Accessibility links

გადასახედია თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესები


ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა პარლამენტში

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა პარლამენტში

პირველ ნოემბერს „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ“ კიდევ ერთხელ იქცა განხილვის თემად პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის სხდომაზე. ამჯერად პარლამენტში სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილის ვიზიტის მიზეზი კონკრეტული საკითხი იყო. აღნიშნული მიზეზის განმარტება კომისიის წევრებს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლეგიტიმური სტრუქტურების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ გააცნო.

„მე მინდა ვისაუბრო მთავრობის ბოლო დადგენილებაზე. ამის თაობაზე ბოლო პერიოდია არაჯანსაღი აჟიოტაჟია ატეხილი, ეს არის კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საქმიანობის წარმართვის წესის დამტკიცების შესახებ“. მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს შეტყობინება იმ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც საქმიანობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე აპირებენ “, – ამბობს შოთა მალაშხია.

მოგვიანებით, სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განმარტა ის წესები, რომლებსაც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა დაექვემდებარონ, თუკი ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის დაწყებას გადაწყვეტენ. პირველი და უმთავრესი, რაც მათ უნდა გააკეთონ არის ის, რომ 21 დღით ადრე უნდა შეატყობინონ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის დაწყების აუცილებლობის შესახებ: „იმის ნაცვლად, რომ ყველა პროექტი შეთანხმებულიყო მინისტრთა კაბინეტთან, განხილულიყო, შემდეგ ორკვირიანი ვადა გასულიყო, ახალი წესის თანახმად, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მხოლოდ ერთ უწყებასთან – რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან უწევს ურთიერთობა. ჩვენ შეზღუდულ დროში განვიხილავთ პროექტს და იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ, რაიმე მიზეზის გამო, ვერ გავცემთ მათ დროულ პასუხს, პასუხი ავტომატურად დადებითი იქნება, ანუ ამაზე მარტივი გამოსავლის მოფიქრება, ძნელი იქნებოდა“, – განმარტავს თემურ იაკობაშვილი.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესების პრეამბულაში ვკითხულობთ: საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს და მიესალმება საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის მოგვარებისა და ტრანსფორმაციის საქმეში ისე, როგორც ეს გაცხადებულია „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ დადგენილებაში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წესებს ამტკიცებს, ძალიან ბევრი რამ არის გაურკვეველი როგორც სამართლებრივი, ასევე ტერმინოლოგიური თვალსაზრისით. მას სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში ერთი კონკრეტული კითხვაც აქვს:

„როდესაც ეს დადგენილება უშუალოდ ეხება არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რატომ მოხდა ისე, რომ ამ დადგენილების შესახებ მხოლოდ მაშინ შევიტყეთ, როდესაც დადგენილება უკვე მიღებული იყო. დადგენილება მითითებას აკეთებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო კანონზე, რომელიც კრძალავს იქ ეკონომიკურ საქმიანობას და ეკონომიკური საქმიანობის განმარტება ზუსტად არის ამ ტერიტორიების შესახებ კანონში. მართალია, დადგენილება მითითებას აკეთებს ამ კანონზე, თუმცა, გაცილებით ფართოდ განმარტავს იმ საქმიანობას, რომელიც შეიძლება აღნიშნული ნებართვის საფუძველი გახდეს “, – ამბობს თამარ ხიდაშელი.

თამარ ხიდაშელი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესების ბოლო პუნქტზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ პროექტით გათვალისწინებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანა, ამ ადამიანების მგზავრობა უნდა განხორციელდეს ან საქართველოს საზღვარგარეთის პასპორტით, ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტით.

„საბოლოო ჯამში, მიზანი გაურკვეველია, რადგან, როგორც წესი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები საქართველოს პასპორტს არ იღებენ და ნეიტრალური დოკუმენტის, თუ ის ქართული მთავრობის მიერ იქნება გაცემული, რა თქმა უნდა, ასეთი დოკუმენტის აღებაზეც უარს იტყვიან, რაც, საბოლოო ჯამში, ნიშნავს იმას, რომ ნდობის აღსადგენი შეხვედრები, რომლებიც ქვეყნის გარეთ იმართებოდა ხოლმე, ასეთი ტიპის საქმიანობასაც საფრთხეს შეუქმნის“, - განმარტავს თამარ ხიდაშელი.

თუკი სახელმწიფო სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, უფრო კონკრეტულად კი 2010 წლის 27 იანვარს დამტკიცებულ „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის“ შესავალში ჩავიხედავთ (რომელიც ხუთ ენაზე, ქართულად, ინგლისურად, აფხაზურად, ოსურად და რუსულად არის გამოქვეყნებული), წავიკითხავთ, რომ ის მთელ რიგ ინიციატივებს მოიცავს. ეს ინიციატივები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ამჟამად ლეგალურად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის, მათთვის საქართველოს მოსახლეობისათვის არსებული შეღავათების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და საქართველოს სამოქალაქო ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობების გაუმჯობესებისაკენ არის მიმართული... თუმცა, როგორც თამარ ხიდაშელი რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას განმარტავს, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სამოქმედო წესები გადასახედია და უამრავ შეკითხვას ბადებს.
XS
SM
MD
LG