Accessibility links

პირველი ნოემბრიდან თბილისში ავტობუსის ხაზების რაოდენობა 125-დან 92-მდე შემცირდა. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, აღნიშნული ცვლილება მგზავრთა ნაკადზე დაკვირვების შედეგად განხორციელდა. მგზავრების მნიშვნელოვანი ნაწილი კი ავტობუსის ხაზების შემცირებით უკმაყოფილოა. საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი „რესპუბლიკელი“ თინა ხიდაშელი ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისგან იმ დოკუმენტების წარმოდგენას ითხოვს, რომლის საფუძველზეც ავტობუსის ხაზები გაუქმდა.

19 წლის ქეთი უნივერსიტეტის სტუდენტია. უკვე 20 წუთია ავტობუსის გაჩერებაზე დგას. ავტობუსი იგვიანებს: „ამ სიახლეს სტუდენტები ძალიან ვუჩივით. თავისუფლების მოედნიდან რუსთაველზე ამოსვლის პრობლემა ნამდვილად არ არსებობს, მაგრამ სახლში მისასვლელად ავტობუსის გაჩერებაზე მინიმუმ ნახევარი საათი მიწევს ლოდინი“.

უკვე ორი დღეა ავტობუსების ხაზების რაოდენობა 33 ერთეულით შემცირდა. როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია მითითებული, აღნიშნული ცვლილება მგზავრთა ნაკადზე დაკვირვების შედეგად განხორციელდა. საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი „რესპუბლიკელი“ თინა ხიდაშელი ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისგან იმ დოკუმენტების წარმოდგენას ითხოვს, რომელთა საფუძველზეც ავტობუსის ხაზები გაუქმდა: „წარმოგვიდგინონ ყველა ის დოკუმენტი, რომელშიც იქნება მონაცემები, ფინანსები, ხარჯები და ა.შ... მეორე თემა, რომელიც ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, ავტობუსების დაფინანსების საკითხია“, – აღნიშნავს თინა ხიდაშელი.

დაფინანსების მზარდი მონაცემები კი, რომელიც სარევიზიო კომისიის დასკვნებს ეყრდნობა, თინა ხიდაშელის განმარტებით, ასეთია: მერიის მიერ 2007 წელს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისთვის გამოყოფილი თანხა 9 მლნ ლარს შეადგენს; 2008 წელს – 26 მლნ-ს; 2010 წელს კი – 38 მლნ ლარს. მას თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან კონკრეტული კითხვები აქვს, რომლებზე პასუხიც ჯერ ვერ მიიღო.

„აი ამ ფონზე, როდესაც 9-დან 38 მილიონამდე იზრდება დაფინანსება, თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ თურმე ავტობუსების მოხმარება არის დაბალი. მაშინ მე ვკითხულობ, თუ მოხმარება არის დაბალი, მაშინ სუბსიდიების ხელოვნური მიწერა ხდებოდა და ფულს იპარავდნენ; თუ მოხმარება არის მაღალი და, შესაბამისად, ფული იყო საჭირო, მაშინ ახლა მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ ხდება ამ ხაზების გაუქმება, ამიტომ გაგვაგებინონ, რაღაცას რომ აკეთებენ, რატომ აკეთებენ და სად მიდის ის 38 მილიონი ლარი, რომელსაც ყოველწლიურად ბოლო თეთრამდე ხარჯავენ“, – კითხულობს თბილისის საკრებულოს „რესპუბლიკელი“ დეპუტატი.

თბილისის მერი გიგი უგულავა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისათვის გამოყოფილი სუბსიდიების ზრდის ტენდენციას ადასტურებს და აცხადებს, რომ ტრანსპორტის ცვეთა არის ძალიან მაღალი, რაც ხარჯების ზრდას იწვევს. როგორც ის განმარტავს, ავტობუსის ხაზების შემცირებაც სწორედ აღნიშნული ხარჯების კლებისკენ გადადგმული ნაბიჯია:

„დღეს ჩვენი ამოცანაა ეს სისტემა გავხადოთ მეტ-ნაკლებად ისეთი, რომლის შენახვის შესაძლებლობა ქალაქის ბიუჯეტს ექნება. თუმცა, ეს სისტემა მარტო ბიუჯეტის შესანახი ვერ იქნება. ამ სისტემას ინახავს საზოგადოება და ამ სისტემას ნაწილობრივ ინახავს ბიუჯეტი“.

თბილისის მერის მტკიცებით, ის შეღავათები, რომლებითაც პედაგოგები, სტუდენტები, პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ადამიანები სარგებლობდნენ, კვლავაც შენარჩუნდება, თუმცა ხაზების ოპტიმიზაცია მოხდება, რაც ცარიელი ავტობუსების ქალაქში გადაადგილებას გამორიცხავს.
„არსებული მარშრუტები დამოკლდა და მათი ეფექტურობა უნდა გაიზარდოს. დამოკლება ნიშნავს იმას, რომ თუ ადამიანი მიდის გრძელ მარშრუტზე, მას მოუწევს გადაჯდომა ან ავტობუსში ან მეტროპოლიტენში“, – აღნიშნავს თბილისის მერი გიგი უგულავა.

ავტობუსის გაჩერებაზე 50 წლის რეზო დგას, რომელსაც „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტამდე მისასვლელად არაერთი ავტობუსის გამოცვლა დასჭირდა. ამოცანა გვეკითხება, რა დრო და რა თანხაა საჭირო მისი დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად?

„აგე, ახლა ნავთლუხის ბაზრობიდან მოვდივარ. ე.ი. 40 თეთრი ხო გადავიხადე ბარათაშვილის ხიდამდე, მერე მოვედი აქამდე (მეტრო რუსთაველი) კიდევ 40 თეთრი, ახლა სადგურზე უნდა გადავიდე კიდევ 40 თეთრით. ეს რა წესია? არ არის სიმართლე რა, – ამბობს მგზავრი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი თბილისის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის, აკაკი ჯოხაძის კომენტარზე დაყრდნობით იუწყება, ავტობუსების მარშრუტის ოპტიმიზაცია 100-მდე მძღოლის შემცირებას გამოიწვევს, მაგრამ მისივე თქმით, ისინი მომავალში მიკროავტობუსების ხაზებზე გადანაწილდებიან. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, მერიას აქვს განთავისუფლებული მძღოლების სია და მათ, საჭიროების შემთხვევაში, მომავალში დაასაქმებენ. რაც შეეხება მიკროავტობუსებზე გადანაწილებას, ამის შესახებ საუბარი არ ყოფილაო, გვეუბნებიან მერიის პრესსამსახურში.

P.S. უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში ავტობუსის გაჩერებაზე 95-გვერდიანი წიგნის წაკითხვა მოვახერხე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG