Accessibility links

logo-print

ვოლებეკი ცხინვალსა და ახალგორში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა


ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკი

ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკი

ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვოლებეკს ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მდგომარეობა და მათი უფლებები აინტერესებდა. ოსური მედიის ინფორმაციით, იგი ცხინვალში კოკოითის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც ცნობილია, დე ფაქტო ხელისუფლება ამ ორგანიზაციის მიმართ აგვისტოს მოვლენების შემდეგ ნეგატიურად არის განწყობილი. ომის შემდგომ ეუთო დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღარ მუშაობს. კოკოითის ხელისუფლებამ ის არაერთხელ დაადანაშაულა ტენდენციურობასა და ომის შესახებ არაობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურად ჯიოევმა აღნიშნა, ბევრი გადაუჭრელი საკითხის მიუხედავად, გამორიცხული არ არის, რომ ეუთო სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი მუშაობის შესაძლებლობას განიხილავს. ოსური მხარე ეუთოს ცხინვალში დაშვებას მხოლოდ საქართველოს გვერდის ავლით დათანხმდება. ვოლებეკმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ როგორც უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში, ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს და მას ექნება შესაძლებლობა იმ სახელმწიფო წარმონაქმნებთანაც იმუშაოს, რომლებსაც ეუთოს წევრი ქვეყნები სუვერენულ სახელმწიფოებად არ აღიარებენ.

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ვოლებეკი ცხინვალსა და ახალგორში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა. იგი დაინტერესდა, რამდენი ქართველი ცხოვრობს ამჟამად ცხინვალში და აქვთ თუ არა მათ შვილებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალება. აღსანიშნავია, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში არც ერთი ქართული სკოლა აღარ არსებობს, არადა იქ ჯერ კიდევ რჩებიან ეთნიკური ქართველები, ძირითადად, შერეული ოჯახების წევრები, მაგრამ მათთვის მშობლიური ენის შესწავლა შეუძლებელია, რადგან ქართულის შემსწავლელი პატარა სექციაც კი არ ფუნქციონირებს ცხინვალში. 90-იანი წლების კონფლიქტამდე კი ამ ქალაქში არაერთი ქართული სკოლა არსებობდა.

იმ დროს, როცა ვოლებეკი ცხინვალში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს ხვდებოდა, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში მისი ორგანიზაციის კრიტიკა ისმოდა. ოსური მედიის ცნობით, პარლამენტის დეპუტატმა ამირან დიაკონოვმა კოკოითის ხელისუფლებისგან ეუთოსთან კონტაქტების შემცირება მოითხოვა. მისი აზრით, ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ვიზიტები სამხრეთ ოსეთში უკანონოა, რადგან ეუთომ და საქართველომ დაგომისის ხელშეკრულების დენონსაცია მოახდინეს, რომლის მიხედვითაც განსაზღვრული იყო ცხინვალში ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ყოფნა. დიაკონოვს მხარი სხვა დეპუტატებმაც დაუჭირეს, მათ წინადადებებს კი უახლოეს მომავალში ედუარდ კოკოითის გადაუგზავნიან.

ვოლებეკი დღის ბოლოს ახალგორში ჩავიდა და იქ მცხოვრები ქართველების პრობლემები მოისმინა. შეხვედრა დაბის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა. როგორც ახალგორელებმა რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში აღნიშნეს, სტუმარი დაბას ლენინგორის სახელით მოიხსენიებდა. ახალგორელებმა მას ის პრობლემები გააცნეს, რომლებსაც ხვდებიან როგორც დე ფაქტო, ისე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ახალგორში არ არის ნორმალური სამედიცინო დაწესებულება. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის, თამარ მეარაყიშვილის თქმით, დაბაში დარჩენილი ქართველების შიში, პირველ რიგში, ოსების მხრიდან ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობას უკავშირდება.

ვოლებეკმა ახალგორელებს სხვადასხვა პროექტის მომზადება სთხოვა, მაგალითად, მას სურს, ახალგორელი ბავშვებისგან მიიღოს პატარა მოთხრობები და ნახატები, რომლებშიც მათი თვალით დანახული მშვიდობა და სხვა ერის წარმომადგენლებთან თანაცხოვრების შესაძლებლობა იქნება ასახული. ახალგორელებმა ვოლებეკს საქართველოს ხელისუფლებასთანაც სთხოვეს შუამდგომლობა სხვადასხვა პროექტებში მათი ჩართვის თაობაზე.

ახალგორში ვოლებეკის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე დაბის რუსულ სკოლაში ქართული ენის სწავლება გააუქმეს. თამარ მეარაყიშვილმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ენის შემსწავლელი ჯგუფის გახსნა გადაწყვიტა, მაგრამ წინააღმდეგობას შეხვდა.

ვოლებეკი ცხინვალში რუსეთიდან ჩავიდა და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ახალგორიდან გადმოვიდა. იგი დღეს მთავრობის წარმომადგენლებს ხვდება, რომლებსაც ახალგორელების დანაბარებს გადასცემს. დაბაში კი, პირველ რიგში, სოციალური და ყოფითი პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG