Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდული პროგრამა: სად შეიძლება იმუშაოს სტუდენტმა


სტუდენტური ცხოვრება... სწავლა, ყოველდღიური საქმეები, ცოტაც გართობა... და რაც მთავარია, დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისი. შეუძლია თუ არა სტუდენტს დღევანდელ საქართველოში დამოუკიდებელ ადამიანად იგრძნოს თავი? სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ ამისათვის მათ მუშაობა უნდა შეეძლოთ; როგორც ამას ათასობით მათი თანატოლი აკეთებს მთელ მსოფლიოში. დასაქმების რა პერსპექტივა აქვს დღეს სტუდენტს საქართველოში? ამის გარკვევას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მარი ცინდელიანი შეეცადა:

უნივერსიტეტის ბაღში სტუდენტები დგანან... ზოგს ლექციები დაუმთავრდა, ზოგს შესვენება აქვს. საუბრობენ ათას რამეზე, სწავლაზე, სიყვარულზე, სრულიად ყოფით რამეებზე... და კიდევ, ყოველთვის საუბრობენ სამსახურის შოვნაზე:

“მე მეოთხე კურსზე ვსწავლობ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და ძალიან მინდოდა სამსახურის დაწყება, თავიდან სტაჟიორად მივედი, დიდი ხანი ვიყავი, მაგრამ მერე მაინც არ ამიყვანეს. ძალიან რთულია სამსახურის შოვნა და მით უმეტეს სტუდენტისთვის”.

”ძალიან რთულია ალბათ დღეს სტუდენტისათვის და სხვებისთვისაც
სამსახურის შოვნა. რასაკვირველია, ეს ჩემთვისაც დიდ პრობლემას წარმოადგენს. ვერ შეათავსებ სწავლას და სამსახურს ერთმანეთს, ან უნდა იმუშაო ან უნდა ისწავლო. სამუშაო ადგილების პოვნა კი, როგორც მოგეხსენებათ, პრობლემატურია დღევანდელ საქართველოში”.

”მუდმივი სამსახურის პოვნა ძალიან რთულია, გამიგია სტუდენტური დასაქმების შესახებ, რაც პერიოდულად ხდება. მანდაც ძალიან ძნელია მოხვედრა, რადგან უმუშევარი სტუდენტები ძალიან ბევრია”.

გასულ წლებში თბილისის მერიის დასაქმების პროგრამა ძალიან აქტუალური იყო და უამრავი სტუდენტი იღებდა მონაწილეობას, დღეს ეს პროგრამა შეჩერებულია. მერიის პრესცენტრის თანამშრომელმა ლია კანდელაკმა გვითხრა:

”ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს უცხო ენისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები. ეს არის მერიის პროგრამა, სადაც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ თბილისელს შეუძლია. სტუდენტური დასაქმება რომ გვქონდა ასეთი რამ ჯერჯერობით არ არის, მომავალში აუცილებლად გვექნება”.

როცა სამსახურს ეძებ, უამრავ ვაკანსიას შეიძლება გადააწყდე ინტერნეტისა, თუ გაზეთების სარეკლამო განცხადებებში.Eელექტროტექნიკის ერთ-ერთ კომპანიაში თანამშრომელს ეძებდნენ - განცხადებაც ინტერნეტში ვნახე და დავინტერესდი. კომპანიის თანამშრომელმა ლევან დობორჯგინიძემ გვითხრა:

”ჩვენთან არის გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია. მიმდინარეობს თავისუფალი შერჩევა. უბრალო ანკეტირებას გაივლიან - რა სპეციალობაზე და როგორ სწავლობენ. თუ გაიარეს პირველი ეტაპი, უკვე მეორე ეტაპის გასაუბრებაზე ხვდებიან. ამის შემდეგ შეირჩევიან კადრები, რომლებიც ერთკვირიან გადასამზადებელ კურსებზე ივლიან. მერე ეძლევათ პრაქტიკული დავალება, რომლის შესრულების შემდეგაც მუდმივი ხელშეკრულება უფორმდებათ... ათასნაირი რეკლამა არსებობს, ინტერნეტშიც არის, ტელევიზიებშიც, ბევრნაირი შესაძლებლობაა. მე თვითონაც სტუდენტი ვიყავი, როდესაც დავსაქმდი და უკვე ერთი წელია ვმუშაობ”.

სტუდენტების უმრავლესობას, მიაჩნია, რომ დღეს მათთვის სამსახურის შოვნა ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელი, თუმცა მათ შორის ოპტიმისტებიც არიან:

”სტუდენტი ძალიან აქტიური უნდა იყოს იმ 4 თუ 6 წლის განმავლობაში, როცა უნივერსიტეტში სწავლობს. ყოველთვის რაღაც ახალი უნდა ვეძიოთ, დასაქმების ძალიან ბევრი გზა არის. მე, მაგალითად, სტუდენტი ვარ და ვმუშაობ კიდეც. მე და ჩემმა მეგობრებმა, ასევე სტუდენტებმა, დავწერეთ პროექტი, ტენდერში მონაწილეობა მივიღეთ და ჩვენმა პროექტმა გაიმარჯვა, აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ სასწაულები ნამდვილად ხდება”.

მთელ მსოფლიოში სტუდენტები ძირითადად მომსახურების სფეროში მუშაობენ. საქართველოში ეს ტენდენცია ახლა შემოდის და სტუდენტების დამოკიდებულება ამგვარი საქმიანობის მიმართ საკმაოდ განსხვავებულია.

ერთი სტუდენტი ამბობს:

”მე ოფიციანტად არ ვიმუშავებდი, ეგეთ სფეროში მუშაობას, მირჩევნია საერთოდ არ ვიმუშაო”.

მეორეს კი მიაჩნია:

”მე მგონი, დღეს სათაკილო არ არის თუნდაც ოფიციანტად მუშაობა. არანაირი პრობლემა არაა და კარგია ახალგაზრდა ადამიანი ასეთი საქმით რომ არის დაკავებული”.
XS
SM
MD
LG