Accessibility links

logo-print
29 ოქტომბერს საინფორმაციო სააგენტო რეიტერმა, უშიშროების უწყების ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის ეჭვმიტანილი 20 პირის დაკავების შესახებ. ამავე ინფორმაციის თანახმად, დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არიან. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ისინი საქართველოში ჯაშუშთა ქსლის ჩამოყალიბებასა და რუსეთისათვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებაში არიან ეჭვმიტანილნი. შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულს არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი კი აზუსტებს, რომ ბრიფინგი ამ საკითხზე 5 ნოემბერს გაიმართება.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ბოლო წლებში ჯაშუშური სკანდალის თემა რამდენჯერმე გახდა აქტუალური, თუმცა თავისი რეზონულობითა და შედეგების სიმწვავით განსაკუთრებით გამოყოფენ ერთ ეპიზოდს. კერძოდ, 2006 წლის 27 სექტემბერს საქართველოს სპეცსამსახურებმა, აგენტურულ-დივერსიული ქსლის შექმნის ბრალდებით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის 4 ოფიცერი დააკავეს, რასაც რუსეთის მხრიდან საქართველოზე მკაცრი სანქციების დაწესება და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის მკვეთრი დაძაბვა მოჰყვა.

2006 წლის შემდგომ ყოველი ჯაშუშური სკანდალი საქართველოსთვის, შეიძლება ითქვას, საფრთხის შემცველი იყო. ამიტომ საზოგადოება დაძაბული ელის 5 ნოემბერს, როდესაც, სავარაუდოდ, ცნობილი გახდება დეტალები. რატომ 5 ნოემბერი და, მეორე მხრივ, რატომ 29 ოქტომბერი? - კითხულობს უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი, ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბესო ალადაშვილი, რომელიც გარკვეულწილად თავადვე პასუხობს ამ შეკითხვებს და 2 მომენტს გამოყოფს: კერძოდ, საინფორმაციო სააგენტო რეიტერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებული არ ყოფილა 20 ეჭვმიტანილის დაკავების თარიღი, ჯაშუშური ქსლის შექმნა და შემდეგ აღმოჩენა კი პროცესია, რომელსაც ხანგრძლივი დრო სჭირდება:

”სხვა ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ჯაშუშური ქსლის აღმოჩენა ხშირად პოლიტიკურ მიზნებს, კონკრეტულ პოლიტიკურ ამოცანებს უკავშირდება - ვთქვათ, რომელიმე ქვეყნის ლიდერებთან ურთიერთობას, ქვეყნებთან ურთიერთობას ან ქვეყნის წინააღმდეგ თუნდაც გარკვეულ მოქმედებებს, ანუ ჯდება საერთო გეოპოლიტიკურ მოზაიკაში, ანუ ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანია. ამიტომ ვამბობ, რომ როცა არ იყო მითითებული როდის დააკავეს, კონკრეტული რიცხვი, ეს ნიშნავს, რომ ეს რატომღაც 29 ოქტომბრისთვის იყო გათვლილი”.

ჯაშუშური ქსლის გამოვლენის თაობაზე ინფორმაციის ამჟამად გავრცელების შესახებ თავისი მოსაზრება აქვს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტს, ალექსანდრე რონდელს:

” რუსეთმა დაიწყო აქტიურად საქართველოსთვის დაბრალება ხან კადიროვის ხმით, ხან ლავროვმა თქვა და ხან კიდევ სხვა ვინმემ, რომ აქ ტერორისტებს ამზადებენ ჩრდილოკავკასიელებისთვის და ჩეჩნებისთვის. ახლა, ბუნებრივია, ამის საპასუხოდ თუ არის რაღაც მასალა, არ იქნება ცუდი, რომ გამომზეურდეს. თუ მართლა დაკავებული ჰყავთ ამდენი ხალხი, ნიშნავს, რომ დიდხანს მუშაობდა კონტრდაზვერვა. ეტყობა ეს ხანგრძლივი პროცესი იყო და, როგორც ჩანს, ჯერაც არ დასრულებულა, რადგან ყველაფერი გამზადებული რომ ჰქონდეთ, ალბათ გამოაცხადებდნენ უკვე”.

ალექსანდრე რონდელი ფიქრობს, რომ საქართველოში ჯაშუშური ქსლის გამოვლენა დროში ემთხვევა პოლიტიკურ ეტაპს, როდესაც რუსეთი დასავლეთის თვალში რეაბილიტაციას ცდილობს. შესაბამისად, ექსპერტის ვარაუდით, რუსეთის ავტორიტეტს ეს ფაქტი საგრძნობლად ავნებს. სხვა საკითხია რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობათა დათბობის პირობებში თავად დასავლეთის მოსალოდნელი გაღიზიანებაც.

”თუ ამხელა ჯაშუშურ ქსელს ქმნიან, ჩუმად უნდა ვიყოთ? ” - კითხულობს ამის პასუხად ექსპერტი.

მორიგი ჯაშუშური სკანდალის შესახებ, ოფიციალური ცნობებით, მოსკოვი ინფორმაციას არ ფლობს: გამოცემა ”კომერსანტს” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტში უთხრეს, რომ, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში, რუსულ მხარეს ოპერატიული ინფორმაცია ამ საკითხზე არ გააჩნია. მთავარი კი, რასაც ყურადღება მიაქციეს, არის ის, რომ ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები არიან. ამ უკანასკნელ გარემოებას გაუსვა ხაზი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც. მან ვიეტნამში ვიზიტისას სააგენტო „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ რუსეთის საგარეო უწყებას არა აქვს ინფორმაცია საქართველოში რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე ჯაშუშური ქსლის გამოაშკარავების შესახებ.

”როგორც ჩვენ გვესმის, საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. მეტი ჩვენ არაფერი ვიცით” ,- აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, უშიშროების კომიტეტის წევრმა გენადი გუდკოვმა კი საინფორმაციო სააგენტოებს განუცხადა, რომ ჯაშუშებზე საუბარი საქართველოს შიდაპოლიტიკის ნაწილია, რუსეთს კი ინფორმაციის შესაგროვებლად ძველი ჯაშუშური მეთოდების გამოყენება არ სჭირდება.

დაბოლოს, სააგენტო ”ინტერპრესნიუსი” ასევე ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაკავებულები რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის სასარგებლოდ მუშაობდნენ და ინფორმაციას ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნების პირად მონაცემებსა და ასევე შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ შესყიდვებზე აგროვებდნენ.
XS
SM
MD
LG