Accessibility links

logo-print
თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, „ჯორჯიან თაიმსის“ ცნობით, 2011 წლისთვის 100 მილიონი ლარით მცირდება. სხვა გაზეთები წერენ ახალი სარეზერვო სისტემის გეგმაზე, რომელიც 45-დღიანი იქნება და რომელიც თავის თავში არა საერთო გეგმის მიხედვით გადამზადებას, არამედ სპეციალიზაციას მოიცავს.

განათლების სისტემა. გაზეთები მანდატურებს აკრიტიკებენ. პრესის ფურცლებზე ექსპერტთა მონაცემებით, მიდგომა ძველია და თავის დროზე მეფის რუსეთში გამოიყენებოდა. იგი ეფუძნებოდა შეხედულებას, რომ ყველა მოსწავლე პოტენციური ბოროტმოქმედია.

გაზეთი „სიახლე“ ფსიქიატრიულ საავამყოფოებში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე წერს. გაზეთის მონაცემებით, საქართველოში 100 000-მდე ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანია, მათ უმეტესობას შიზოფრენიის სიმპტომები დაუდგინეს. ამ ადამიანების მძიმე სოციალურ პირობებსა და მათდამი მოპყრობაზე, რაც სახალხო დამცველის ანგარიშში აისახა, გაზეთი ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორს დავით ზურაბაშვილს ესაუბრა. ზურაბაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე კეთდება, საავადმყოფოს შესაძლებლობებს აღემატება.

დანაშაულის რეციდივი გაიზარდა. „რეზონანსი“, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, წერს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ციხიდან გამოდიან, ისევ ციხეში ბრუნდებიან. გაზეთი ამის უმთავრეს მიზეზს გაუმართავ პრობაციის სისტემაში ხედავს, რომელმაც, გაზეთის ინფორმაციით, 25 ათასი პრობაციონერი ადამიანიდან მხოლოდ ათის დასაქმება შეძლო. გაზეთი ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ციხიდან პატიმრები განათლების, სამუშაო გამოცდილებისა და სამუშაო ბაზრისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გარეშე გამოდიან, რაც მათ ციხეში შებრუნებას უწყობს ხელს.

კარგი ამბავია, რომ რამდენიმე არასრულწლოვანი, იმავე „რეზონანსის“ ინფორმაციით, ციხიდან ვადამდე შეწყალებით გამოდიან, მას შემდეგ, რაც მათ ეროვნული გამოცდები ჩააბარეს. ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი - და ახლა უკვე სტუდენტი - ამბობს, რომ საპატიმროში მათ მასწავლებლები ჰყავდათ. თუმცა, გაზეთის თქმით, ასეთი ახალგაზრდა სულ სამია.

იმერეთს, გაზეთების ინფორმაციით, ირაკლი ალასანია სტუმრობდა. ირაკლი ალასანიამ სხვადასხვა დოზით მოახერხა რამდენიმე გაზეთში ფრაგმენტულად გაეხმაურებინა რეგიონის მთავარი პრობლემები.

„24 საათი“: ”რეგიონში საგანგაშო მდგომარეობაა. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებით განთქმული კუთხე, რომელიც საკუთარ თავსაც ინახავდა და მთელ საქართველოსაც ამარაგებდა, ახლა სიდუხჭირის ზღვარზეა. გლეხებს იმის საშუალებაც არა აქვთ, რომ მიწები დაამუშაონ. პრობლემაა სარწყავი წყლის მიწოდება და შეშის მოპოვების ნებართვა”.

ისე, პრესა წერს საქართველოს ტყეებში უკანონო ხის ჭრაზე, ჭრის წესების დაუცველობაზე და გვაფრთხილებს, რომ საქართველოს ტერიტორიის 70 პროცენტს მეწყერის საშიშროება ელის.

დავუბრუნდეთ ირაკლი ალასანიას რეგიონალურ ვიზიტს. ალასანია „საქართველოს რესპუბლიკის“ გვერდზე განავრცობს თემას და აღნიშნავს, რომ რეგიონის პრობლემები ნაციონალურ არხებზე არ ხვდება, რაც მათი გადაჭრის ვალდებულებას ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე ამცირებს. ალასანია ასევე ამახვილებს ყურადღებას ადგილობრივ მთავრობასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კომუნიკაციის გაწყვეტაზე.

ნაციონალური არხების მეპატრონეთა საკითხი პრესის ფურცლებზე წინ წამოიწია. გაზეთები წერენ ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ ტელევიზიებზე. ლაშა ტუღუშს „რეზონანსში“ მაგალითიც მოჰყავს: ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული, და ”ისიც კი ვერ გაარკვიეს, ამ კომპანიას მისამართი აქვს თუ არა. სამეწარმეო რეესტრში ისე მოხდა ამ კომპანიის დარეგისტრირება, რომ მისამართიც არ მოეპოვებათ”.

ტელევიზიების მეპატრონეთა ვინაობა ღია უნდა გახდესო, ციტირებენ პარლამენტის თავმჯდომარეს გაზეთები, თუმცა იქვე აქვეყნებენ ინტერვიუებს ჟურნალისტებსა თუ პოლიტიკოსებთან, რომლებიც ამბობენ, რომ ეს მხოლოდ პიარის მიზნით გადადგმული ნაბიჯია. მაგალითად, ინგა გრიგოლიას მიაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების ერთ-ერთი მიზეზია ანგარიში ორგანიზაციისა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, რამდენადაც ამ ანგარიშის თანახმად, მედიის თავისუფლების ინდექსი საქართველოში 19 პუნქტით გაუარესდა, რაც ხელისუფლებაზე დასავლურ ზეწოლას აძლიერებს.

„ქართული პარტია“ პრესის ფურცლებზე აქტიურობს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სოზარ სუბარის ძმის დაკავებაა, რასაც პრესა სოზარ სუბარის ამ პარტიაში საქმიანობას უკავშირებს. მაგალითად, „ახალი თაობის“ გვერდზე გუგული მაღრაძე ამ ფაქტთან დაკავშირებით ამბობს:

”ეს ფაქტი უფრო პროფილაქტიკის მსგავსია, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც სიმართლის თქმა შეუძლიათ“.

იმავე პარტიის სხვა ლიდერი კი, ეროსი კიწმარიშვილი, გაზეთ „სიახლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ხელისუფლებას ამ პარტიისა ეშინია. პარტიაში განსხვავებული პოლიტიკური ლიდერების თავმოყრა, მისი თქმით, პარტიის სიძლიერის ფუნდამენტია:

”ჩვენი პოლიტიკური ძალა შეძლებს ათწლეულებს გაუძლოს და ასპარეზიდან ისე არ გაქრება, როგორც ერთი პიროვნების - გამსახურდიას, შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის - გარშემო თავმოყრილი ძალები გაქრნენ ან უახლოეს მომავალში გაქრებიან”.

ეროსი კიწმარიშვილის თქმით, ამის მთავარი მიზეზი პარტიის საფუძველში არსებული ფუნდამენტური ეროვნული ინტერესებია - როგორიცაა თვითმყოფადობა, უსაფრთხოება და პროგრესი.

პრესაში ბევრი იწერება ქართული ფასეულობების პრობლემებზე. იწერება ჰელოვინის სატანისტურ ფესვებზე, ხელისუფალთა მხრიდან ქართული ენის დეგრადირების მცდელობებზე, რაც ხშირად პრესის ფურცლებზე ქართულ იდენტობაზე ზეწოლად აღიქმება. გაზეთები, უფრო სწორად კი, ექსპერტები გაზეთების ფურცლებზე ხელისუფლებას, უმთავრესად, ბიზნესსა და უცხოურ ინვესტიციებზე ორიენტაციისთვის აკრიტიკებენ. მაგალითად, „ახალ თაობაში“ გუგული მაღრაძე აღნიშნავს, რომ სახელისუფლებო კურსი ქვეყანას ბანანის რესპუბლიკის მომავალს უქადის, ქვეყნისა, რომელშიც ინფრასტრუქტურა და სასტუმროები მდიდარი უცხოელებისთვის იქმნება და სადაც ქვეყნის მოსახლეობა სერვისშია ჩაბმული.

დაბოლოს, ტრანსპორტი. ხელისუფლება გარემოს დაცვასა და ველოსიპედებზე ალაპარაკდა, პრესამ კი პრეზიდენტის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ველოსიპედს მართავს. „რეზონანსის“ ინფორმაციით, ყვითელი ავტობუსების რაოდენობა 600-დან 480-მდე დაეცემა, რაც სამარშრუტო ტაქსების რაოდენობის ზრდის ხარჯზე მოხდება. თუმცა პრესა სხვა მიზეზებზეც საუბრობს. გაზეთების ვარაუდით, ავტობუსების შემცირება ქალაქში ტრამვაის გამოჩენის წინაპირობა უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG