Accessibility links

logo-print

ევროკავშირი მომავალი კრიზისის თავიდან აცილების მიზნით ცვლილებებზე შეთანხმდა


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბრიუსელის სამიტზე

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბრიუსელის სამიტზე

ევროპის კავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მომავალი საფინანსო კრიზისის თავიდან ასაცილებლად საჭიროა გარკვეული ცვლილებების შეტანა ლისაბონის ხელშეკრულებაში.

საბიუჯეტო დისციპლინის გასამყარებლად და კიდევ ერთი კრიზისის თავიდან ასაცილებლად ევროკავშირის ლიდერებმა ახალი წესები შეიმუშავეს. შეხვედრა ბრიუსელში შედგა. ევროკავშირმა დაინახა, რომ წინასწარი ზომების მიღება და მზადყოფნაა საჭირო იმისათვის, რომ არ განმეორდეს იგივე, რაც მოხდა საბერძნეთში, როცა ქვეყნის უზარმაზარმა საბიუჯეტო დეფიციტმა ევროს საფრთხე შეუქმნა. მაშინ ევროს ზონის სახელმწიფოებს მოუწიათ სასწრაფოდ მიეცათ ათენისთვის დიდი სესხი და შეექმნათ 440 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდი. დღეს მიღწეული შეთანხმება, სხვათა შორის, გულისხმობს მუდმივი ფონდის შექმნას, რათა გასაჭირში მყოფ ქვეყნებს სწრაფად დაეხმარონ. ამასთან, ევროპის კავშირი გააკონტროლებს სახელმწიფოთა ბიუჯეტებს. იმ ქვეყნებს კი, რომლებიც ყურადღებით არ მოეკიდებიან საბიუჯეტო დეფიციტს და ვალებს, შეიძლება თანდათანობითი სანქციები დაუწესონ. როცა სამიტზე შეთანხმებას მიაღწიეს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ფონ რუმპემ, ზემოთქმული პრესკონფერენციაზე ასე განმარტა:

„ვითარების შესაბამისად, ქვეყნებს, რომლებიც დაარღვევენ პრინციპს, სანქციები დაუწესდებათ დროულად და თანდათანობით. დეფიციტის მონაცემებთან ერთად გათვალისწინებული იქნება საჯარო ვალის ოდენობა. სანქციები დაწესდება მანამდე, სანამ წლიური დეფიციტი სამ პროცენტს მიაღწევს, თუკი არ იქნა გატარებული სათანადო პრევენციული ზომები“.

ამ ცვლილებების გატარების ინიციატორები ევროკავშირის უმსხვილესი წევრები - გერმანია და საფრანგეთი იყვნენ. გერმანია ის ქვეყანაა, რომელზეც კრიზისში მყოფი ქვეყნებისთვის გაწეული დახმარების ყველაზე დიდი წილი მოდის. ბერლინს სურდა, რომ ყოველგვარი მუდმივმოქმედი შეთანხმება ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულების გარკვეულ, მცირე ცვლილებებში ასახულიყო. ამის მიზეზი ისაა, რომ კავშირის ცალკეულ წევრებს ეს დოკუმენტი სხვისთვის დახმარების გაწევის საშუალებას არ აძლევს. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ჟურნალისტებს აუხსნა:

„ყველა დაეთანხმა აზრს, რომ კრიზისის მოგვარების მუდმივი მექანიზმი უნდა არსებობდეს. ასევე ყველას მიაჩნია, რომ ასეთი მექანიზმი წევრმა ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ. ყველა დაეთანხმა აზრს, რომ ამისთვის ხელშეკრულებაში შეზღუდული ცვლილებებია საჭირო“.

არაერთი წევრი ქვეყნის წარმომადგენლები თავშეკავებით ეკიდებიან ამ ცვლილებების შესაძლებლობას. საქმე ისაა, რომ ლისაბონის ხელშეკრულებაში ცვლილება იოლი არაა, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ წლების განმავლობაში გაწეული მუშაობის შემდეგ დოკუმენტი სულ 11 თვის წინ, როგორც იქნა, დამტკიცდა. ფონ რუმპემ იქვე თქვა, რომ ხელშეკრულებაში დიდი ცვლილებები არ შევა:

„არაა ლაპარაკი ლისაბონის ხელშეკრულების კვლავ განხილვაზე ან ახალ საფუძვლიან დებატებზე. არა. საჭიროა კრიზისის მოგვარების მუდმივი მექანიზმის შექმნა და ეს ყველას სურს. ამას კი სჭირდება საკონსტიტუციო საფუძველი, ხელშეკრულებაში ჩაწერილი უფრო ეფექტიანი საფუძველი“.

შეთანხმება შედგა, მაგრამ ცვლილებების შეტანა, თუნდაც მცირედის, იოლი არ იქნება. მათ ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი. ასევე ყველამ უნდა დაამტკიცოს ან პარლამენტის, ან რეფერენდუმის ძალით. დეკემბრის სამიტზე ევროკავშირი ამ თემას მიუბრუნდება და მას კვლავ განიხილავს. ამჟამად მოქმედ ფონდს ძალა გაუვა 2013 წლისთვის და სწორედ ამ ვადის შემდეგ იქნება საჭირო ახალი მექანიზმის ქონა. ასევე დეკემბერში მიუბრუნდებიან ქვეყნები სხვა საკითხს, გერმანიის წინადადებას, რომ ქვეყანას, რომელიც საფინანსო დისციპლინას დაარღვევს, ევროკავშირში ხმის უფლება ჩამოერთვას.
XS
SM
MD
LG