Accessibility links

რაბინდრანათ თაგორის “გიტანჯალი”


რაბინდრანათ თაგორი ინგლისში სწავლის დროს, 1879 წელი

რაბინდრანათ თაგორი ინგლისში სწავლის დროს, 1879 წელი

წელს რაბინდრანათ თაგორის “გიტანჯალის” გამოცემიდან 100 და ქართული თარგმანიდან 50 წლისთავი შესრულდა.

თამაზ ჩხენკელის ეს თარგმანი უკვე დიდი ხანია ქართული ლიტერატურის ისტორიაში შევიდა. მან ისეთივე კვალი დატოვა ჩვენს სალიტერატურო ენასა და გამოხატვის პოეტურ ხერხებზე, როგორიც სხვადასხვა დროს ილიას და მაჩაბლის შექსპირმა, ასევე - ამბაკო ჭელიძის, დავით წერედიანის, ჯემალ აჯიაშვილის, ვახუშტი კოტეტიშვილის, გურამ გოგიაშვილისა და სხვათა თარგმანებმა. ეს წიგნი უკვე 50 წელია კვებავს ქართულ პოეტურ მეტყველებას, ხშირად, შესაძლოა, გაუცნობიერებლადაც.

1960 წელს თამაზ ჩხენკელს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გამოქვეყნებული თავისი ორიგინალური ლექსები, თუმცა მისი მეგობრის, ზურაბ კიკნაძის სიტყვით, მის მიერ თარგმნილი ტექსტები ყოველთვის მისი ბიოგრაფიის განუყოფელ ნაწილად იქცეოდა ხოლმე:

“მას არც ერთი ლექსი თავისი არ ჰქონდა. თუმცა რაღაც ლექსები კი იყო გამოქვეყნებული, მაგრამ ინტენსიურად იგი არ მისდევდა საკუთარი პოეზიის გავრცელებას. ძირითადად მთარგმნელობით მუშაობას ეწეოდა, მაგრამ მისი მთარგმნელობითი სტილი სხვანაირი იყო. ის არ იყო პროფესიონალი მთარგმნელი იმ აზრით, რომ რაღაც ეთარგმნა იმისათვის, რომ მხოლოდ ეთარგმნა. მისი თარგმანები ყოველთვის იყო დაკავშირებული მის სულიერ განვითარებასთან, მის ინტერესებთან...“

“გიტანჯალამდე” თამაზ ჩხენკელმა ბო ძიუ ი-ს ლექსები თარგმნა. არ მეგულება ქართული პოეზიის ტრადიციასთან დაკავშირებული ადამიანი, ვინაც არ იცნობდეს ბო ძიუ ი-ს ამ თარგმანს, ნათელი და მოქნილი ენით გადმოქართულებულ ლექსებს, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა ქართულ პოეტურ აზროვნებაში. არანაკლები კვალი დატოვა თაგორის ამ წიგნმაც, რომელსაც წელს გამოცემიდან 100 და თარგმნიდან 50 წელი შეუსრულდა:

“ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ “გიტანჯალზე”, რომელიც 1960 წელს გამოქვეყნდა... თამაზის უნივერსიტეტის წლები დაკავშირებული იყო აღმოსავლურ განათლებასთან, სპარსულ პოეზიასთან, თუმცა მას ამ მხრივ არ გაუგრძელებია მოღვაწეობა, მას რამდენიმე ლექსიც აქვს სპარსულიდან თარგმნილი, მაგრამ ძირითადად ინდოეთით იყო დაინტერესებული, განსაკუთრებით - თაგორით. მან თარგმნა თაგორის “ბენგალია”, ასევე - “გიტანჯალი”, თაგორის ლექსები, რომლებიც თაგორმა ბენგალურის გარდა, ინგლისურადაც გამოსცა. თამაზი სარგებლობდა ბენგალურიდან რუსულად გაკეთებული ზუსტი პწკარედით და ინგლისური თარგმანით. ინგლისური თარგმანი პროზაული იყო, მაშინ ძირითადად ასეთი სტილი იყო, რომ თაგორის ლექსები პროზად ითარგმნებოდა... მაგრამ თაგორმა თავისი ინგლისური ვერსია “გიტანჯალისა” დააფუძნა ინგლისურ პოეზიას – ბრაუნინგის, კიტსის და ა.შ. ლექსებს. მას, მოგეხსენებათ, ინგლისური განათლება ჰქონდა. თამაზმა კი სცადა ქართულ ენაზე, ქართული ენის პოეტურობის შესაძლებლობები გამოევლინა, წყობილსიტყვაობა და ა.შ... ასე რომ, ქართული ვერსია მისდევს ინგლისურ ვერსიას ამ სტილებრივი თვალსაზრისით”.

ამ ე.წ. სტილებრივი ერთგულების მიუხედავად, “გიტანჯალის” ქართული თარგმანის პირველ გამოცემაში კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი იყო, რომლის შესახებაც ბევრმა დღესაც არაფერი იცის. საუბარია თამაზ ჩხენკელის ორიგინალურ ლექსზე, რომელიც მან კრებულში გააპარა:

“საინტერესოა ერთი ეპიზოდი. აქ არის სულ 100-მდე ლექსი, მაგრამ ერთ-ერთი ლექსი, მე-40-ე ნომრით რომელიც პირველ გამოცემაშია დაბეჭდილი, თაგორს არ ეკუთვნის. ეს თამაზის ლექსია... და როდესაც რედაქტორმა, ცხონებულმა ოთარ ჩხეიძემ ვერ მოძებნა დედანში ეს მე-40-ე ლექსი, თამაზმა უპასუხა, რომ მე რაღაც სხვა ვერსიები მქონდაო... და ეს ლექსი დაწერილია 1949 წელს და არჩილ სულაკაურს ეძღვნება”.

თამაზ ჩხენკელის ეს წიგნი, შეიძლება ითქვას, 60-იანი წლების ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. დღესაც, უახლესი პერიოდის ქართული ლიტერატურის შეფასებისას, შეუძლებელია გვერდი ავუაროთ თამაზ ჩხენკელის თაგორს, წიგნს, რომელმაც არაერთი ქართველი პოეტის ხმა ჩამოაყალიბა.

თამაზ ჩხენკელი ქართული ორიენტალური ტრადიციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, თუმცა, იგი მაინც განსხვავდება კლასიკური მთარგმნელობითი სკოლის წარმომადგენლებისგან:

“მთარგმნელობით პრესტიჟი, ასე ვთქვათ, აღმოსავლური პოეზიის, თამაზმა დანერგა საქართველოში. თუმცა შემდეგ წამოვიდნენ ახალი თაობები, რომლებიც უშუალოდ დედნიდან თარგმნიდნენ, მაგრამ თამაზის თარგმანი მათ გვერდზე არსებობს როგორც კონგენიალური, ამ ორიგინალური ენიდან თარგმნილი”.

თამაზ ჩხენკელის ბო ძიუ ი, სხვა ჩინელი პოეტები, თაგორი, ბჰაგავატ გიტა, მის მიერ გადმოქართულებული ტანკები და ევროპელი თუ ამერიკელი პოეტები იმის საუკეთესო ნიმუშია, თუ როგორ შეიძლება მთარგმნელმა შეცვალოს ლიტერატურული ენა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად დედნიდანაც არ იყო თარგმანი შესრულებული.

თავად “გიტანჯალს” რაც შეეხება, იგი მსოფლიომ 1913 წელს გაიცნო, ორიგინალური გამოცემიდან 3 წლის შემდეგ, როცა მისი ინგლისური თარგმანი გამოქვეყნდა. წიგნს უილიამ ბატლერ იეიტსის წინასიტყვაობა უძღოდა:

“ეს ლირიკული კრებული დიდი კულტურის ნაყოფია. იგი ნაჟურია მთელი ქვეყნისა, სადაც პოეზია და რელიგია შერწყმულია. თუ ბენგალიის ცივილიზაცია არ დაიღუპა, იგი გაჟონავს ყველგან და მთელი თავისი დახვეწილობით უკანასკნელი უპოვარისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. ეს საგალობლები, კარგად დაბეჭდილ ტომებად გამოცემულნი, უქმად არ იდება იმ ქალბატონების მაგიდაზე, რომლებიც უგულისყუროდ გადაფურცლავენ მის ლექსებს, მათ ხელში არ აიღებენ სტუდენტები, რათა საჭირო შემთხვევაში უფრო სერიოზული საქმე მოიმიზეზონ და გადასდონ წიგნი. გაივლიან თაობები და მათ ისევ იმღერებენ დიდი გზის ყარიბები და განგის მენავეები. ერთმანეთის მომლოდინე მიჯნურები მათში პოვებენ მეუფის სიყვარულს, იმ ჯადოსნურ ყურეს, სადაც მათი მიწიერი სიბერე განიწმინდება და განახლდება”.
XS
SM
MD
LG