Accessibility links

დასავლეთის პრესაში აქა-იქ დაიბეჭდა წერილები საქართველოზე. მიმოხილვას დავიწყებთ ავსტრიის „შტანდარტში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან ინტერვიუთი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობას შეეხება. უსაფრთხოების სფეროში რუსეთისა და ევროპის პოლიტიკის დაახლოებამ შეიძლება მოსკოვსა და თბილისს შორის სამხრეთ ოსეთის გამო არსებული დაძაბულობა შეასუსტოს, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშაძემ. – ჯერჯერობით ეს ურთიერთობები გაყინულიაო, უთხრა მან “ შტანდარტს“. იქვე სტატიის ავტორი ვითარებას აღწერს: ომიდან ორი წლის შემდეგ, როდესაც რუსეთის არმიამ მეზობელი საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტი დაიპყრო, ჟენევაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში თითქმის არანაირი წინსვლა არ იგრძნობა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იზოლირებული რჩება, საზღვრები დახურულია. რუსეთს, წაიკითხავთ სტატიაში, სურს, რომ ქართველები „ახალ რეალობას შეეგუონ“, რასაც ქართველები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, თუმცა მზად არიან „მოლაპარაკებებისთვის წინასწარი პირობების გარეშე ნებისმიერ დროს და ადგილას“, - ამბობს ვაშაძე, რომელიც, მას მერე, რაც მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობას აღწერს, „შტანდარტს“ ეუბნება: „რუსეთს სურს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება, თუმცა თავად არღვევს ამ ორგანიზაციის წესებს. ამხანაგი მედვედევი ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ახალი არქიტექტურის შექმნისკენ მოწოდებით გამოდის მაშინ, როცა სამხრეთში, საქართველოსთან საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა დახურულია“. იქვე ვაშაძე განაგრძობს: „ერთი რამ ცხადია: საქართველო ხელის შემშელი ფაქტორია, თუკი რუსეთს სურს, კავკასია უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული და განვითარებული იყოს“. მას მერე, რაც გაზეთი ახასიათებს ვაშაძეს, მისი შემდგომი ნათქვამი მოჰყავს იმის საილუსტრაციოდ, რომ შეიძლება ცვლილებები მოხდეს: გასულ კვირას დოვილში საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის, კანცლერ ანგელა მერკელისა და მედვედევის მოლაპარაკებებისას ცნობილი გახდა, რომ ნოემბრის ბოლოს რუსეთი ნატოს ლისაბონის სამიტს დაესწრება. ვაშაძის თქმით, მაშინ საქართველოს საკითხს საკმაო დრო დაეთმო, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრს დეტალებზე ლაპარაკი არ სურს. ის გაზეთს განმარტებას აძლევს ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობაზეც. „ჩვენ გვინდა, ორი წლის განმავლობაში ოთხივე ის ფუნდამენტური უფლება მივიღოთ, რომელსაც ევროკავშირთან ასოციირებული შეთანხმება ითვალისწინებს, ჩვენ ყველაფრის გაზიარებას ვაპირებთ, ინსტიტუციების გარდა“, - უთქვამს ვაშაძეს. ანუ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ჯერ საუბარი არ არის. რადგან საქართველო, კასპიის რეგიონიდან ევროპის ენერგომომარაგების თვალსაზრისით, საკვანძო ქვეყანაცაა, საგარეო საქმეთა მინისტრს ლოგიკურად მიაჩნია, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებას: „ჩვენ ამას 150%-ით ვემხრობით. ამას ევროპა ჩვენთან უფრო ახლოს მოჰყავს, ამბობს გრიგოლ ვაშაძე ავსტრიის გაზეთ „შტანდარტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ბრიტანეთის „ინდეპენდენტი“ რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობაზე წერს. სტატიის ავტორი კიმ სენგუპტა იუწყება, რომ ავღანეთში დახმარების სანაცვლოდ რუსეთი ნატოს უფრო მკაცრ პირობებს უყენებს. ის მოითხოვს, რომ ალიანსმა შეამციროს იმ ჯარების რაოდენობა, რომლებიც განთავსებულია ყოფილი ვარშავის შეთანხმების წევრ სახელმწიფოებში. გაზეთს მოჰყავს სერგეი ლავროვის ნათქვამი, რომ ამ ქვეყნებში ნატოს ჯარის ყოფნა ხელს არ უწყობს სანდო ურთიერთობის განმტკიცებას. ამ ნაბიჯის შესახებ ცნობები გაჩნდა ნატოს ლისაბონის ნოემბრის სამიტის წინ, რომელსაც პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი დაესწრება და სადაც, როგორც მოსალოდნელია, ავღანეთსა და ანტისარაკეტო თავდაცვით ფარზე მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწევენ.

ნატოს შეიარაღებულ ძალთა რაოდენობის შეზღუდვა, სავარაუდოდ, ალიანსის, აღმოსავლეთ ევროპის ახალი წევრი ქვეყნების პროტესტს გამოიწვევს. რუსეთის არმია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში საქართველოსთან ორი წლის წინანდელი ომის დღიდან რჩება და ნატო ვერ ახერხებს პრეზიდენტ მედვედევის დარწმუნებას იმაში, რომ ამ რეგიონებიდან ჯარი გაიყვანოს. რუსეთმა საქართველოდან არმიის გარკვეული ნაწილი გაიყვანა, ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დანაყოფებს არ განამტკიცებდა. იმავდროულად, მუდმივად ხერხდება, ერთმანეთს არ დაუკავშირდეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ქართული კრიზისი და ნატოსთან შეიარაღების შემცირებაზე შეთანხმება. ეს არის მონაკვეთი გაზეთ „ინდეპენდენტის“ სტატიიდან, რომელიც საქართველოს ეხება.

„დეილი ტელეგრაფმა“, ასევე ბრიტანეთში გამომავალმა გაზეთმა, საქართველოს მიუძღვნა წერილი, რომელიც ასეა დასათაურებული: „საქართველოს პრეზიდენტი ფოტოებს იღებს პუტინის სტილში“. მას მერე, რაც აღწერილია, როგორ იცურავა ზღვაში მიხეილ სააკაშვილმა და როგორ დაენახვა მედიას საცურაო კოსტიუმში, რამაც ბევრს პუტინისეული სტილი მოაგონა, გაზეთი წერს, რომ ეს ფაქტი ბევრი მიმომხილველის მიერ თვითრეკლამად შეფასდა. ეს მოჰყვა, გაზეთის ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას. „დეილი ტელეგრაფი“, იმავე ექსპერტებზე დაყრდნობით, წერს, რომ, ამ ცვლილებების თანახმად, სააკაშვილს მიეცემა ქვეყნის ხანგრძლივად მართვის საშუალება მას შემდეგაც, რაც 2013 წელს პრეზიდენტის პოსტის დატოვება მოუწევს. კონსტიტუციის თანახმად, ათვითცნობიერებს მკითხველს გაზეთი, პრემიერ-მინისტრი უფრო მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე პრეზიდენტი და ეს სწორედ მაშინ, როცა სააკაშვილი დატოვებს თანამდებობას. კრიტიკოსების აზრით, წერს გაზეთი, ის შეძლებს მართვას, უბრალოდ, თანამდებობის შეცვლით. გაზეთმა იცის სააკაშვილის აზრიც, რომ კონსტიტუცია მისთვის არ შეცვლილა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტს არ დაუმალავს, რომ სურს, მისმა პოლიტიკურმა გუნდმა ქვეყნის მართვა 2013 წლის შემდეგაც გააგრძელოს. სტატიის ბოლოში სულ მოკლედ არის დახასიათებული საქართველოს პროდასავლური სწრაფვა და უახლოესი წარსული.
XS
SM
MD
LG