Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა, 1 ნოემბერი 2010

  • ნიკო ნერგაძე

„მთელი კვირა“: „შსს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 20 მოქალაქის დაკავებაზე ოფიციალურ განცხადებას 5 ნოემბერს გააკეთებს. მოსკოვში აცხადებენ, რომ ამის შესახებ არაფერი იციან, საინფორმაციო წყაროები კი დაკავებულებზე სხვადასხვა ცნობებს ავრცელებენ. ვინ არის ის 20 ადამიანი, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებითაა დაკავებული, რატომ არ ახმაურებს შსს დღემდე მათ ვინაობას და კონკრეტულ ბრალდებებს?“ – წერს „მთელი კვირა“ და უშიშროების ყოფილი მინისტრის, ანზორ მაისურაძის სიტყვები მოჰყავს – „ის, რომ ამ თემის ირგვლივ ხელისუფლების მხრიდან არანაირი განცხადება არ კეთდება, სავსებით ბუნებრივია, პრაქტიკიდან გამომდინარე, ძალოვან სტრუქტურებში, როდესაც სრულად არ არის გადამოწმებული ყველა ინფორმაცია, მისი გაცხადება კატეგორიულად იკრძალება“.

„კვირის პალიტრა“ წერს მეგრულ ენაზე გამომავალ გაზეთ „შურობუმუზე“, რაც ქართულად უთქმელს ნიშნავს და მის რედაქტორ იური ღვინჯილიასთან აქვეყნებს ინტერვიუს, რომლის განცხადებით, მეგრული და სვანური ენებისთვის რეგიონული ენების სტატუსის მინიჭება ერთადერთი გამოსავალია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისათვის. რედაქტორის აზრით, საქართველო ფედერაციად უნდა გადაკეთდეს, სადაც ყველა რეგიონი თანასწორუფლებიანი იქნება. მის ამ განცხადებაზე „კვირის პალიტრასთან“ საუბარში კომენტარს აკეთებს რამდენიმე ექსპერტი, მათ შორისაა ფილოლოგი სოსო სიგუა, რომელიც აღნიშნავს: „ ფაქტია, რომ რუსული აგენტურა კარგად მუშაობს და ქართული ენების განცალკევებას ცდილობს, რათა საქართველოს სახელმწიფოებრიობა დაასუსტოს“.

„ვერსია“ აქვეყნებს ინტერვიუს რომან კუსიანთან, რომელიც, გაზეთის ცნობით, რვათვიან დუმილს არღვევს და საუბრობს ნინო ბურჯანაძის პარტიის დატოვების მიზეზებზე. უფრო სწორად, მიზეზებს არ აკონკრეტებს, იგი თარიღებს ასახელებს – ბურჯანაძის მოსკოვში გამგზავრებამდე 3 დღით ადრე მივიღე პარტიიდან გასვლის გადაწყვეტილება და თავმჯდომარეც და მთავარი საბჭოს წევრებიც ჩავაყენე საქმის კურსშიო. შეკითვაზე, მისაღებია თუ არა მისთვის რუსეთთან ურთიერთობის ბურჯანაძისეული ფორმა, კუსიანი პასუხობს – ამ ეტაპზე ამ საკითხზე არ ვილაპარაკებო.
XS
SM
MD
LG