Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიასა და რუსეთს შორის გრძელდება კუნძულების გამო დავა


დმიტრი მედვედევი კურილის ერთ-ერთ კუნძულზე ვიზიტის დროს
დმიტრი მედვედევი კურილის ერთ-ერთ კუნძულზე ვიზიტის დროს
რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს ტერიტორიაზე, რომელიც საბჭოთა კავშირმა დაიკავა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და რომელიც იაპონიას თავის მიწად მიაჩნია, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობაში დაძაბულობა მოჰყვა. ტოკიომ დროებით გაიწვია ელჩი მოსკოვიდან. რა მოჰყვება ამ ყველაფერს, მოგვიანებით გამოჩნდება.

ელჩის გაწვევა და მანამდე, პირველ ნოემბერს, მედვედევის ჩასვლა კუნძულზე გაგრძელებაა ისტორიისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ბოლოს დაიწყო. დამარცხებული იაპონიის კუნძულები საბჭოთა არმიამ დაიკავა და მას მერე ის მოსკოვის მმართველობის ქვეშაა. საქმე ეხება 56-კუნძულიან არქიპელაგს, რომლის სამხრეთ ნაწილს რუსეთში კურილის კუნძულები ჰქვია, იაპონიაში კი – ჩრდილოეთის ტერიტორიები. იაპონიის კაბინეტის მთავარი მდივნის, იოშიტო სენგოკუს თქმით, ტოკიო ვითარების ფრთხილ აწონ-დაწონას ახდენს და ცდილობს, ელჩისგან მიიღოს პასუხი, როგორი უნდა იყოს დიპლომატიური რეაქცია რუსეთის ამ ქმედებაზე:

„უნდა ვიფიქროთ კიდევ ერთხელ, თუ რა სახის ზომები იქნებოდა ეფექტიანი ამგვარი ქმედების საპირისპიროდ. მე არა მგონია, რომ ეს პრობლემაა, რომლიდანაც მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს“.

ახლახან იაპონიის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე მოსკოვი და ტოკიო ამ თემაზე მოილაპარაკებენ, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სეიჯი მაეჰარამ აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას არ ელიან.

ორშაბათს მაეჰარამ მიიწვია რუსეთის ელჩი, მიხაილ ბელი და პროტესტი განუცხადა კუნძულთაგან ერთ-ერთზე მედვედევის ვიზიტის გამო. ეს რუსეთის ლიდერის პირველი ვიზიტი იყო კუნძულებზე, მათი საბჭოთა არმიის მიერ დაკავების შემდეგ. მოსკოვსა და ტოკიოს ამ კუნძულების გამო არსებულმა უთანხმოებამ ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო შეთანხმების დადების საშუალება არ მისცა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს მიაჩნია, რომ ელჩის მიწვევა და მისთვის პროტესტის გამოცხადება მიუღებელი იყო:

”იაპონელების რეაქცია კურილის კუნძულებზე პრეზიდენტ მედვედევის სტუმრობის მიმართ, მიუღებელი იყო. ეს ჩვენი მიწაა და რუსეთის პრეზიდენტი სტუმრობდა რუსულ მიწას“.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა საპასუხოდ განაცხადა, რომ იაპონიის პოზიცია ასეთია: კუნძულები იაპონიის ტერიტორიაა და მედვედევის იქ ვიზიტი დასანანი იყო. ლავროვი ამბობს, რომ მოსკოვს არ სურს, ტერიტორიულმა დავამ ეკონომიკურ კავშირებზე იმოქმედოს:

„ჩვენ არ გადავდგამთ არც ერთ ნაბიჯს, რომელიც რუსეთსა და იაპონიას შორის თანამშრომლობას ხელს შეუშლიდა, მაგრამ იაპონიას მართებს, სათანადო დასკვნა გააკეთოს. ვიმეორებ, ასეთი დემარშები მიუღებელია“.

სერგეი ლავროვმა სამშაბათს თქვა, რომ მედვედევი კიდევ აპირებს კურილის კუნძულებზე ჩასვლას.

იაპონიას ტერიტორიებზე დავა აქვს ჩინეთთანაც. ისინი აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში მდებარეობს და ამ ეტაპზე მათ იაპონია აკონტროლებს. ტოკიოსა და პეკინის დავის გამო, შეშფოთება გამოითქვა რეგიონში, რადგან მათი ურთიერთობა არეალის ეკონომიკისთვისაა მნიშვნელოვანი. აშშ-მა, რომელიც შიშობს, რომ ამ უთანხმოებას საზღვაო მიმოსვლის შეფერხება შეიძლება მოჰყვეს, ორ ქვეყანას შუამავლობაც კი შესთავაზა, რაც პეკინის მიერ უარყოფილ იქნა. აშშ-ის პოზიცია ასეთია: დავა უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით. ვაშინგტონი არავის მხარეს არაა, მაგრამ აშშ-ს აქვს უშიშროების სფეროში ვალდებულება იაპონიის მიმართ. რაც შეეხება რუსეთ-იაპონიის დავას, ვაშინგტონის წარმომადგენელმა, ფილიპ კროულიმ განაცხადა, იაპონიას ვუჭერთ მხარს ჩრდილოეთის ტერიტორიების საკითხში, მაგრამ აშშ ყოველთვის მოუწოდებდა მოსკოვსა და ტოკიოს, ეს და სხვა საკითხები სამშვიდობო ხელშეკრულებებით მოაგვარონ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG