Accessibility links

logo-print

პეტერ სემნები - ”ევროკავშირი არის ის, რისკენაც საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანები შეიძლება ილტვოდნენ”


ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები

მიმდინარე კვირის დასაწყისში თბილისში იმყოფებოდა ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნები. ეს მისი მორიგი სამუშაო ვიზიტი იყო. შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ამ ტერიტორიების მიმართ ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა იყო. სწორედ ამის შესახებ საუბრით იწყება ინტერვიუ პეტერ სემნებისთან, რომელიც ნინო გელაშვილმა ჩაწერა.

რადიო „თავისუფლება“: როგორია ევროკავშირის დამოკიდებულება ამ დოკუმენტის მიმართ და არის თუ არა მასში გათვალისწინებული ევროკავშირის როლი?

პეტერ სემნები: ევროკავშირმა მოიწონა სამოქმედო გეგმა. ვფიქრობთ, ეს არის ძალიან კარგად დამუშავებული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ბევრ საინტერესო ელემენტს, რომელთაგან ჩვენ ბევრის მხარდაჭერით ვიქნებოდით დაინტერესებული, სეპარატისტული რეგიონების მიმართ ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის კონტექსტში. უკვე ვაძლევთ მთავრობას ზოგიერთ რჩევას და ვიმედოვნებ, რომ უფრო კონკრეტულად შევძლებთ საქმიანობის გაგრძელებას, ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის სასარგებლო სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას კეთილგანწყობილი გარემო ერთობლივი ღონისძიებების განსახორციელებლად, იმისათვის, რომ პროექტები დაიძრას და ადამიანებმა იგრძნონ ცვლილებები. საბოლოოდ, ჩვენ უნდა დავაკავშიროთ ერთმანეთთან საზოგადოებები. ჩვენ უნდა შევცვალოთ საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ხედვა, რომ ისინი უკეთ დაუკავშირდნენ ერთმანეთს, ვიდრე დღეს ახერხებენ ამას. ვფიქრობ, ევროკავშირს შეუძლია ამის გაკეთება, რადგან დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი არის ის, რისკენაც ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანები შეიძლება ილტვოდნენ.

რადიო „თავისუფლება“: განიხილება თუ არა ეს საკითხი ჟენევის პროცესზე? არ შეიძლება პოლიტიკური ფონის უგულებელყოფა. ის ხელს უშლის ერთობლივი პროექტებისთვის კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას.

პეტერ სემნები: რა თქმა უნდა, ეს სტრატეგია ავსებს ჟენევის პროცესს და სცდება კიდეც მას. ჟენევის მოლაპარაკებებს მკაფიოდ განსაზღვრული დღის წესრიგი აქვს. ის, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება, რაც მოიცავს სხვადასხვა სახის ნდობის აღდგენის ღონისძიებების გატარებას ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს. ჟენევაში მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკითხია. სამოქმედო გეგმის შემთხვევაში ვლაპარაკობთ უფრო ფართო ჩართულობაზე. ვფიქრობ, ჟენევაში პროგრესის მიღწევა ხელს შეუწყობს უფრო ფართო ჩართულობას და პირიქით. ამ ერთმანეთის ხელშემწყობ გზებზე პარალელურად უნდა ვიმოძრაოთ.

რადიო „თავისუფლება“:
სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა (ციტირებას არ ვახდენ), რომ ყველა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავიანთი გეგმები და მოქმედებები საქართველოს მთავრობას უნდა შეუთანხმოს. ხომ არ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ამის შესახებ?

პეტერ სემნები: ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე საკმაო დრო დავხარჯეთ საქართველოს მთავრობასთან საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის წესების შესახებ მისი წინადადების განხილვაზე. ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა ეს წესები (მოდალობები). ახლა უკვე ვნახავთ, როგორ იმუშავებს ეს მოდალობები რეალობაში. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ჩართულობის სამოქმედო გეგმის მოდალობები განხორციელდება ისე, რომ შექმნას ჩართულობისთვის კეთილგანწყობილი გარემო, რაც, ჩვენი აზრით, არსებითია წინსვლისთვის.

რადიო „თავისუფლება“: რაც ეხება ერთობლივ პროექტებს, იყო ცნობა, რომ ევროკავშირი აპირებს დააფინანსოს ზონკარის წყალსაცავის სარწყავი სისტემის აღდგენის პროექტი. მეტს ხომ ვერ გვეტყოდით?

პეტერ სემნები: ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს არსებული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები არის წამყვანი ნდობის აღდგენის პროცესში და ეს ნამდვილად არის ის, რაც ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს მოუტანს სარგებელს და გაზრდის ნდობას. ამის მაგალითად მოვიტანდი ენგურის ჰიდროელექტრო სადგურს, რომელიც კონფლიქტისა და ომის პერიოდში, ძირითადად, უწყვეტად მუშაობდა და ნათლად წარმოაჩენს ერთობლივი ეკონომიკური ინტერესის მნიშვნელობას. ეს აჩვენებს, როგორია ამგვარი პროექტების ძალა.

რადიო „თავისუფლება“: მინდა გკითხოთ ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ევროკავშირის საბჭო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისგან რეგულარულად იღებს ინფორმაციას, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის დახურულია. შეგიძლიათ ზოგადად მაინც გვითხრათ, როგორია მდგომარეობა იქ მისიის ინფორმაციის თანახმად?

პეტერ სემნები: ვითარება ბოლო დროს შედარებით სტაბილურია. დროდადრო ხდება ინციდენტები, რაც მოქალაქეების მიერ ადმინისტრაციული საზღვრების გადაკვეთას უკავშირდება. მათ აკავებენ და ა.შ., მაგრამ ბოლო დროს არ გავმხდარვართ მოწმე ისეთი დაძაბული სიტუაციის, როგორიც ომიდან პირველი წლის განმავლობაში იყო. საკითხი, რომელიც უფრო დაწვრილებით უნდა განვიხილოთ, ადმინისტრაციულ საზღვრებზე გადაადგილების თავისუფლებაა. წესდება ადმინისტრაციული ბარიერები, რომელიც აძნელებს საზღვრებზე გადაადგილებას, რაც შეშფოთებას იწვევს, რადგან იმისათვის, რომ ნდობა შეიქმნას და შენარჩუნდეს, აუცილებელია ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა თავისუფლად იურთიერთონ მეზობლებთან, ნათესავებთან და მეგობრებთან იმის მიუხედავად, საზღვრის რომელ მხარეს ცხოვრობენ. ეს, ამავე დროს, არის პირობა ნებისმიერი სახის ეკონომიკური აქტივობისთვის. საბოლოოდ, იმისათვის, რომ საზღვრის ორი მხარე ერთმანეთთან დააკავშირო, უნდა შექმნა საერთო ეკონომიკური ინტერესი, უნდა აღადგინო ეკონომიკური კავშირები, რომლებიც დიდწილად შეწყდა.

რადიო „თავისუფლება“:
არის, თუ არა, პერსპექტივა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საზღვრის მეორე მხარესაც შევა?

პეტერ სემნები: ეს ნამდვილად არის მათი მანდატის ნაწილი. ვიმედოვნებ და მჯერა, საბოლოოდ ყველასთვის ნათელი გახდება, რომ ევროკავშირის მეთვალყურეებს პოტენციურად ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. საზღვრის ორივე მხარეს მათ ყოფნას ნდობის აღდგენის საქმეში ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს.

რადიო „თავისუფლება“: მინდა პერევის თემას შევეხო. მას შემდეგ, რაც ოქტომბერში რუსეთის ბლოკ-საგუშაგო აიღეს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა – „მოუთმენლად ველი შემდგომ პროგრესს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრულად განხორციელებაში“ – რა არის ეს, უბრალოდ, „მოუთმენლად“ ლოდინის პოზიცია, თუ ამას რეალისტური საფუძველი აქვს?

პეტერ სემნები: შეთანხმების სრულად შესრულება ნამდვილად არ გულისხმობს მხოლოდ პერევიდან გასვლას. პერევს ბოლო ორი წლის მანძილზე დიდი ყურადღება ეთმობოდა, თუმცა არავის უნდა დაავიწყდეს, რომ პერევი მთლიანი სურათის ძალიან პატარა ნაწილია.

რადიო „თავისუფლება“: იყო, თუ არა, ეს რაიმე მოლაპარაკების შედეგი. შეასრულა, თუ არა, რაიმე როლი ევროკავშირმა ამ ბლოკ-საგუშაგოს გაუქმებაში?

პეტერ სემნები: ეს საკითხი არაერთხელ დაისვა სხვადასხვა დროსა და დონეზე რუსებთან შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ. ევროკავშირმა მის გადაჭრაში ნამდვილად გადამწყვეტი როლი შეასრულა.

რადიო „თავისუფლება“: ახლა, რაც ეხება პოლიტიკურ ვითარებას საქართველოში. რა პროცესებს ექცევა დღეს ყველაზე დიდი ყურადღება ევროკავშირის მხრიდან?

პეტერ სემნები:
პერიოდი მომავალ არჩევნებამდე და თავად შემდეგი არჩევნებიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. კონსტიტუციაში ცვლილებები შეეხო ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების ბალანსის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს. გარდა ამისა, ევროსაბჭოსა და ეუთოს რეკომენდაციით (ჩვენი შეფასებებიც მათ მონაცემებს ეფუძნება ხოლმე), ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მოსაგვარებელი რჩება, საარჩევნო კანონმდებლობის შემდგომი რეფორმაა. კერძოდ, მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ყოველ ხმას ჰქონდეს თანაბარი წონა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია. მოხარული ვარ, რომ არის ინიციატივა ოპოზიციისგან და პარლამენტის თავმჯდომარისგანაც, ადრეულ ეტაპზევე განიხილონ ეს საკითხები. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? საბოლოოდ, ქართულ დემოკრატიას წაადგება, თუკი თამაშის წესები და პროცედურები განიხილება კარგა ხნით ადრე არჩევნებამდე. ასე რომ, ვიმედოვნებ, პროცესი დაიწყება და საკმაოდ მალე მოიტანს შედეგებს. მოხარული ვარ, რომ პოლიტიკური ვითარება საქართველოში დღეს საკმაოდ სტაბილურია და მსგავსი საკითხების განსახილველად შედარებით კეთილგანწყობილი გარემოა, განსაკუთრებით, თუკი შევადარებ სხვადასხვა რთულ და კრიზისულ ვითარებას, რომელშიც ბოლო ორი-სამი წლის მანძილზე აღმოვჩნდი ჩართული.

რადიო „თავისუფლება“: რას იტყვით თქვენი პოსტის შესახებ – იყო ინფორმაცია, რომ მოსალოდნელია ცვლილება, სამხრეთ კავკასიაში საგანგებო წარმომადგენლის თანამდებობის გაუქმების შესაძლებლობაზეც კი ითქვა...

პეტერ სემნები: იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირი ახლა ქმნის ახალ, ერთიან საგარეო მოქმედების სამსახურს, როგორც მას უწოდებენ, და ეს სინამდვილეში ნიშნავს დიპლომატიურ სამსახურს, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გვაქვს საგარეო ურთიერთობების გასაძღოლად, რა თქმა უნდა, იქნება გადახედილი. ზუსტად არ ვიცი, რით დასრულდება ეს პროცესი. ამას ვნახავთ რამდენიმე თვეში ან მომავალი ერთი წლის მანძილზე. დარწმუნებით კი იმის თქმა შემიძლია, რომ ევროკავშირი ნამდვილად დიდ ყურადღებას დაუთმობს საქართველოს და სამხრეთ კავკასიას მთლიანად.
XS
SM
MD
LG