Accessibility links

logo-print

იაპონიის პრემიერ-მინისტრი კვლავაც აპირებს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას


იაპონიის მთავრობა აცხადებს, რომ იაპონიაში, სადავო კუნძულებზე რუსეთის პრეზიდენტ მედვედევის ვიზიტის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი ნაოტო კანი კვლავაც აპირებს მოლაპარაკებების გამართვას რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან. შეგახსენებთ, ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტი ეწვია ერთ-ერთ კუნძულს იმ ოთხიდან, რომელსაც რუსეთში კურილის კუნძულებს უწოდებენ, იაპონიაში კი ”იაპონიის ჩრდილოეთ ტერიტორიებს”. ეს იყო რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი კუნძულებზე. იაპონიის ხელისუფლების უკმაყოფილების მიუხედავად, მთავრობის კაბინეტის მთავარმა მდივანმა იოშიტო სენგოკუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი კვლავაც მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად 13-14 ნოემბერს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის სამიტზე, რომელიც იაპონიაში, იოკოჰამაში ტარდება. სენგოკუმ დმიტრი მედვედევის ორშაბათის ვიზიტის შესახებ განაცხადა: ”უნდა მოვიფიქროთ რა სახის ეფექტიანი ზომების გატარება შეიძლება მსგავსი ქმედების მიმართ. თუმცა არ მგონია, რომ ამ პრობლემის გადაჭრა ერთი ნაბიჯით შეიძლებოდეს”. ვაშინგტონში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ განაცხადა, რომ აშშ კვლავაც მხარს უჭერს იაპონიის პოზიციას კუნძულებთან დაკავშირებულ უთანხმოებაში, თუმცა დასძინა, რომ აშშ წლებია შეთანხმებისკენ მოუწოდებს რუსეთსა და იაპონიას. კურილის კუნძულები საბჭოთა არმიამ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს დაიკავა, თუმცა, ტოკიო ოთხ კუნძულს იაპონიის ტერიტორიად აცხადებს. ტერიტორიული უთანხმოების გამო მოსკოვი და ტოკიო ვერ ახერხებენ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას, რითაც ომის დასრულება გაფორმდებოდა.
XS
SM
MD
LG