Accessibility links

logo-print

ზუგდიდის ბიბლიოთეკა სარემონტოა


ზუგდიდის ბიბლიოთეკის შენობა

ზუგდიდის ბიბლიოთეკის შენობა

1887 წელს ქალაქის სახალხო ბიბლიოთეკა დაფუძნდა, მოგვიანებით წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძალისხმევით, ერთგვარი სამკითხველო კუთხე შეიქმნა. წლების შემდეგ საქველმოქმედო შემოწირულობის დახმარებით აკაკი წერეთლის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის ცალკე შენობაში დაბინავა მოხერხდა.

1990 წლიდან დღემდე თბილისის, ქუთაისის და ბათუმის შემდეგ ზუგდიდში უდიდესი სამკითხველო დაწესებულება არსებობს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ფონდის შევსებაც ყოველწლიურად საგანგებოდ გამოყოფილი სუბსიდიების მეშვეობით ხდება. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი მანანა გვარამია აცხადებს, რომ წიგნებს საკუთარი სახსრებითაც იძენენ, თუმცა ფონდის მეტად გადახალისება-შევსებისთვის გზების მოძიებაზე დღემდე მუშაობენ.

ბიბლიოთეკარ ნანა კუზმავას თქმით, მკითხველთა სიმრავლეს არ უჩივიან. თუ გამოთხოვილი წიგნის მოძიება არ ხერხდება, ერთგვარ ნუსხას ადგენენ და პერიოდულად ამ გზით საჭირო ლიტერატურას თბილისიდან გამოწერენ. ადრე სტუდენტების მსგავსად მოწავლეებსაც სასწავლო სახელმძღვანელოების დეფიციტი აფერხებდათ, დღეს კი ბიბლიოთეკარის თქმით, აქ თითო წიგნის 2-3 ეგზემპლარი მოიპოვება.

სიძველის გამო ზუგდიდის ბიბლიოთეკის შენობას სახურავი დაუზიანდა და გამოცვლას საჭიროებს, წვიმის დროს წყალი ჩადის და განსაკუთრებით აბონემენტის განყოფილებასნ აზიანებს. დირექტორმა სახურავის შეცვლის თხოვნით ქალაქის გამგეობას უკვე მიმართა.

ამჟამად ბიბლიოთეკაში ელექტრონული კატალოგის შექმნაზე მუშაობენ. ვებგვერდის დახმარებით მკითხველი საჭირო წიგნის მოძიებას ინტერნეტით შეძლებს, თუმცა ელექტრონულ ვერსიამდე იდეა უნდა დამტკიცდეს და პროექტისთვის აუცილებელი სახსრები გამოინახოს.
XS
SM
MD
LG