Accessibility links

დღეს გამოსული რამდენიმე გაზეთი საქართველოში რუსეთის ჯაშუშების დაკავების თემაზე წერს, ჯერჯერობით, ძირითადად, სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ,,ახალი თაობა” დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს – ლევან კიკნაძეს დაუკავშირდა. მისთვის რუსეთის აგენტურული ქსელის გააქტიურების შესახებ ჯერ კიდევ ზაფხულში ყოფილა ცნობილი, როცა, მისი თქმით, ,,ცხინვალის რეჟიმის ე.წ. თავდაცვის მინისტრად დაინიშნა პოლკოვნიკი ვალერი იახნოვეცი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში გადმოყვანილ იქნა რუსეთის საჰაერო დაზვერვის უფროსის თანამდებობიდან”.

ლევან კიკნაძე აგრეთვე აღნიშნავს, რომ არაფერია განსაკუთრებული საქართველოს შსს-ს გადაწყვეტილებაში, რომ ჯაშუშების დაკავების ფაქტზე მხოლოდ 5 ნოემბერს განაცხადოს.

,,რადგან არანაირი დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება, ეს ნიშნავს, რომ შესაბამის სამსახურებს ამისთვის სერიოზული მიზეზი გააჩნიათ და ოპერატიული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მოქმედებენ”, – აცხადებს ლევან კიკნაძე ,,ახალი თაობისთვის” გაკეთებულ კომენტარში.

მრავალი გაზეთის განხილვის საგანს წარმოადგენს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პერსპექტივა. ,,24 საათის” ავტორი სტატიაში ,,ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმების ზღვარზე” წერს:

,,პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციურ სპექტრს შორის მას შემდეგ გაიმართება, როდესაც მექსიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საქართველოში დაბრუნდება. რვა ოპოზიციურმა პარტიამ, შეიძლება ითქვას, სასურველ პირველად შედეგს მიაღწია და ხელისუფლება პროცესში ჩართვაზე დაითანხმა”.

,,ალიას” ცნობით კი, ,,ეროვნული ფორუმის” წარმომადგენელთა განცხადებები დაბნეულობას ქმნის ხელისუფლებასა და იმ რვა ოპოზიციურ პარტიას შორის დიალოგის პერსპექტივის საკითხზე, რომელთა რიგში ,,ეროვნული ფორუმიც” არის. ,,ალია” ირაკლი მელაშვილს დაუკავშირდა.

,,აგერ ველოდები, რისთვის არიან მზად ეგ გამოჩნდება. ჩვენ გვაქვს ასეთი პოზიცია – ყველა სიკეთესთან ერთად ჩვენ ერთი ადამიანი დაგვიჭირეს. დიალოგს ოპოზიციური პარტიები დაიწყებენ, ხოლო ჩვენ დავსხდებით თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს გადაწყდება მას შემდეგ, რაც გაირკვევა, საერთოდ, რა ტიპის დიალოგს სთავაზობს ოპოზიციას ხელისუფლება” – აცხადებს მელაშვილი ”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

,,რეზონანსი” ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შესახებ წერს და პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის კომენტარებს აქვეყნებს. ცინცაძის განცხადებით, თანამედროვე რეალობაში ამ სტრატეგიის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია.

,,თუ რეალობა შეიცვალა და ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან აღვადგინეთ ნდობა და მიმოსვლა, მაშინ ეს სტრატეგია საერთოდ აღარ არის საჭირო”, – ამბობს სოსო ცინცაძე, რომლის ინფორმაციითაც, ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სტრატეგიის განხორციელებას რუსეთის კეთილ ნებას უკავშირებს.
XS
SM
MD
LG