Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპატიმრებებისა და საპარლამენტო ინიციატივების კვირა


საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი
საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი
გასული კვირის მომოხილვა ტრადიციულად ორშაბათიდან დავიწყოთ. 25 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ქართულმა აკადემიამ” პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებისთვის მუშაობის გაგრძელებისაკენ მოუწოდა. უმთავრესი ადრესატი ის 8 ოპოზოციური პარტიაა, რომელთაც ”საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი შექმნეს და, მასზე მუშაობის ერთობლივად დაწყების მიზნით, საგანგებოდ მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. თუმცა ხელისუფლება მათ ჯერ არ გამოხმაურებია..

„ქართული აკადემიის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თემურ ნანეიშვილი, მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ვითარების ესკალაცია და საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა კანონპროექტის დაბლოკვა სურს:

”მთავრობას უნდა, რამენაირად გაამწვავოს სიტუაცია. მაგათ ურჩევნიათ რევოლუციური გზით განვითარდეს მოვლენები და რევოლუციური გზით განვითარებულ მოვლენებს არ დაუჭერს არც უცხოეთი და არც ჩვენი საზოგადოება მხარს”.

პარლამენტის წევრი, დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი ამ მოსაზრებაზე კომენტარსაც კი ზედმეტად მიიჩნევს და განმარტავს, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან სათანამშრომლოდ მზადაა, ოღონდ დათქმებისა და ულტიმატუმების გარეშე.

25 ოქტომბერსვე პარლამენტში პოლიტიკური პარტია ”ქართული დასი” საქართველოს კანონში ”წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” დამატებების შეტანის ინიციატივითა და მედიკამენტებზე სახელმწიფოს მხრიდან ზღვრული ფასის დაწესების ინიციატივით გამოვიდა. ინიციატივა მედიკამენტებზე გამუდმებული ფასის ზრდის წინააღმდეგაა მიმართული.

თუმცა ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ფასის ყველანაირი კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან კატეგორიულად მიუღებელია. მათ შორისაა ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ლევან კალანდაძეც:

”ფასის არანაირი კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან არ უნდა იყოს. ფასწარმოქმნა არის მთავარი პირობა ბაზარზე თავისუფალი ოპერირებისა და ბაზრის თავისუფლებისა, ზოგადად. სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების მიმართ კიდევ შეიძლება სახელმწიფომ გაატაროს რაღაც საფასო რეგულაციის პოლიტიკა. აი, მაგალითად, წარმოიდგინეთ, ”ჯი-პი-სის” ვინმემ დაუწესოს ”სოფარმას” მიერ წარმოებულ ანალგინზე ფასი, რომ ის, ვთქვათ, 25 თეთრზე მეტი არ უნდა ღირდეს. ეს ხომ არარაციონალურია და, რაც მთავარია, პირდაპირ ქმნის ხელახალი მონოპოლიების გაჩენის რისკს. და ეს შეიძლება გახდეს არაჯანსაღი კონკურენციის საფუძველიც”.

26 ოქტომბერს კი კიდევ ერთი ინიციატივა გახმაურდა პარლამენტში. ამჯერად მისი ინიციატორი პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე გახლდათ. მისი იდეის არსი მედიამფლობელთა შესახებ ინფირმაციის გამჭვირვალობას ეხება.

”საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, თუ ვინ არის ამა თუ იმ მედიასაშაულების მფლობელი და რა ფინანსები აქვს მას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და იქვე დაამატა:

”ჩვენ გადავალთ ყველაზე მაღალ, ყველაზე დემოკრატიულ სტანდარტზე და იმედი მაქვს, ქართული მედიასაშუალებები ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ. განსაკუთრებით მგრძნობიარეა ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიების საკითხი და ამ მიმართულებით ჩვენ გვინდა, შემოვიტანოთ მეტი გამჭვირვალობა, რომ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანია, ანუ ადამიანები, რომელთა სახელებიც საზოგადოებისათვის არის დაფარული, არ წარმოადგენდნენ მედიასაშუალებების მფლობელებს, ან წარმოადგენდნენ, მაგრამ ისინი აუცილებლად საჯარო პირებად უნდა იქცნენ და მათი ვინაობა უნდა გაცხადდეს”.

მსგავსი ინიციატივით გამოსვლას აპირებდა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხუთკაციანი ჯგუფი მეორე დღეს, 27 ოქტომბერს, სახალხო დამცველის ოფისში. დავით ბაქრაძემ მათ ერთი დღით დაასწრო.

27 ოქტომბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შენობის ეზოში თავის დაწვით თვითმკვლელობა სცადა აფხაზეთიდან დევნილმა ნანა ფიფიამ. თვითმხილველთა მოწმობით, მან სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ ბენზინი გადაისხა. დამწვრობის ცენტრის ექიმების განცხადებით, მას სხეულის 32 პროცენტი აქვს დამწვარი.

ამავე დღეს ოპოზიციური ”ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის ძმის, ვახტანგ სუბელიანის დაკავებას გამოეხმაურა. „ქართული პარტიის“ წარმომადგენელმა კოკა გუნცაძემ მომხდარს პოლიტიკური შანტაჟი უწოდა:

”აღნიშნული ფაქტი ცალსახად შეიძლება შეფასდეს როგორც მძევლად აყვანა, პოლიტიკური ანგარიშსწორების ან პოლიტიკური შანტაჟის მიზნით.”

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ სუბელიანი, შპს ”ამოს” თანამშრომელი, ყალბი ანგარიშფაქტურების დამზადებისა და ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი ზარალის მიყენების გამო უკვე გაასამართლეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

28 ოქტომბერს ცნობილი გახდა მალაიზიაში ნარკოტიკების აღმოჩენის ბრალდებით დაკავებული ორი ქართველი ქალის ამბავი. ამჟამად ცნობილია მათი ვინაობა და ის მარშრუტი, რომლითაც ისინი მალაიზიაში მოხვდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ გაავრცელა:

”ცნობილია, რომელ კუნძულზე იმყოფებიან დაკავებულები - ეს არის კუნძულები ბორნეო და პენანგი - და მარშრუტი, რომლითაც ჩავიდნენ მალაიზიაში. ეს არის სტამბული-მაროკო-კამერუნი და მალაიზია”.

ქართული მხარე იმედოვნებს, რომ მათ ნარკოტიკების შეგნებული გადატანა არ დაუდასტურდებათ. ამ შემთხვევაში სიკვდილით დასჯა, შესაძლოა, შედარებით მსუბუქი სასჯელით შეიცვალოს. დაკავებულების განცხადებით, მათ ბარგი, რომელშიც ნარკოტიკი აღმოაჩინეს, კამერუნში ერთმა პირმა გადასცა.

ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, მაგრამ 28 ოქტომბერს სატელევიზიო არხებით გავრცელდა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ განხორციელებული და უშუალოდ ამერიკული ორგანიზაცია „გელაპის“ (Gallup) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული მონაცემების მიხედვით, გამოკითხულთა 56% მზად არის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი, ხოლო 29%-ს ასეთი პერსპექტივა არ მოსწონს. კვლევაში სხვა კითხვებზე პასუხებიცაა წარმოდგენილი. საერთო სურათი საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა მმართველი პარტიის ლიდერობას გამოკვეთს.

კვირის ბოლოს სააგენტო რეიტერმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში 20 ადამიანი დააკავეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით. რეიტერი, საქართველოს უშიშროების სამსახურების ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ყველა დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. მათ ბრალი ედებათ რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
საქართველოს შს სამინისტროში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ბრიფინგი ამ თემაზე 5 ნოემბერს გაიმართება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG