Accessibility links

რა იწერება საქართველოს შესახებ რუსეთისა და ნატოს „სუფთა ფურცელზე“?


ანდერს ფოგ რასმუსენი და დმიტრი მედვედევი მოსკოვში

ანდერს ფოგ რასმუსენი და დმიტრი მედვედევი მოსკოვში

ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მოსკოვში 3 ნოემბრის ვიზიტის მთავარ მიზნად ლისაბონის სამიტისთვის მზადებას , რომელზეც მხარეებმა ურთიერთობა ახალი, სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყონ. მართალია, ბევრი დეტალი ჯერ კიდევ შეუთანხმებელია, მაგრამ ურთიერთობების განახლების პერსპექტივას მხარეები საკმაოდ დიდი ოპტიმიზმით უყურებენ.

ავღანეთი, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და ანტისარაკეტო თავდაცვა – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელთა გარშემოც ნატო და რუსეთი რაც შეიძლება მეტი შეხების წერტილის გამონახვას შეეცდებიან. დეტალების განხილვა 20 ნოემბერს, ლისაბონში, ნატო-რუსეთის საბჭოს სამიტზე უნდა დაიწყოს, სადაც ალიანსის წევრი გავლენიანი სახელმწიფოების ლიდერები რუსეთის პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს დიდი პატივით ელოდებიან. კრემლის თანხმობით გახარებულია ალიანსის გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენიც, რომელიც სამიტისთვის მოსამზადებლად 3 ნოემბერს თავად ეწვია მოსკოვს.

კრემლს გარკვეული პასუხი ჯერ არაფერზე გაუცია. მათ შორის, არც ნატოს წინადადებაზე ალიანსისა და რუსეთის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების ერთიანი ქოლგის შექმნის თაობაზე. ანალიტიკოსების აზრით, პასუხი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა გავლენა ექნება კრემლს, ასე ვთქვათ, ამ ქოლგის გახსნისა და დახურვის პროცესებზე. მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი ნატოსთან თანამშრომლობას დიდი ოპტიმიზმით უყურებს და ეს კარგად ჩანს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა თუ პრეზიდენტთან ალიანსის გენერალური მდივანის 3 ნოემბერის შეხვედრების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებში. თავის მხრივ, ალიანსისა და რუსეთის ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების იმედი აქვს ანდერს ფოგ რასმუსენს, თუმცა ის არც ამ ურთიერთობებთან დასმულ მთავარ კითხვის ნიშანს – საქართველოს – ივიწყებს.

3 ნოემბერს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ანდერს ფოგ რასმუსენმა თქვა, რომ ლისაბონში ნატო კვლავ დაადასტურებს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ამავე პრესკონფერენციაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერაც გაიმეორა, ხოლო ოდნავ მოგვიანებით, რადიოსადგურ „ეხო მოსკვიში“ სტუმრობისას აღნიშნა, რომ რუსეთისა და ალიანსის რეალური თანამშრომლობის პერსპექტივები ვერ დაჩრდილავს საქართველოს ინტერესებს:

„ნება მომეცით, ხაზგასმით ვთქვა, რომ საქართველოსთან მიმართებით ჩვენი პოზიცია უცვლელია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მივდევთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკას...”

ნატოსა და რუსეთის ახლებური ურთიერთობები საქართველოს ინტერესებს დამატებით პრობლემებს ვერ შეუქმნის, – მიაჩნია ნიკა ჩიტაძეს, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს. მისი აზრით, ალიანსში საქართველოს გაწევრიანების საკითხთან მიმართებით რუსეთს გავლენა არც მანამდე აკლდა:

„რუსეთს გავლენა აქვს ნატოს რიგ წევრ სახელმწიფოებზე, რომლებიც არ უჭერენ მხარს საქართველოსთვის მეპის მინიჭების საკითხს და ეს აისახება ალიანსის გადაწყვეტილების მიღების პროცესზე...”

ნიკა ჩიტაძისგან განსხვავებით, ნატოსა და რუსეთის ახლებური ურთიერთობების ფონზე საქართველოს ინტერესების კიდევ უფრო შევიწროებას მოელის უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ბესო ალადაშვილი:

„ბუნებრივია, ახლა საერთოდ იცვლება დასავლეთის ვექტორი და გამოიკვეთა იმის აბსოლუტურად საპირისპირო საგარეო პოლიტიკა ნატოსა და დასავლეთის ქვეყნების, – განსაკუთრებით, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან, – რაც იყო ბუშის ადმინისტრაციის დროს... ახლა პოლიტიკა მიმართულია რუსეთთან დიალოგისკენ და დათმობებისკენ. მიზანია, რომ ჩართონ რუსეთი ავღანეთის სპეცოპერაციაში. იცით, ალბათ, რომ რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ძალიან პირდაპირი და კონკრეტული განცხადებები გააკეთა, რომ რუსეთი მიიღებს მონაწილეობას ნატოს ოპერაციებში, თუ ალიანსი მიიღებს დე ფაქტო მდგომარეობას, ანუ ფაქტობრივად აღიარებს სეპარატისტულ რეჟიმებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში“.

დაახლოებით ამ შინაარსის განცხადება ანონიმურ წყაროს ეკუთვნის და ის რუსეთის ელექტრონულ მედიაში რასმუსენის მოსკოვში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა. თუმცა ამ განცხადების შინაარსის გავლენა, ანალიტიკოსების შეფასებით, ნატოს გენერალური მდივნის მოსკოვში ვიზიტის დროს ნამდვილად არ გამომჟღავნებულა. ალიანსისთვის, რომელიც გაეროს პრინციპებით ხელმძღვანელობს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი განხილვას არ ექვემდებარება.
XS
SM
MD
LG