Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი და საქართველო – ორმხრივი და გლობალური ინტერესები


გრიგოლ ვაშაძე და მანუჩერ მოთაქი
გრიგოლ ვაშაძე და მანუჩერ მოთაქი
3 ნოემბერს თბილისში გაფორმდა შეთანხმება ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ვიზების გაუქმების თაობაზე. ორი ქვეყნის მთავრობების შეთანხმებას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოთაქიმ და მისმა ქართველმა კოლეგამ, გრიგოლ ვაშაძემ მოაწერეს ხელი. 3 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აქცენტები, ძირითადად, ეკონომიკურ პერსპექტივებზე გაკეთდა, თუმცა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა თავისი ქვეყნის მზადყოფნა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს კავკასიაში არსებული პრობლემების გადაწყვეტაში.

უვიზო რეჟიმით სარგებლობის საშუალება ორდინარული პასპორტების მფლობელებს, სავარაუდოდ, 2011 წლიდან მიეცემათ, მას შემდეგ, რაც ირანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი საპარლამენტო რატიფიცირების პროცედურას გაივლის. მართალია, დაახლოებით, 20-დოლარიანი ვიზის აღება როგორც ირანის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის პრობლემას არც დღემდე წარმოადგენდა, მაგრამ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყნის ტურისტულ და სავაჭრო კავშირებს და ხელს შეუწყობს ინვესტირებით დაინტერესებულ ბიზნესწრეებს. ასევე, ბიზნესწრეებისთვის მიმზიდველ გადაწყვეტილებად ასახელებს მანუჩერ მოთაქი საქართველოში მისი ვიზიტის მეორე მიზანსაც – ირანის გენერალური საკონსულოს გახსნას ბათუმში. 4 ნოემბერს ის თავად დაესწრება საკონსულოს გახსნის საზეიმო ცერემონიალს:

„1883 წლიდან 1927 წლამდე ბათუმში არსებობდა ირანის საკონსულო, რომელიც შემდგომ დახურეს, მაგრამ ორმა ქვეყანამ ისევ გამოხატა პოლიტიკური ნება და საკონსულო იხსნება. მეტად პერსპექტიულია ორი ქვეყნის ურთიერთობა სატრანსპორტო და სატრანზიტო სფეროებში. საქართველო უნდა იყოს ირანისთვის, ირანი საქართველოსთვის... და შავი ზღვა დაუკავშირდება სპარსეთის ყურეს. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ბიზნესწრეებისთვის, რომლებიც ამ გზით გააფართოვებენ თავიანთ სავაჭრო კავშირებს“.

ირანისა და საქართველოს კიდევ უფრო დაახლოების პროცესში მთავარ აქცენტს ასევე ეკონომიკურ ჭრილში აკეთებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებმა „ეკონომიკურ სფეროში ბოლო დროს დიდი ნახტომი გააკეთა“:

„173%-ით გაიზარდა ირანელი ტურისტების რიცხვი საქართველოში, 63%-ით – სავაჭრო ბალანსი... მაგრამ ეს მხოლოდ ამ გზის და მომავალი შედეგების დასაწყისია“...

გრიგოლ ვაშაძე გულითად მადლობას უხდის ირანელ კოლეგას და მთელ მის ქვეყანას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, მანუჩერ მოთაქი ტერიტორიული მთლიანობის ურყევობას კავკასიის რეგიონში კეთილმეზობლობის მთავარ პრინციპად ასახელებს. საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კავკასიაში მიმდინარე პროცესები და, რომ თეირანს ამ პროცესების მიმართ ძალიან მგრძნობიარე მიდგომა აქვს. ამავე კომენტარში ირანის გააქტიურების სურვილიც იკვეთება:

„ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობა ეს არის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რეგიონში არსებული პრობლემატიკა მშვიდობიანი გზებით გადაიჭრება. ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას მიაჩნია, რომ რეგიონული თანამშრომლობა უსაფრთხოებაზე, ენერგეტიკასა და ტრანზიტზე უნდა იყოს აგებული. ირანი გამოხატავს მზადყოფნას რეგიონში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად“.

მანუჩერ მოთაქი ასევე საუბრობს შავი ზღვის აუზის ქვეყნების სამომავლო თანამშრომლობის აუცილებლობაზე უსაფრთხოების სფეროში და ხაზს უსვამს იმ შესაძლებლობასაც, რომ „შავი ზღვის აუზის ქვეყნებმა, უსაფრთხოების კუთხით, კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებთანაც ითანამშრომლონ“.

ირანისა და საქართველოს დაახლოების კონტექსტში, რომელსაც მხარეები ურთიერთობის „ახალ ეტაპს“ უწოდებენ, მინისტრების მხრიდან ყურადღება თითქმის არ მახვილდება პოლიტიკურ შეფასებებზე. მაგალითად, 3 ნოემბრის პრესკონფერენციაზე არაფერი თქმულა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება აღიქვას დასავლეთმა ირანისა და საქართველოს დაახლოების მცდელობა. ანალიტიკური წრეები ხშირად მსჯელობენ, მაგალითად, იმის თაობაზე, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესის მიმართ შეერთებულ შტატებს – საქართველოს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს, რომელსაც ირანი დაუძინებელ მტრად მიიჩნევს.

გრიგოლ ვაშაძე მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ორი ქვეყანა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ცდილობს და ეს სასარგებლოა კონკრეტულად როგორც ირანისა და საქართველოს, ასევე რეგიონისთვის, ზოგადად კი – პოლიტიკური კლიმატისათვის.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG