Accessibility links

logo-print
„მიტინგები 24-25 ნოემბრისთვის დაიწყება“ – წერს გაზეთი „ალია“, რომლის რესპონდენტი, პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ გენერალური მდივანი სანდრო ბრეგაძე აღნიშნავს, რომ ეს იქნება არა რომელიმე კონკრეტული პარტიის, არამედ მთელი ოპოზიციის საერთო გამოსვლა და ამის თაობაზე მათ შორის კონსულტაციები მიმდინარეობს. სანდრო ბრეგაძე ამავე ინტერვიუში აღნიშნავს იმასაც, რომ ხელისუფლებაში არსებობს ჯგუფი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერება არ უნდა. მისი ინფორმაციით, ამ ჯგუფის სათავეში პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მოიაზრება: „როდესაც ბაქრაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, მითითება მისცეს და უთხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილმა, არავითარ შემთხვევაში, არ იფიქროს პრემიერ-მინისტრობაზეო. იგივე გაუმეორეს ნიკა გილაურსაც ამერიკაში ყოფნისას“.

მოსალოდნელ საპროტესტო აქციებს, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შეფასებას თავის ფურცლებზე დიდ ადგილს უთმობს გაზეთი „ყველა სიახლე“. რუბრიკა „პოლიტიკური ტრიბუნის“ ერთ-ერთი სტუმარი, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ ქვეყანაში ვითარება რადიკალურად შეიცვალა უარესობისაკენ“. ეს იყო სერიოზული შანსი, ახალი რეალობა შექმნილიყო. შანსი იმისა, რომ მოსახლეობისათვის გაწნული სილა ხელისუფლებას მიეღო და ქვეყნისათვის სასიკეთო ნაბიჯები გადაედგა. მაშინ დავიჯერე, რომ ეს იქნებოდა ხელისუფლებისთვის დიდი გაკვეთილი, მაგრამ შევცდი“.

„ჩვენ ყველა ფრონტზე ვიბრძვით“ – განუცხადა გაზეთ „ახალ თაობას“ კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა. კითხვაზე – ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შემთხვევაში, ხელისუფლება არჩევნების წაგების რეალურ საფრთხეს შეიქმნის და, შესაბამისად, მას სამართლიანი საარჩევნო გარემოს არსებობის მოტივაცია არ უნდა ჰქონდეს? – ზვიად ძიძიგური პასუხობს: „დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი უცხოელი კოლეგების მხარდაჭერა და მოკავშირეობა ამ საქმეში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი ფაქტორიც ამ პროცესის დროს“.

„ეუთოს მისიის დაბრუნების შანსი ნულოვანია“ – სტატია, რომელსაც გაზეთ „რეზონანსში“ წაიკითხავთ, ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის კნუტ ვოლებეკის ცხინვალში ვიზიტის შედეგებს ასახავს. მასში გაეცნობით დე ფაქტო ოსეთის პარლამენტის წევრების აზრს იმის შესახებ, რატომ არ უნდა აღდგეს ეუთოს წარმომადგენლობა – „ეუთოს წარმომადგენლები ჩვენს რესპუბლიკაში მოდიან არა როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, არამედ როგორც საქართველოს ნაწილში – ასეთია დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატების აზრი. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი ფიქრობს, რომ ოსებს ამ ორგანიზაციის წარმომადგენლების შეშვება, წესით, უნდა აწყობდეთ, რათა სამხრეთ ოსეთიდან რეალური ინფორმაცია გამოიტანონ. „რომ არ შეუშვან იმის გამო, რომ, როგორც თავად ამბობენ, ეუთო ცალკე ქვეყნად არ აღიარებს, არშეშვების შემთხვევაშიც ეუთო არ აღიარებს და ამ მიზნით მათი დაბლოკვა მართლაც უაზრობაა“, – განუცხადა პაატა ზაქარეიშვილმა გაზეთ „რეზონანსს“.
XS
SM
MD
LG