Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პროპაგანდა გალის სოფლებში


გალი
გალი
ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფი რუსული სასაზღვრო ძალების სარდლობამ ოქტომბრიდან დაიწყო აქცია, სახელწოდებით ”ურთიერთდახმარება, თანამშრომლობა და უსაფრთხოება”. ჰუმანიტარულად წოდებული აქციის მიზნად ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება და მასთან დაახლოება გამოცხადდა. აფხაზური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველომ აქციაში ჩართო ამავე სამსახურის მთავარი ჰოსპიტალის ექიმები, რუსეთის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროთა წარმომადგენლები.

ოკუპირებულ რეგიონში დისლოცირებული რუსული სასაზღვრო ძალების სარდლობამ განსაკუთრებული ყურადღების საგნად გამოაცხადა გალის რაიონი, სადაც ამავე სარდლობის ინფორმაციით, ასობით ადამიანს სამედიცინო გამოკვლევა და ოპერაციები ჩაუტარდა, პედაგოგებისთვის სემინარები გაიმართა, სკოლებს კი, წიგნები, სპორტული ინვენტარი, კომპიუტერები და ტელევიზორები გადაეცა. პირველი ოტობაიის მკვიდრნი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ყვებიან, რომ რუსმა ექიმებმა მოსახლეობის ნაწილს მხოლოდ ზედაპირული სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარეს და ქირურგიული ჩარევის შემთხვევა არ ყოფილა. მათივე ცნობით, ტელევიზორები და სატელიტური ანტენები, რომლებიც მხოლოდ რუსულ არხებს ტრანსლირებენ მოსახლეობის მცირე ნაწილს ერგო.

მეორე ოტობაიის მკვიდრმა რადიო თავისუფლებას დეტალურად უამბო ჰუმანიტარულად წოდებული აქციის შესახებ. რესპონდენტის ცნობით, აქციის ორგანიზატორების პრიორიტეტი ისეთი ოჯახების დახმარება იყო, რომლებსაც აფხაზმა სამხედროებმა სახლ-კარი დაუწვეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თორნიკე კილანავა დარწმუნებულია, რომ ასეთი ე.წ. ჰუმანიტარული ხასიათის აქციების მიუხედავად ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას ყოველთვის ემახსოვრება 19 წლის წინანდელი ისტორია, როდესაც რუსულმა სამხედრო ძალებმა ათიათასობით ქართველი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია.

ე.წ. ჰუმანიტარული აქცია გალის რაიონის ყველა სოფელში რომ არ განხორციელებულა, ამას დევნილი მთავრობის მსგავსად, საბერიოელები, დიხაზურგელები და ჭუბურხინჯელებიც ადასტურებენ. რადიო თავისუფლების რესპონდენტები ამბობენ, რომ მათ ამის შესახებ მხოლოდ სმენიათ და, რომ რუსეთის მთავრობის პრიორიტეტი სამეგრელოსთან მოსაზღვრე სოფლები იყო.
XS
SM
MD
LG