Accessibility links

logo-print

ამერიკის პოლიტიკაში „ჩაის მოყვარული კონსერვატორები“ მომძლავრდნენ


ჯონ ბეინერი

ჯონ ბეინერი

2 ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად, დემოკრატიულმა პარტიამ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი დაკარგა, თუმცა მცირე უპირატესობით სენატში უმრავლესობა შეინარჩუნა. წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერი, სავარაუდოდ, რესპუბლიკელი ჯონ ბეინერი გახდება, რომელმაც განაცხადა, რომ ითანამშრომლებს პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან. შუალედური არჩევნების ყველაზე დიდი მოულოდნელობა კი გახდა კონსერვატიული მოძრაობა „ჩაის პარტიის“ პოლიტიკოსთა წარმატება, რომლებიც სახელმწიფო ხარჯების შემცირების მოთხოვნით გამოდიან.

2 ნოემბრის შუალედურმა არჩევნებმა მკაფიოდ აჩვენა, რომ ამერიკელი ამომრჩევლები სულ უფრო უკმაყოფილო არიან პრეზიდენტ ბარაკ ობამას საშინაო პოლიტიკით, რომელსაც ორი წლის წინ ამერიკელთა უმრავლესობა უჭერდა მხარს. იმედგაცრუების ძირითადი მიზეზი ეკონომიკური რეცესია და ორნიშნა ციფრით გამოხატული უმუშევრობაა.

„არჩევნების შედეგი მოწმობს, რომ ხალხმა უარი უთხრა იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არ უსმენენ ხალხს“, – განაცხადა თავის მგზნებარე გამოსვლაში რესპუბლიკური პარტიის წევრმა ოჰაიოდან, ჯონ ბეინერმა, რომელიც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდება. ბეინერმა აღნიშნა, რომ შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში, პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან .

„მიუხედავად იმისა, რომ წარმომადგენელთა პალატაში ჩვენი ახალი უმრავლესობა იმუშავებს, როგორც თქვენი ხმა, მთავრობის მუშაობის დღის წესრიგს პრეზიდენტი ადგენს. ამერიკელმა ხალხმა ამ ღამით მას გაუგზავნა მკაფიო მესიჯი და ამ მესიჯის შინაარსია – „შეცვალე კურსი“. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი ობამა ახლა მაინც სცემს პატივს ხალხის ნებას, შეცვლის კურსს და განახორციელებს ცვლილებებს, რასაც ხალხი მოითხოვს. რამდენადაც იგი გამოავლენს ნებისყოფას ამის გასაკეთებლად, ჩვენც მზად ვიქნებით მასთან მუშაობისთვის“.

როგორც თეთრი სახლი იტყობინება, პრეზიდენტმა ობამამ დაურეკა ბეინერს და აცნობა, რომ „მზად არის იმუშაოს მასთან და რესპუბლიკელებთან ერთად, რათა მოიძებნოს საერთო ინტერესი ამერიკის წინსვლისა დ ამერიკის ხალხის სამსახურისათვის“. ქვეყნის ადმინისტრაციას მოუწევს გაითვალისწინოს „ჩაის პარტიის“ მოთხოვნებიც. „ჩაის პარტია“, უწინარეს ყოვლისა, გადასახადების შემცირებას მოითხოვს და აერთიანებს კონსერვატიული და ლიბერტარიანული შეხედულებების ადამიანებს, რომელთაც სჯერათ, რომ შეერთებულ შტატებში სახელმწიფო ზედმეტად ბევრ ფუნქციას ასრულებს და ამით ინდივიდების თავისუფლებას ზღუდავს. სწორედ ამ ახალი კონსერვატიული პარტიის მხარდაჭერით მოახერხეს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა სენატში გასვლა. შტატ კენტუკიში გაიმარჯვა რენდ პოლმა, ფლორიდაში კი – მარკო რუბიომ, რომელიც ორივე პარტიას აკრიტიკებს .

„ჩვენი ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის და ეს ორივე პარტიის ბრალია. ამერიკელები მთელი მონდომებით ეძებენ ისეთ ხალხს, რომლებიც ჩავლენ ვაშინგტონში, მტკიცედ დაუჭერენ მხარს დღის წესრიგს, რომელიც აგვაცილებს არასწორ კურსს და მკაფიო და რეალურ დღის წესრიგს შემოგვთავაზებს“.

2 ნოემბერს გამართულ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელებმა 50 ადგილი მოიპოვეს კონგრესის ქვედა პალატაში, სადაც უმრავლესობისათვის მათ მხოლოდ 39 ადგილი სჭირდებოდათ. სენატში დემოკრატებმა ექვსი ადგილი დაკარგეს, თუმცა უმნიშვნელო უპირატესობას ინარჩუნებენ.
XS
SM
MD
LG