Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდასხმა და მსხვერპლი ბაღდადის კათოლიკურ ეკლესიაში


ბაღდადი, კათოლიკური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია კვირის თავდასხმის შემდეგ
ბაღდადი, კათოლიკური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია კვირის თავდასხმის შემდეგ
50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ბაღდადში, კათოლიკურ ეკლესიაში აყვანილი მძევლების გასათავისუფლებლად ჩატარებული ოპერაციის დროს. ექსტრემისტებს 120-მდე ქრისტიანი მლოცველი ჰყავდათ დაკავებული ეკლესიაში, რომელიც ერაყის დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს.

ერაყის უშიშროების ძალები კვირა საღამოს შეიჭრნენ ასურული წესის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელში მყოფი ხალხიც - 100-ზე მეტი ადამიანი - უკვე რამდენიმე საათი ჰყავდათ დაკავებული შეიარაღებულ პირებს.

ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება მსხვერპლის, ისევე როგორც ექსტრემისტების რაოდენობაზე. ამ ცნობების საფუძველზე იუწყებიან, რომ დაიღუპა, სულ ცოტა, 52 ადამიანი, უმეტესწილად მძევლები. მაგრამ დაღუპულებს შორის არიან უშიშროების ძალების წევრებიც და, დაახლოებით, ხუთი ექსტრემისტი. ნათელი არ არის არც ის, თუ როგორ დაიღუპნენ მძევლები - ექსტრემისტების ხელით, თუ ექსტრემისტების წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის დროს.

ცნობილია ის, რომ მოიერიშეები ჯერ ახლო მდებარე საფინანსო ბირჟის შენობაში შეიჭრნენ და ორი მცველი მოკლეს, ვიდრე ეკლესიაში გადაინაცვლებდნენ, სადაც ბაღდადელი კათოლიკეები საღამოს წირვაზე შეკრებილიყვნენ.

„შეიარაღებულმა პირებმა ქუჩაში დაიწყეს სროლა, ვიდრე ეკლესიაში შემოვიდოდნენ. ჩვენ შიგნით ვლოცულობდით“, - უთხრა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ბაღდადელმა კათოლიკემ, რომელმაც უშიშროების ძალების ოპერაციის შედეგად დააღწია თავი მძევლობას. მისივე თქმით, თავდამსხმელები მლოცველებს სცემდნენ...

იერიშზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა ჯგუფმა სახელწოდებით „ერაყის ისლამური სახელმწიფო“, რომელიც ალ-ყაიდის მოკავშირედ არის მიჩნეული.

მძევლებს შორის მსხვერპლის მიუხედავად, მათს გასათავისუფლებლად ჩატარებულ ოპერაციას „ეფექტიანად“ მიიჩნევს ერაყის თავდაცვის მინისტრი აბდულ ყადერ ალ-ობეიდი. „იმ ხალხის უმრავლესობა, რომელიც წირვას ესწრებოდა, გადარჩენილ იქნა და ოპერაცია ძალიან ეფექტიანად განხორციელდა“, - ამბობს თავდაცვის მინისტრი, რომლის ინფორმაციითაც, მოკლულია ყველა თავდამსხმელი. „თავიდანვე მოხერხდა მათი სატელეფონო საუბრების მოსმენა და დარწმუნებული ვართ, რომ ჯგუფის წევრებს შორის უცხოელები იყვნენ. გამოძიება დაადგენს მათს ეროვნებას“, - დასძინა ალ-ობეიდიმ.

ერაყის უშიშროების ძალები ვარაუდობენ, რომ მოსალოდნელია მორიგი იერიშები ხალხმრავალ ადგილებზე, რაც, უწინარეს ყოვლისა ეკლესიებს ეხება.

2004 წელს ბაღდადსა და მოსულში მოეწყო ხუთი კოორდინირებული აფეთქება, რომლებიც ეკლესიების წინააღმდეგ იყო მიმართული. სხვათა შორის, ამ ტაძრებს შორის იყო ბაღდადის კათოლიკური ეკლესიაც, სადაც წუხელ 50-ზე მეტი ადამიანი შეიწირა მძევლების აყვანით გამოწვეულმა ძალადობამ.
XS
SM
MD
LG