Accessibility links

ცხინვალის რეგიონში ეუთოს დელეგაცია იმყოფება


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში იმყოფება ეუთოს დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს უმაღლესი კომისარი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში კნუტ ვოლებეკი. დღეს ეუთოს წარმომადგენლები დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მურად ჯიოევს, ედუარდ კოკოითის სპეციალურ წარმომადგენელს ბორის ჩოჩიევს და ადგილობრივ ომბუდსმენს დავით სანაკოევს შეხვდნენ. დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, ოსურმა მხარემ ეუთო კვლავ გააკრიტიკა იმის გამო, რომ რეგიონში აგვისტოს ომამდე მყოფი მეთვალყურეები იქ არსებული ვითარების შესახებ არაობიექტურ ინფორმაციას უგზავნიდნენ ორგანიზაციის ხელმძღვანელებს. ამავე კომიტეტს მოჰყავს კნუტ ვოლებეკის სიტყვები იმის შესახებ, რომ მას, როგორც ეუთოს უმაღლეს კომისარს, ნეიტრალური პოზიცია აქვს და მისი მიზანი ეთნიკური კონფლიქტების აღკვეთაა. ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტისას ეუთოს დელეგაცია ახლგორის რაიონშიც ჩავა.
XS
SM
MD
LG