Accessibility links

logo-print

სამხედრო რეზერვი - ინიციატივებისა და ექსპერიმენტების ამოუწურავი რეზერვი


ორ წელიწადზე მეტია, საქართველოს ხელისუფლებამ ვერაფრით მიაგნო სამხედრო რეზერვის მომზადების ოპტიმალურ ვარიანტს. გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ მზადდება კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, იარსებებს ორი ტიპის რეზერვი, რომელსაც ცალ-ცალკე ორი სამხედრო სტრუქტურა - სახმელეთო ჯარები და ეროვნული გვარდია - მოამზადებს. თუმცა, შესაბამისი საკანონმდებლო აქტის არარსებობის მიუხედავად, ცოტა ხნის წინ რეზერვის მომზადება მაინც განახლდა, რასაც მოქალაქეების უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა.

პარასკევს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის გასვლითი სხდომა მოულოდნელი ინიციატივით დასრულდა. როგორც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებსაიტი იუწყება, რეზერვის, გვარდიის დეპარტამენტისა და სამოქალაქო თავდაცვის საკითხებზე მსჯელობისას „დეპუტატები, თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები“ მივიდნენ დასკვნამდე, რომ უნდა „ჩამოყალიბდეს ორი ტიპის რეზერვი – ერთი, რომელსაც სახმელეთო ჯარების წარმომადგენლები მოამზადებენ და რომელიც ფუნქციურად საარმიო რეზერვი იქნება; მეორე კი მომზადდება ამჟამინდელი გვარდიის გარდაქმნის, სამოქალაქო თავდაცვის ფუნქციების გაზრდის შედეგად მიღებული დეპარტამენტის მიერ და მისი ძირითადი ფუნქცია საგანგებო სიტუაციების მართვა და ტერიტორიულ-ლოგისტიკური საკითხები იქნება. მოულოდნელი აქ ის არის, რომ საქართველოს პარლამენტმა ზუსტად ორი თვის წინ შეიტანა ცვლილებები სამხედრო რეზერვის შესახებ არსებულ კანონში, სადაც რეზერვის აღრიცხვა, მობილიზება, მომზადება კვლავ ეროვნული გვარდიის დეპარტამენტს ეკისრება... მაგრამ, როგორც სხდომიდან გამოსულმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ განმარტა, ფუნქცია გაიყოფა და არმიის რეზერვს ამიერიდან თავად თავდაცვის სახმელეთო ჯარები მოამზადებენ.

„გვარდიის დეპარტამენტი უნდა აღიჭურვოს სამოქალაქო თავდაცვის ფუნქციებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გვყავდეს არა ისეთი გვარდიის სარდლობა, როგორიც აქამდე არსებობდა, არამედ უნდა გვქონდეს სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტი. უშუალოდ სამხედრო რეზერვის სისტემას, რომელსაც აქამდე გვარდიის დეპარტამენტი აკეთებდა, უკვე აკეთებს შეიარაღებული ძალების სახმელეთო სარდლობა. მოქმედი ბრიგადები და ბატალიონები თვითონ ამზადებენ რეზერვისტებს, რაც ხარისხობრივად უფრო კვალიფიციური მომზადებაა, რაც უფრო დიდ შედეგს მისცემს როგორც სამხედრო დანაყოფს, ისე რეზერვისტებს,“ – განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა.

თუ როგორ „აკეთებენ“, ანუ ამზადებენ, სახმელეთო ჯარები სამხედრო რეზერვისტებს, ამაზე ცოტა ქვემოთ. მანამდე კი აღსანიშნავია ერთი გარემოება: არც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, არც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გაერთიანებულ პარლამენტარებს არ განუმარტავთ, თუ რა რაოდენობის სამხედრო რეზერვზეა საუბარი, რა თანხებს გამოყოფს სახელმწიფო 45 დღიანი შეკრების დასაფინანსებლად რეზერვში გაწვეული მოქალაქეების სოციალური და სამედიცინო უზრუნველყოფისათვის. გარდა მოვალეობისა, რომ უნდა გამოცხადდნენ სავალდებულო რეზერვში, რა უფლებები აქვთ სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეებს? თავდაცვის სამინისტრომ ოქტომბრიდან სარეზერვო შეკრება საინფორმაციო კამპანიის ჩაუტარებლად განაახლა კახეთის რეგიონში, რამაც დიდი პანიკა და აღელვება გამოიწვია რეზერვისტების ოჯახებში. ამის თაობაზე გვესაუბრება „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის კოორდინატორი გელა მთივლიშვილი, რომელმაც „კახური რეზერვის“ შესახებ ვრცელი ანგარიში მოამზადა:

„ეს იყო პირველ ოქტომბერს, როდესაც მთელ რეგიონში მასობრივად დარიგდა უწყებები. იქიდან გამომდინარე, რომ უწყებების დაგზავნა მოხდა ერთ დღეს და ყველა ახალგაზრდა და ჯარგამოვლილ პირს მიუვიდა, ამან გამოიწვია პანიკა. ხშირი იყო ზარები როგორც რედაქციებში, ისე უფლებადაცვით ორგანიზაციებში და ყველას მხრიდან მუდმივად ისმოდა კითხვები - ხომ არ იწყებოდა ომი ან რაიმე სამხედრო ღონისძიებები“.

გელა მთივლიშვილის თქმით, თელავში, სამხედრო განყოფილებაში, სხვა დარღვევებიც იყო. კერძოდ, როდესაც ზოგიერთ გამოძახებულ მოქალაქეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობდა ხელს, გაეწვიათ სამხედრო რეზერვში, სამხედრო განყოფილება მათ მაინც ავალდებულებდა, გაევლოთ სარეზერვო შეკრება.

„რის გამოც, კარგად მახსოვს, რომ 2 ოქტომბერს თელავში, სამხედრო განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე, აი, ამ პირების ოჯახის წევრებმა და მშობლებმა საპროტესტო აქციაც კი გამართეს. ეჭვი შეჰქონდათ სამედიცინო კომისიის ობიექტურობაში. მუნიციპალიტეტებში სამედიცინო კომისია კი არის ექიმებით დაკომპლექტებული, მაგრამ ამ ექიმებს არა აქვთ არანაირი აპარატურა შემოწმებისათვის“.

სამხედრო რეზერვის კანონში აგვისტოში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებით, სარეზერვო შეკრება სავალდებულოა თადარიგში მყოფი 27-დან 43 წლის ასაკის მოქალაქეებისათვის, სამხედრო შეკრების ხანგრძლივობა კი 18-ის ნაცვლად 45 დღით განისაზღვრა. საზოგადოებამ მაშინ ვერ მიიღო ზუსტი პასუხი შეკითხვაზე, თუ რა სახის სოციალური შეღავათი იყო გათვალისწინებული რეზერვში მყოფი მოქალაქის ოჯახის წევრებისათვის - განსაკუთრებით თვითდასაქმებული ანდა უმუშევრად დარჩენილი ადამიანების შემთხვევაში. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის კოორდინატორმა გელა მთივლიშვილმა გამოიკვლია, რომ თელავის სამხედრო ბაზაზე გაწვეული ბევრი რეზერვისტის ოჯახი ყოველგვარი შემწეობის გარეშეა დარჩენილი:

„მე ვიცი ძალიან ბევრი ოჯახი, როდესაც ოჯახის სწორედ ის წევრი იქნა გაწვეული, რომელიც იყო მთელი ოჯახის მარჩენალი, რის გამოც ბევრი ოჯახი ძალიან მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის კოორდინატორის გელა მთივლიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სამხედრო უწყება არ გამოხმაურებია. კომენტარს არ აკეთებენ გამწვევ განყოფილებაში. რეგიონალური მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისათვის დახურულია თელავის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაც, სადაც, ორწლიანი პაუზის შემდეგ, სამხედრო რეზერვისტების პირველი ნაკადის მომზადება განახლდა.
XS
SM
MD
LG