Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი და საფრანგეთი ისტორიულ ხელშეკრულებას აფორმებენ


საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ხელშეკრულების გაფორმების დროს
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ხელშეკრულების გაფორმების დროს
ორიოდე საათის წინ ლონდონში გამართულ სამიტზე ბრიტანეთმა და საფრანგეთმა თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები გააფორმეს. ამით ამ ორი ევროპული სახელმწიფოს ურთიერთობის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. ყოველკვირეულ პროგრამა „ახალ ევროპაში“ დღეს სწორედ ამ ხელშეკრულების არსზე მოგითხრობთ:

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ლონდონში სამშაბათს გამართულ სამიტზე ორი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გააფორმეს თავდაცვის სფეროში.

ამ ხელშეკრულებებით ევროპის ორი უდიდესი სამხედრო ძალისა და ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფო, ფინანსური კრიზისის ფონზე, თავისი შესაძლებლობების შენარჩუნებას შეძლებს და თავდაცვის ბიუჯეტსაც დაზოგავს.

„დღეს ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრობლობის გრძელ ისტორიაში ახალ ეტაპს ვიწყებთ“, – განუცხადა პრესკონფერენციაზე მისულ ჟურნალისტებს დევიდ კამერონმა და დასძინა: „გავაფორმეთ ორი ხელშეკრულება. ერთი მათგანი ჩვენს მსოფლიო სტანდარტების შეიარაღებულ ძალებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საშუალებას აძლევს, მეორე კი ბირთვული უსაფრთხოების სფეროში თანამშრობლობას ეხება“.

სარკოზიმ, თავის მხრივ, ხელშეკრულებებს „ისტორიული მნიშვნელობის“ და „უპრეცედენტო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ორ ქვეყანას შორის სრული ურთიერთნდობის არსებობის ნიშანია.

ახალი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფორმები მართლაც უპრეცედენტოა. ორი ქვეყანა ერთობლივ სამხედრო კონტინგენტს შექმნის და ბირთვულ სფეროშიც მჭიდროდ ითანამშრობლებს.

ორი მეზობელი ქვეყანა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ერთმანეთის მეტოქეები იყვნენ და რომლებსაც 2003 წელს, ერაყის ომის საკითხის გამო, მნიშვნელოვანი კონფლიქტი ჰქონდათ, აცხადებს, რომ ახალი ხელშეკრულებების ამოქმედებისა და თანამშრობლობის გაღრმავების პარალელურად, მათი არმიები დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებასაც შეინარჩუნებენ.

უფრო კონკრეტულად, ხელშეკრულებები ითვალისწინებს სწრაფი რეაგირების ერთობლივი, დაახლოებით 5.000 ჯარისკაცისგან შემდგარი კონტინგენტის შექმნას უკვე მომავალ წელს. სწრაფი რეაგირების რაზმი, სავარაუდოდ, ინგლისურ ენაზე ისაუბრებს. მათ შესაძლებლობა ექნებათ, სწრაფად, პირველი მოთხოვნისთანავე, შეუდგნენ როგორც სამშვიდობო, ისე საბრძოლო მისიის განხორციელებას. 2015 წლისთვის გათვალისწინებულია ატომური ცდების ობიექტების ერთობლივი მოხმარება, 2020 წლიდან კი ორი ქვეყანა სამხედრო ავიაციის სფეროშიც ითანამშრობლებს და ერთობლივად მოიხმარს საბრძოლო თვითმფრინავებს.

რაც შეეხება ბირთვულ სფეროში თანამშრომლობას, ბრიტანეთი და საფრანგეთი ერთად გამოიყენებენ აღჭურვილობას ინგლისის სამხრეთში, ალდერმასტონში და საფრანგეთის ქალაქ დიჟონთან ახლოს მდებარე ატომურ ობიექტებზე. ბრიტანეთის ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ ეს ბირთვული იარაღის საკითხთან მიმართებით უპრეცედენტო თანამშრომლობას მოიტანს – თუმცა აცხადებენ, რომ, ამის მიუხედავად, ბირთვული საიდუმლოებები გაუმხელელი დარჩება. ორივე ქვეყანა თავად შეძლებს სრულად განკარგოს თავისი შედეგებიო, – ჩაწერილია საფრანგეთის პრეზიდენტის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოფიციალური პირები არ აკონკრეტებენ, რა თანხას დაზოგავს ამგვარი თანამშრომლობა. გასულ თვეში ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ოთხი წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებას 8%-ით აპირებს. ეს ბიუჯეტი ახლა 59 მილიარდ დოლარს შეადგენს ყოველწლიურად.

სამშაბათის პრესკონფერენციაზე კამერონმა ტერორიზმის საფრთხეზეც ისაუბრა. მისი თქმით, აშშ-ში იემენიდან ფოსტით გაგზავნილი ფეთქებადი ამანათების გეგმა – რომელიც რამდენიმე დღის წინ აღკვეთეს – კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ მნიშვნელოვანია მოკავშირეებთან თანამშრომლობის გაღრმავება.

ბრიტანეთი და საფრანგეთი ერთმანეთისთვის ძველი სამხედრო მეტოქეები არიან – მათ საერთო ისტორიას ისეთი საზღვაო და სახმელეთო ბრძოლები ახსოვთ, როგორიც ტრაფალგარი და ვატერლოო იყო.

თუმცა, როგორც ბრიტანელი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, ორ სახელმწიფოს შედარებით უფრო ახალი, მეგობრობის ტრადიციაც გააჩნია – მათ შორის, პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს.

ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ნატოს წევრი სხვა ქვეყნები დადებითად გამოეხმაურნენ. როგორც სააგენტო რეიტერს აცნობა ლონდონში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა – რომლის სახელიც არ კონკრეტდება – აღჭურვილობის, მაგალითად, სამხედრო თვითმფრინავების, ერთნაირ სტანდარტზე მორგება ნატოს ერთ-ერთი მთავარი მიზანია.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG