Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლეგატუმის“ კეთილდღეობის ინდექსი: „კარგად ყოფნას ფულით ვერ იყიდი“


„ფულით კარგად ყოფნას ყოველთვის ვერ იყიდი“ - ამას, სხვათა შორის, არა მხოლოდ ბრიტანეთში მოქმედი ინსტიტუტის, „ლეგატუმის“ მიერ გამოქვეყნებული კეთილდღეობის ინდექსის გაცნობის შედეგად დაასკვნით. თუმცა ამ სიაში პირველ ადგილებზე მყოფი ქვეყნებიდან ვერც ერთს ვერ ნახავთ, რომლის მოქალაქეებს შეიძლება ფული აკლდეთ; არიან ისეთებიც, რომლებსაც ეკონომიკურად გაუჭირდათ, მაგრამ სხვა მხრივ მაინც შესანიშნავად გრძნობენ თავს.

ინსტიტუტი, რომელიც ამ სახელს, „ლეგატუმს“, ატარებს, მსოფლიოს სხვადასხვა კატეგორიის ქვეყნებში პოლიტიკური, ეკონომიკური და ადამიანის პირადი თავისუფლების ხელშეწყობას ემსახურება. დამოუკიდებლად შეფასებული ეს კვლევითი ცენტრი აქვეყნებს სამეცნიერო ლიტერატურას თავისი საქმიანობის შესახებაც, რისი ერთ-ერთი ფორმა ეს კეთილდღეობის ინდექსიცაა. 2010 წელს გამოკვლეულთა სიაში 110 სახელმწიფოა. თავიდანვე გეტყვით, რომ იქ საქართველოს და მისი მეზობელი კავკასიის მცირე ქვეყნებს ვერ ნახავთ. შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს, რომელთა ბოლო პერიოდის ისტორია საქართველოსას ენათესავება, შედარებით კარგი ჯანმრთელობის დაცვის სისტემა აქვთ. ასევე რიგიანია განათლების პროგრამები, მაგრამ „ლეგატუმის“ ინდექსის ავტორებმა დაადგინეს, რომ ამ სახელმწიფოებში მართვაა დაბალ დონეზე.

ჯიჰი ჩოი, ინსტიტუტის კვლევისა და პროგრამების ანალიტიკოსი, განმარტავს:

„ამ ქვეყნებიდან ბევრში ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სისტემები ძლიერია, მაგრამ მართვა - სუსტი. იქ ეს დადებითი ფაქტორები მაღლა სწევს კეთილდღეობის დონეს, მაგრამ ცუდი მართვა და კორუფცია, სამართლებრივი უწყებებისა და არჩევნების მიმართ უნდობლობა, პირიქით, დაბლა სწევს მას, ისევე როგორც არაეფექტიანი, არათანმიმდევრული თუ გაუმჭვირვალე მთავრობების ყოლა“.

ჩოივეს მააჩნია, რომ განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ხალხი კარგ განათლებას იღებს, მაგრამ პრობლემა ამ განათლებულთა დასაქმებაა:

„რაც ამ ქვეყნებს შეუძლიათ და უნდა გააკეთონ, ისაა, რომ ჯანმრთელ და განათლებულ მოსახლეობას დასაქმების საშუალება მისცენ, სურვილის შემთხვევაში, ჰქონდეთ ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობა (ვინც ეს წარმატებით გააკეთა, უკვე კეთილდღეობა აქვს)“.

„ლეგატუმის“ უფროსი მკვლევარი ეშლი ლენიჰენი ამბობს, რომ ამ ქვეყნებს, მსგავსი წარსულის გამო, მსგავსი ტენდენცია ახასიათებთ და, შესაბამისად, ინდექსის შუა წელი უკავიათ. ხორვატია, მაგალითად, ადრე წარმატებული იუგოსლავიის ნაწილი, 38-ე ადგილზეა, ყაზახეთი კი, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი, - 50-ეზე. რუსეთმა შარშანდელი 62-იდან ერთი ადგილით ქვემოთ დაიწია. უკრაინის (სიაში 69-ე) დაცემა უფრო აშკარაა - მან ექვსი საფეხურით გადაიწია უკან. მაკედონიამ იმარჯვა და ორი ადგილით დაწინაურდა, მოლდავეთის (სიაში 86-ე, პოსტსაბჭოთა სივრცეში - ბოლო) მახასიათებელი კი ასევე უკანსვლაა სამი ადგილით. სხვადასხვა ქვეყანა, სხვადასხვა სფეროს მონაცემებით, სხვადასხვა დონეზეა და მათ ადგილს ინდექსში ხშირად რომელიმე სფეროში მეტი წარუმატებლობა თუ წარმატება განსაზღვრავს. უზბეკეთმა (სიაში 76-ე) 11 ადგილით გაიუარესა საერთო პოზიცია, მაგრამ იმის გამო, რომ მისმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა 39 საფეხურით დაიწია. შემდეგი მსგავსი მაგალითი იმ მხრივ, რომ იქ მართვისა და პირადი თავისუფლების დონე დაეცა, უკრაინაა. ინსტიტუტის თანმშრომელს მოჰყავს საპირისპირო მაგალითიც, რომ მხოლოდ ეკონომიკა არ განსაზღვრავს ამა თუ იმ ქვეყნის კეთილდღეობას. ირლანდია და ისლანდია ეკონომიკურმა კრიზისმა მეტად დააზარალა, მაგრამ იმის გამო, რომ ამ სახელმწიფოებში მაღალია ადამიანის პირადი თავისუფლების ხარისხი, ასევე განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და მართვის დონეც უმაღლესია, ისინი მე-11 და მე-12 ადგილებს იყოფენ და უსწრებენ, მაგალითად, მე-15 ადგილზე მყოფ გერმანიას. ისლანდიის ეკონომიკური მაჩვენებელი უარესია, ვიდრე პოლონეთისა, მაგრამ ეს კუნძული-სახელმწიფო, ადამიანთა უსაფრთხოების მხრივ, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ზოგადი მაჩვენებლით მეათეზე მყოფი აშშ პირველ ადგილზეა ჯანმრთელობის დაცვის მხრივ. განვითარებულ ქვეყნებს შორის წელს, „ლეგატუმის“ ინდექსით, მსოფლიოში, ყველა მონაცემით, პირველ ადგილზეა ნორვეგია. მას მოსდევენ დანია და ფინეთი. ინდექსის ბოლოში იხილავთ ზიმბაბვეს, პაკისტანს და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას.

ეშლი ლენიჰენი თავისი კვლევის ერთ დასკვნას გვიზიარებს:

„გარდა იმისა, რომ ბედნიერებას მატერიალური კეთილდღეობა განაპირობებს, დავადგინეთ, რომ მოქალაქეების კმაყოფილებას გავლენა აქვს ეკონომიკურ ზრდაზე. ეს რაღაც პოლიტიკური რეცეპტია - არა რეცეპტი, არამედ პოლიტიკური გავლენაა. როცა ქვეყნები კეთილდღეობას მიზნად ისახავენ, მომავალში წარმატების მეტი შანსი აქვთ“.

იქვე მას მოჰყავს სხვა ქვეყნების მაგალითები, როცა ეკონომიკური ზრდა კარგად ყოფნას სულაც არ განაპირობებს:

„დავადგინეთ, რომ ეკონომიკური ზრდა არაა საკმარისი ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი. მათი საერთო შიდაპროდუქტი კარგად იმატებს. თუკი „კეთილდღეობის მიზნად დასახვის“ იდეას მივუბრუნდებით, დავინახავთ, რომ ჩავარდნა სხვა სფეროებში, როგორიცაა ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, პირადი თავისუფლება, უსაფრთხოება და უშიშროება, განაპირობებს ამ ქვეყნების საერთო ადგილს ინდექსში“.

კიდევ ერთი ფენომენი, რომელიც თვალში ეცათ კვლევის ავტორებს, ისაა, რომ კეთილდღეობის თვალსაზრისით იზრდება სხვაობა ევროპის ქვეყნების დასავლეთსა და აღმოსავლეთს, სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის. ლენიჰენი ამბობს, რომ წარმატებული, მზარდი მონაცემების ქვეყნები წინ მიდიან და ისინი, ვისაც უკანსვლის ტენდენცია ახასიათებდა, სულ უფრო ქვემოთ მიცოცავენ. ამ ფენომენს, მისი აზრით, ის განაპირობებს, რომ ევროპის შიგნით დიდია მიგრაცია - ღარიბი ქვეყნების მოქალაქეები მიდიან უფრო მდიდარ ქვეყნებში უკეთესი ცხოვრების საძიებლად.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG