Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაილ ხოდორკოვსკი: „ჩვენ ძალმომრეობასთან ბრძოლის სიმბოლოდ გვაქციეს“


მიხაილ ხოდორკოვსკი და პლატონ ლებედევი მოსკოვის ხამოვნიკის სასამართლოში
მიხაილ ხოდორკოვსკი და პლატონ ლებედევი მოსკოვის ხამოვნიკის სასამართლოში
2 ნოემბერს, მოსკოვის ხამოვნიკის სასამართლოში თავისი ბოლო სიტყვა წარმოთქვა კომპანია „იუკოსის“ ყოფილმა მფლობელმა, განსასჯელმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ. მან დღევანდელ რუსეთს უწოდა „ავადმყოფი ქვეყანა“, რომელსაც საპატიმროებში გამომწყვდეული ჰყავს „ათობით და ასობით ათასობით ნიჭიერი ადამიანი“ და სადაც „ძალისმიერ ბიუროკრატიას“ ყველაფრის გაკეთება შეუძლია.

სასამართლო დარბაზში მიხაილ ხოდორკოვსკის ბოლო სიტყვას „რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახური პირდაპირ ეთერში გადასცემდა. კომპანია „იუკოსის“ თანამფლობელი, რუსი ბიზნესმენი მიხაილ ხოდორკოვსკი წინასწარ პატიმრობაში 2003 წლის შემოდგომიდან იმყოფება.

”ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ყველას გვქონდა დრო, ხელახლა გაგვეაზრებინა და შეგვეფასებინა ბევრი რამ”, – განაცხადა ხამოვნიკის სასამართლოში თავის ბოლო სიტყვის დასაწყისში მიხაილ ხოდორკოვსკიმ.

„,მე ვიხსენებ 2003 წლის ოქტომბერს, ჩემი თავისუფლების ბოლო დღეს. დაპატიმრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ შემატყობინეს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტა: მე, როგორც ნათქვამი იყო, რვა წელიწადი უნდა მეთქვლიფა ციხის ულუფა...“

”მე, როგორც ნებისმიერ ადამიანს, მიჭირს ციხეში ცხოვრება და არ მინდა აქ სიკვდილი, მაგრამ თუ საჭიროა, მე შემიძლია თავის გაწირვა. ჩემი რწმენა ღირს ჩემს ცხოვრებად და დარწმუნებული ვარ, რომ მე ეს დავამტკიცე“, – განაცხადა თავის საბოლოო სიტყვაში განსასჯელმა.

„მე ვფიქრობ, რომ ჩემგან ბრალის აღიარებას სერიოზულად არავინ ფიქრობს. ასევე არავინ მოელის, რომ მოსკოვის სასამართლოში შეიძლება დადგეს გამამართლებელი განაჩენი „იუკოსის“ საქმეზე“.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო ბრალდება მიხაილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევის მიმართ 14 წლით პატიმრობას მოითხოვს. დაცვა საქმეს შეთითხნილს უწოდებს. „იუკოსის“ ყოფილ მფლობელებს ბრალად სდებენ ნავთობის მიტაცებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას. დღეს თავის ბოლო სიტყვაში, მიხაილ ხოდორკოვსკიმ მოსამართლეს შეახსენა, რომ მის ხელთ არის უფრო მეტი რამ, ვიდრე ორი ადამიანის ბედი:

„დღეს და აქ წყდება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ბედი. ყველას ესმის, რომ თქვენი განაჩენი ამ საქმეზე, როგორიც უნდა იყოს იგი, რუსეთის ისტორიის ნაწილად იქცევა. ყველა სახელი დარჩება ისტორიაში – ბრალმდებლებისაც და მოსამართლეებისაც, როგორც იმათი, რომლებიც ცნობილი საბჭოთა პროცესების შემდეგ დარჩნენ ისტორიაში“.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG