Accessibility links

ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკას საცავებისთვის ფართი არ ჰყოფნის


ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკას სამი ათასამდე რეგისტრირებული მკითხველი ჰყავს. თანამშრომელთა ცნობით, ბიბლიოთეკის 15-ვე განყოფილების წიგნადი ფონდით ყოველდღიურად რამდენიმე ათეული ადამიანი სარგებლობს. ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის, რიტა წაქაძის ინფორმაციით, მალე მკითხველებს ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური წიგნების ელექტრონული ვერსიების გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ.

ბიბლიოთეკას საჯარო სტატუსი ორი წლის წინ შეეცვალა და სამეცნიეროდ გადაკეთდა, თუმცა, როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, ფუნქციები იგივე დარჩა.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში მკითხველებმა აღნიშნეს, რომ ქალაქის სხვა ბიბლიოთეკებთან შედარებით, აქ წიგნები უფრო ხელმისაწვდომია. აფხაზეთიდან დევნილი, პროფესიით პედაგოგი, ოთარ სანაია, რომელიც 15 წელია პერიოდული პრესის განყოფილების ხშირი სტუმარია, თანამშრომელთა გულისხმიერებაზეც აკეთებს აქცენტს.

სამეცნიერო ბიბლიოთეკის რეგისტრატორი დარეჯან ერისთავი შენიშნავს, რომ ბოლო დროს მკითხველთა შორის ახალგაზრდები გააქტიურდნენ და მათი დაინტერესების მიზეზად დასავლური და აღმოსავლური ლიტერატურის განყოფილებების არსებობასაც ასახელებს. აღნიშნული ლიტერატურა უცხოელი მეცენატების დახმარებით შეემატა ბიბლიოთეკას.

როგორც რადიო თავისუფლებას დირექტორის მოადგილემ განუცხადა, მკითხველთა მოთხოვნის შესაბამისად, ბიბლიოთეკა წიგნად ფონდს ყოველწლიურად ანახლებს. ახალი წიგნების შესაძენად წელს ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 ათასი ლარი გამოიყო. რიტა წაქაძის თქმით, ეს თანხა საკმარისი არ არის და მომავალი წლიდან გათვალისწინებულია მისი 5 ათასი ლარით გაზრდა.

ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკა 137 წლისაა და დიდი ხანია საცავების პრობლემა აქვს. ბიბლიოთეკის მრავალრიცხოვანი ფონდები შენობაში ვეღარ თავსდება და ქალაქის რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე ბიბლიოთეკის შენობისთვის მესამე სართულის დაშენება იგეგმება.

ქუთაისში სულ 23 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს, ქალაქის გარეუბნებში განთავსებული ბიბლიოთეკები მკითხველთა სიმრავლით არ გამოირჩევა, თუმცა, როგორც ხელისუფლებაში განმარტავენ, ამ ეტაპზე მათი გამსხვილების საკითხი არ დგას.
XS
SM
MD
LG