Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკელთა გამარჯვება და საგარეო ვექტორის მოსალოდნელი ცვლილება


კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელებისა და „ჩაის პარტიის“ წარმომადგენელთა გამარჯვების შემდეგ, ანალიტიკოსები ამერიკის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაში მოსალოდნელ ცვლილებებზე ალაპარაკდნენ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება ირანთან ურთიერთობა, გართულდება ბირთვულ განიარაღებაზე მოლაპარაკება რუსეთთან და ასევე, შესაძლოა, გადავადდეს ამერიკული სამხედრო ძალის გაყვანა ავღანეთიდან.

ამერიკის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის საკითხებს პრეზიდენტი წყვეტს. ობამას დემოკრატიულმა პარტიამ 2 ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ სენატში უმრავლესობა შეინარჩუნა. თუმცა, არჩევნების შედეგების თანახმად, რესპუბლიკელები მოიპოვებენ წარმომადგენლობითი პალატის მნიშვნელოვანი კომიტეტების თავმჯდომარეთა პოსტებს, რაც ვაშინგტონელი ანალიტიკოსის, ელიოტ აბარამსის შეფასებით, ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულებაზე ჰპოვებს ასახვას.

„ვფიქრობ, რომ რესპუბლიკელებისგან უფრო აქტიურად გაიგონებთ, რომ არ უნდა გაგრძელდეს ირანთან არაფრისმომცემი მოლაპარაკება, რაც მას შესაძლებლობას აძლევს ურანის გამდიდრების სამუშაოები განაგრძოს. ვფიქრობ, რომ უფრო მკაცრი ზეწოლა იქნება, რათა ნებისმიერი მოლაპარაკების არსი იყოს გამდიდრების ნულამდე დაყვანა. ვფიქრობ, ძალიან მყარი მხარდაჭერა ექნება ამერიკის ადმინისტრაციის ძალისხმევას ირანის მიმართ ეკონომიკური სანქციების საკითხში“.

ბრუკინგსის ანალიტიკოს ფიონა ჰილს მიაჩნია, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული პოლიტიკური კონფიგურაცია გავლენას მოახდენს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთ მიმართულებაზე. საუბარია ე.წ. სტარტის შეთანხმებაზე, რომელიც რუსეთისა და შეერთებული შტატების სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების 1550 ერთეულამდე შემცირებას ითვალისწინებს. შეთანხმება, რომელსაც რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებმა ხელი აპრილში მოაწერეს, დღემდე არ არის რატიფიცირებული არც შეერთებული შტატების სენატის და არც რუსეთის პარლამენტის მიერ. ფიონა ჰილის თქმით, რესპუბლიკელები, სავარაუდოდ, შეეცდებიან, სენატში ე.წ. სტარტის ხელშეკრულების რატიფიკაცია შეაფერხონ.

„ჩანს, რომ ადმინისტრაციას მართლაც სურს „სტარტის“ რატიფიკაცია, მაგრამ რესპუბლიკელებს ნამდვილად არ უნდათ მათი წარმატება რომელიმე საკითხში. ეს ისეთი პოლიტიკაა, რომელიც საკონტაქტო სპორტს ჰგავს. სახელმწიფოს მართვის ხელოვნებისას წამოჭრილ საქმეებში ჩაიკარგა საკითხი, რომელიც შეერთებული შტატების რეალურ ინტერესებს წარმოადგენს“.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რესპუბლიკელები ასევე შეეცდებიან, ცვლილება შევიდეს ამერიკის ადმინისტრაციის იმ გეგმაში, რომელიც 2011 წლისათვის ავღანეთიდან სამხედრო ძალის გაყვანას ითვალისწინებს. თუმცა ავღანეთიდან ამერიკული ქვედანაყოფების გაყვანა ის საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც რესპუბლიკელების დამოკიდებულებას „ჩაის პარტიის“ წარმომადგენლები არ იზიარებენ. ამ კონსერვატიული პარტიის რიგებში შედის რესპუბლიკელთა რამდენიმე წევრი, რომლებმაც შუალედურ არჩევნებში სენატში გასვლა მოახერხეს. ავღანეთის ომის საკითხში „ჩაის პარტიის“ წარმომადგენლების თვალსაზრისი ემთხვევა დემოკრატიული პარტიის ომის მოწინააღმდეგე აქტივისტებისას, რომლებიც აკრიტიკებენ ამერიკის სამხედრო ძალების მიერ უპილოტო თვითმფრინავების ღრმა რეიდებს პაკისტანში და ანტიპარტიზანული ომის ტაქტიკას ავღანეთში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG