Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებებს იწყებენ


საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს ხელისუფლება და ოპოზიცია, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დაიწყებენ. მხარეების პრინციპული თანხმობა უკვე არსებობს, თუმცა მანამდე მოლაპარაკებათა ფორმატის დეტალები უნდა შეთანხმდეს. სწორედ ამისკენ მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე რვა პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებული განცხადება. როგორია მხარეთა განწყობა?

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დაწყების თაობაზე და ვთავაზობთ პარლამენტის თავმჯდომარეს, უმოკლეს დროში შევიმუშაოთ კონკრეტული წინადადებები აღნიშნული მოლაპარაკების ფორმატის შესახებ“, – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც რვა პოლიტიკური პარტია აწერს ხელს. ესენი არიან: „ახალი მემარჯვენეები“, „ეროვნული ფორუმი“, „საქართველოს გზა“, „კონსერვატიული პარტია“, „რესპუბლიკური პარტია“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და „ხალხის პარტია“. ეს სწორედ იმ პარტიათა ჩამონათვალია, რომლებმაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული კონკრეტული წინადადებებით, მოსაზრებებითა და პროცესის დაჩქარების მოთხოვნით ხელისუფლებას ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში მიმართეს. ოპოზიციური ძალების მიერ გამოკვეთილ პრიორიტეტებს შორის არის, მაგალითად: ამომრჩეველთა სიების დახვეწა და ამ კუთხით ბიომეტრიის პრინციპის შემოღება, საარჩევნო დავების განხილვა თუ პარლამენტში მაჟორიტარული და პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების თანაბარი რაოდენობის დაწესება.

ხელისუფლებამ რვა ოპოზიციური პარტიის ინიციატივა მზა პროექტის თავს მოხვევის მცდელობად და ულტიმატუმად მიიჩნია და საკმაოდ დიდხანს დატოვა უპასუხოდ. თუმცა ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლებს დღემდე ძალიან უკვირთ, თუ რატომ მოინათლა ასეთი სახელით მათ მიერ ერთობლივად მომზადებული წინადადებების პაკეტი. მაშინ, როცა, მათი აზრით, ხელისუფლება წესით უნდა მიესალმებოდეს კიდეც იმ ფაქტს, რომ ოპოზიციამ პრობლემები საფუძვლიანად შეისწავლა და მოლაპარაკებაზე გამოცხადებას მომზადებული აპირებს.

ასეა თუ ისე, პირველ ნოემბერს, მას შემდეგ, რაც პარტიათა ამ ჯგუფმა ხელისუფლებასთან ერთად მუშაობაზე ხელახალი მზადყოფნა გამოხატა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ულტიმატუმების საკითხი ამოწურულად გამოაცხადა:

"...იქიდან გამომდინარე, რომ მათ ინტერესებშიც შედის არჩევნების სამართლიანად და თავისუფლად ჩატარება, მოიხსნა ეს ულტიმატუმის თემა და ახლა ისინი მოდიან უკვე ღია კონსულტაციაზე..."

პეტრე ცისკარიშვილზე ადრე, კერძოდ 28 ოქტომბერს, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ოპოზიციასთან ერთად მუშაობის მზადყოფნა პარლამენტის თავმჯდომარემაც გამოხატა. საგანგებო თათბირის შემდეგ, რომელზეც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა საარჩევნო კოდექსზე მუშაობის დაჩქარება მოითხოვეს, დავით ბაქრაძემ ამ საკითხით დაინტერესებული ყველა ოპოზიციური ძალა თავისთან, პარლამენტში მიიწვია. საპარლამენტო უმცირესობისა და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე, რომელიც ასევე მონაწილეობდა რვა პარტიის ჯგუფურ მუშაობაში, მოლაპარაკებათა ხელის შემშლელ ფაქტორებს ამ ეტაპზე უკვე ვეღარ ხედავს.

"არანაირი პოლიტიკური ფორმალური გარემოება ამ პროცესის დამაბრკოლებლად უკვე აღარ არსებობს. ამიტომ, ალბათ უახლოეს დღეებში – სავარაუდოდ, პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოში დაბრუნების შემდეგ და ეს კვირის ბოლოს იქნება – ჩვენ გვექნება ტექნიკური საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებული კონსულტაციების გარკვეული მცდელობა, რამაც გზა უნდა გაუხსნას აქტიურ სათანამშრომლო ფორმატს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის“, – უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი თარგამაძემ.

მის მსგავსად, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ხელისუფლებასთან ერთად მუშაობის პერსპექტივას ოპტიმისტურად უყურებს პარტია „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი. ამასთან, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ირაკლი ალასანია ხაზს უსვამს უკვე გამომჟღავნებულ ერთ პოზიტიურ შედეგსაც:

„ძალიან ბევრი სკეპტიკოსი იყო როგორც პოლიტიკურ წრეებში, ასევე საზოგადოებაში, რომ ვერ მოვახერხებდით ოპოზიცია, დაგვეწყო მოლაპარაკება ხელისუფლებასთან ამ საკითხზე... ეს ნაბიჯი გადაიდგა და მოლაპარაკებები დაიწყება. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩვენ ანგარიშვალდებული ვიქნებით საზოგადოების წინაშე და პერიოდულად ჩავაყენებთ საზოგადოების წარმომადგენლებს საქმის კურსში“.

ირაკლი ალასანიასთვის, ისევე როგორც ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი მელაშვილისთვის აბსოლუტურად სულ ერთია, სად გაიმართება მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის – იქნება ეს პარლამენტის შენობა თუ რომელიმე სხვა სარბიელი. მთავარია, რომ ამ პროცესში ჩართული იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და კიდევ უფრო მთავარია, რომ პროცესმა მომავალი არჩევნებისთვის რეალური შედეგები გამოიღოს.

„მთავარია, პროცესი გაუთავებელ უშედეგო მოლაპარაკებებში არ გადაიზარდოს“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი მელაშვილმა.

ოპოზიციური პარტიები აპირებენ, გაითვალისწინონ ყველა ის დეტალი, რომლებიც მათ არ აკმაყოფილებდა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების წინა რაუნდზე. გავიხსენოთ, რომ მაისის თვითმმართველობის არჩევნების წინ საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით, მისსავე ოფისში მიმდინარეობდა. ცალკეულ საკითხებზე კონსენსუსის არარსებობის გამო, მოლაპარაკებები გარკვეულ ეტაპზე შეწყდა და ხელისუფლებამ შემდგომი პროცესი პარლამენტში გადაიტანა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG