა განდის ან ლუთერ კინგის მეთოდების სიძლიერეში...

თუმცა ფერტიგის მისიას წინ კანონის სახით სახელმწიფოს ტერორიზმთან და ბოროტებასთან ბრძოლის მისია უდგას - მხარეები, საბოლოოდ, სასამართლოში მიდიან.

გადმოვინაცვლოთ საქართველოში და რადგან ჯერ კონკრეტული მაგალითი არა გვაქვს, მოდით, რალფ ფერტიგის მაგალითი ავიღოთ და მას ვირტუალურ სივრცედ საქართველო განვუსაზღვროთ. მსგავსი ადამიანის უფლებათა დამცველი რომ გამოჩნდეს საქართველოში და გადაწყვიტოს აფხაზთა უფლებების დაცვა ან იმ სამი გაუჩინარებული ოსი მოქალაქის ბედის გარკვევა, რას იტყვის პატრიოტის აქტი? სად გაივლის გამყოფი ზღვარი პატრიოტიზმსა და პიროვნულ თავისუფლებას შორის? და რამდენად შეძლებს სასამართლო დამოუკიდებლად საქმის განხილვას?

განსჯისთვის, მოდით, ცოტა წარსული გამოცდილება მოვიშველიოთ. ჰამარბერგის და დამოუკიდებელი გამოძიების მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სამი ოსი გამქრალი მოქალაქის საქმეზე გამოძიების ხელახალ ჩატარებას ჯერჯერობით არ აპირებენ. იდეოლოგიური მიზანი აქაც „კეთილშობილური“ და „დიადია“: სეპარატიზმთან ბრძოლა და ქვეყნის გამთლიანება…

იქნებ პატრიოტის აქტი უკვე არსებული მიდგომების ლეგალურ ხარისხში აყვანას ნიშნავს? და თუ ეს უფრო მეტია, მაშინ საკითხის არსისა და ფუნდამენტის შექმნას ცოტა მეტი დრო და სივრცე სჭირდება.
XS
SM
MD
LG